Baby Bag

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი ბავშვისთვის... ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - პედიატრი ქეთი ნემსაძე

პედიატრმა ქეთი ნემსაძემ ბავშვების გასაღვიძებლად მაღვიძარას გამოყენების მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაღვიძარა ბავშვისთვის სტრესია:

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი. მე პიროვნულად იმის წინააღმდეგიც ვარ, როდესაც ბავშვებს ენურეზი აქვთ და თითოეულ წვეთზე იწყება ზარის ჩართვა, რაც ბავშვს აღვიძებს. ეს არ არის დადებითი სიგნალი ბავშვისთვის. ჩვენ როდესაც სტრესზე ვსაუბრობთ, ღმერთმა დაგვიფაროს, განვაცხადოთ, რომ ბავშვმა სტრესი არ უნდა მიიღოს. პოზიტიური სტრესი კარგია. პოზიტიური სტრესი არის, მაგალითად, დილას, როდესაც დედა მოეხვევა ბავშვს, აკოცებს და ეტყვის: „ჩვენი ადგომის დროა.“ რასაკვირველია, მნიშვნელობა აქვს ასაკს.

ის ხმიანობა, რაც ჩართულია მაღვიძარაში, ეს შეხსენება მშობელს თვითონს სჭირდება. მას შეუძლია თვითონ დაიდგას მაღვიძარა, შემდეგ შევიდეს და სხვა მეთოდით, მოფერებით გააღვიძოს ბავშვი. ბავშვისთვის გაღვიძება სტრესია. სტრესის დროს გამოიყოფა სტრესული ჰორმონები, კორტიზოლი. მოფერება ამ სტრესს დაწევს. ეს უნდა გახდეს გაღვიძების მეთოდი. ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ქეთი ნემსაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ზურგზე წოლა არ იწვევს თავის გაბრტყელებას, ეს არის მითი,“ - პედიატრი ია გოგებაშვილი

„ზურგზე წოლა არ იწვევს თავის გაბრტყელებას, ეს არის მითი,“ - პედიატრი ია გოგებაშვილი

პედიატრმა ია გოგებაშვილმა ბავშვის წოლისა და ძილის სწორი პოზიციების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მუცელზე წოლა აღარ მიიჩნევა ჩვილისთვის უსაფრთხო პოზად:

​როგორია წოლის და ძილის სწორი პოზიცირება? იყო დრო, როდესაც ამერიკის გავლენით სწორი იყო ცალკე ოთახში მუცელზე წოლა. ეს ჩვენ ავიტაცეთ, მოგვეწონა. დადგა დრო, როდესაც ამ მიდგომაზე თქვეს უარი. არსებობს ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომი. სამწუხაროდ, საქართველოში სტატისტიკა არ არის, შესაძლოა, საბედნიეროდაც. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ შემთხვევები არ გვაქვს.“

ია გოგებაშვილმა ის მიზეზები ჩამოთვალა, რომლებიც ჩვილთა უეცარი სიკვდილის ყველაზე ხშირი გამომწვევია:

„ამერიკაში, როდესაც მრავალი კვლევის შედეგად გამოიძიეს ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის მიზეზები, დადგინდა, რომ ერთ-ერთი მიზეზი იყო მუცელზე წოლა. მიზეზებს შორის იყო ცალკე ოთახში წოლა. მესამე მიზეზი კი იყო გადახურება ძილის დროს, როდესაც ბავშვები ძალიან იყვნენ ჩათბუნებულები. მიზეზთა შორის იყო დასახელებული მწეველი მშობლებიც.“

​მუცელზე წოლა ასოცირებულია ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომთან. შევთანხმდით, რომ ზურგზე წოლა არის ძილის საუკეთესო პოზიცია, აუცილებლად დედ-მამის ახლოს. ბავშვი, შესაძლოა, იწვეს საკუთარ საწოლში, მაგრამ არა საკუთარ ოთახში და განცალკევებით. თავის ფორმაც რაც შეეხება, ზურგზე წოლა არ იწვევს თავის გაბრტყელებას. ეს არის მითი. თავის ფორმის შეცვლას აქვს მიზეზი. ეს არის მინერალური ცვლის დარღვევა, კალცის ცვლის მოშლა. პირველი ნიშანი არის ჭარბი ოფლიანობა. ბავშვი იძულებულია მოიქავოს თავის მოძრაობით. ვიდრე თავის ფორმა შეიცვლება, სწორედ ამიტომ არის სიმელოტე,“ - აღნიშნულ საკითხებზე ია გოგებაშვილმა ტელეკომპანია GDS-ის გადაცემაში „შუადღე GDS“ ისაუბრა.

წყარო: ​„შუადღე GDS”

წაიკითხეთ სრულად