Baby Bag

„გაჩერებულ მანქანაში არც ბავშვის, არც ხანდაზმულის დატოვება არ შეიძლება,“- პედიატრი რუსუდან ჯაში

პედიატრმა რუსუდან ჯაშმა მშობლებს მოუწოდა, არასდროს დატოვონ ბავშვები ან ხანდაზმულები გაჩერებულ მანქანაში:

„მინდა, გაითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ძალიან ხშირია. როდესაც მშობლებს მიჰყავთ ბავშვები და ერთად მიდიან მანქანით სადღაც, მაღაზიასთან ან სხვა დაწესებულებასთან გააჩერებენ და მანქანაში ტოვებენ ბავშვებს ან თუნდაც ხანდაზმულებს. ეს არის კატასტროფულად საშიში მდგომარეობა. გამორთულ, გაჩერებულ მანქანაში ტემპერატურა ორჯერ უფრო მატულობს და ხანდაზმულებისთვის სასიცოცხლოდ საშიშია მანქანაში დატოვება. სულ ერთია, ფანჯარა ღიაა თუ დახურული. ღია ფანჯარა უარესია კიდევ.

გაჩერებულ მანქანაში არც ბავშვის, არც ხანდაზმულის დატოვება არ შეიძლება, უმჯობესია გადაიყვანოთ. ჩვენთან უკვე ყველა მაღაზია კონდიცირებულია. იქ უფრო გაგრილდება ბავშვი და უფრო ნორმალურად იგრძნობს თავს, ვიდრე მანქანაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი არ აქცევს ამას ყურადღებას და პირიქით, ჰგონია, რომ უკეთესია ეს მათთვის, ვინც დატოვა მანქანაში, არ შეაწუხა და არ გადაიყვანა. მანქანაში არ დატოვოთ არავინ. ძალიან საშიშია გაჩერებულ მანქანაში სიცხის დროს ყოფნა,“- მოცემულ საკითხზე რუსუდან ჯაშმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„გადაჭარბებული ქება ბავშვის განვითარებაზე პოზიტიურად არ მოქმედებს,“- ფსიქოლოგი ანა მიქიაშვილი

„გადაჭარბებული ქება ბავშვის განვითარებაზე პოზიტიურად არ მოქმედებს,“- ფსიქოლოგი ანა მიქიაშვილი

ფსიქოლოგმა ანა მიქიაშვილმა ბავშვის შექების ფსიქოლოგიურ მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„შექებას ფსიქოლოგიური თვალსაზრისით აქვს ორი მიზანი. ერთია, რომ ბავშვმა იგრძნოს, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბავშვის ყოფითი ქმედებები და ამჩნევს ამას. შექებით ბავშვი იღებს უკუკავშირს, რომ მშობელმა შეამჩნია მისი ქმედება. მეორე ნაწილი არის, რომ შექებით მშობელი დაეხმაროს ბავშვს, რათა მან შეამჩნიოს თავისი განვითარების რაღაც ნაბიჯები. შექების დანიშნულება არის, რომ გარეგანი შეფასება, რომელსაც ბავშვი ადრეულ ასაკში მშობლისგან იღებს, გადაიქცეს შინაგან ხმად.“

ანა მიქიაშვილის თქმით, ბავშვზე გადაჭარბებული ქება დადებითად არ მოქმედებს:

​გადაჭარბებული ქება არ მოქმედებს პოზიტიურად ბავშვის განვითარებაზე. ყველა ბავშვი ამჩნევს, რომ ქება გადაჭარბებულია. მათ პროტესტი უჩნდებათ: „რატომ მეუბნებიან ამას? მე ხომ ეს ასე კარგად არ გამიკეთებია?“ ბავშვს კიდევ უფრო უძლიერდება შფოთვა, რომ რაღაცას გულწრფელად არ ეუბნებიან.“

„რასაც არ უნდა ვეუბნებოდეთ ბავშვს, მნიშვნელოვანია, რომ იგრძნობოდეს გულწრფელობა. ბავშვებს ემოციური ინტელექტი კარგად აქვთ განვითარებული და გრძნობენ, როდესაც რაღაც ისეთი გულწრფელი არ არის. ჯანსაღი შექებისა და უკუკავშირისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ამ უკუკავშირს მხოლოდ ბავშვის მიმართ კი არ გავცემდეთ, არამედ ოჯახის წევრებიც ერთმანეთს აქებდნენ, ან საკუთარ თავსაც აქებდნენ. მშობლები ერთმანეთთან აღნიშნავდნენ და ულოცავდნენ ერთმანეთს და საკუთარ თავს. ზოგჯერ სიტყვებზე უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ გავუღიმოთ ბავშვს, ჩავეხუტოთ, ხელი გადავუსვათ. გამოვხატოთ, რომ ჩვენ გვსიამოვნებს ის, რასაც ვუყურებთ. ბავშვები ამას აღიქვამენ და კარგად იჭერენ,“ - აღნიშნა ანა მიქიაშვილმა.

წყარო:​ „აზროვნების აკადემია“

წაიკითხეთ სრულად