Baby Bag

„​ყველაფერში ზომაა საჭირო, მაგრამ როდესაც მოფერებასა და სიყვარულის გამოხატვაზე ვლაპარაკობთ, აქ ზომა არ არის, რაც მეტი - მით უკეთესი“ - ყარამან ფაღავა

„​ყველაფერში ზომაა საჭირო, მაგრამ როდესაც მოფერებასა და სიყვარულის გამოხატვაზე ვლაპარაკობთ, აქ ზომა არ არის, რაც მეტი - მით უკეთესი“ - ყარამან ფაღავა
როგორ ცვლის სითბო და ალერსი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას? - ამ თემაზე პედიატრმა, თსსუს პროფესორმა ყარამან ფაღავამ ისაუბრა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“.

„დღეს უკვე დადგენილია, რომ სიხარულს და მასთან დაკავშირებულ სიამოვნების ჰორმონებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვთ ჯანმრთელობის განვითარებაში. მეტსაც ვიტყოდი, არამარტო ბავშვებში, მოზრდილებში, დიდებში და ნაყოფის შემთხვევაშიც კი. როდესაც ნაყოფს ეფერება დედა თუ მამა, დადებითი ემოციები ვითარდება და ნაყოფი უფრო წყნარი, მშვიდი და ბედნიერია. ყველას უნდა, რომ შვილი ჰყავდეს გონიერი, სახიერი, გულადი, მამაცი, კდემამოსილი. ამ ყველაფრის საფუძველი ჯანმრთელობაა.

თითქოს ყველაფერში ზომაა საჭირო, მაგრამ როდესაც ბავშვის მოფერებასა და სიყვარულის გამოხატვაზე ვლაპარაკობთ, აქ ზომა არ არის, რაც მეტი - მით უკეთესი. ოღონდ მე ხშირად ვიმეორებ, მოფერება, ალერსი, სიყვარულის გამოხატვა არ ნიშნავს ყველაფრის ნების მიცემას. უნდა უთხრა: შვილო, შენზე უფრო ახლობელი არავინ არ მყავს, მაგრამ ეს არ შეიძლება. ისე კი, მოვეფეროთ მაქსიმალურად. სპეციალური ქიმიური სუბსტანციები არის, სიამოვნების ჰორმონებია: დოფამინი, სეროტონინი, ენდორფინები და თქვენ წარმოიდგინეთ, გარკვეულწილად ადრენალინიც. რომ ამბობენ, ადრენალინი აკლიაო, ეს ძალიან ფიზიოლოგიური ამბავია. იმისათვის, რომ ბედნიერი იყოს, ეს სჭირდება ყველას არა, მაგრამ ზოგიერთს კი. ბავშვთა ასაკში ნაკლებად, უკვე მოზარდებში კი სექსუალური ჰორმონების, ანუ ანდროგენები და ესტროგენები. თუ ამათი პროპორცია მაღალია, იცით როგორ არის, გოგონა რომელიც სიყვარულით არის გარშემორტყმული, ოჯახში, ამხანაგებში განათებული, გაბრწყინებულია, როდესაც გრძნობს, რომ ვიღასაც უყვარს, კიდევ უფრო ლამაზი ხდება. მახსოვს ჩემი ერთი პაციენტი, 5 თუ 6 წლის იყო, მამამისმა მითხრა, ბავშვმა თქვა, მიხარია, რომ დედამიწაზე დავბაჯბაჯებო. 

ერთი მომენტი არის კიდევ, დალოცვაში (როდესაც ვლოცავთ ბავშვს), ცოტა ორაზროვანი გამოთქმა არის. კონსტანტინე გამსახურდია ამბობდა, მე დავიბადე მსოფლიოში უმცირესი მდინარის, ზანას ნაპირასო, ვსწავლობდი სხვადასხვა უნივერსიტეტშიო და მთელი ჩემი ცხოვრება ვეჯიბრებოდი ამერიკელებს, რუსებს, გერმანელებს, ებრაელებსო. შენ, ჰეი, მსოფლიოში უმცირესი მდინარის ნაპირას დაბადებულოო, არ დაგჩაგრონო დიდი მდინარეების პირას დაბადებულებმაო. ამაში რა არ მომწონს იცით, ცოტათი არასრულფასოვნების კომპლექსი არის. მაგრამ იყოს ეს პატარა არასრულფასოვნების კომპლექსი, თუ ეს მისცემს შესაძლებლობას ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენს ბავშვებს, თავიანთი თავის რეალიზაცია მაქსიმალურად მოახდინონ. შესანიშნავი ფილმია, „ღვინის ქურდები“, გივი ბერიკაშვილის პერსონაჟი რომ ამბობს, ჩემი აზრით, ამ ცხოვრების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ამ წიწილასგან არწივი გაიზარდოსო. ამიტომაც ჩვენი ამოცანა, პედიატრების, პედაგოგების, საზოგადოების ის არის, რომ ახალი თაობა უფრო ბედნიერი იყოს, სიხარულით აღსავსე და თავიანთი რეალიზაცია შეძლონ,“ - ამ თემაზე პედიატრმა ყარამან ფაღავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს,“ - ნანა ჩაჩუას რეკომენდაცია მშობლებს

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ დედებს ურჩია, შვილებს განსაკუთრებული სიტყვებით მოეფერონ და მოესიყვარულონ, რათა ბავშვებს სილამაზის, მშვენიერების, სისავსის განცდა ჩაუნერგონ და სიტყვების მარაგიც შეუვსონ:

„ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ველაპარაკებით ბავშვებს ოჯახურ გარემოში, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ არ ესმით, არ იციან ამ სიტყვების მნიშვნელობა. ჩემს შვილიშვილებს და შვილთაშვილსაც, როდესაც მე ვეფერებოდი, მივმართავდი, საალერსო სიტყვებს ვეუბნებოდი, სულ მაგონდებოდა გიორგი ლეონიძის მოგონებები, თუ როგორ ელაპარაკებოდა მას დედა.

დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს. ჩემი სიტყვები ასეთია, ჩემს შვილთაშვილს და შვილიშვილებს ასე ვეფერებოდი: „შენ ხარ ჩემი გაზაფხულის მახარობელი ია და ენძელა, დილის ცვარ-ნამით დანამული ვარდის კოკორი...“ რომ დავიწყებდი ამას: „დილის ცვარ-ნამით დანამული...“ თვითონ დაასრულებდა: „ვარდის კოკორი.“ „მორაკრაკე ნაკადული, თურაშაულის ვაშლი...“ ეს ყველაფერი მასში ილექება. მასში შედის ეს ყველაფერი: სიტყვების მარაგი, სილამაზე, მშვენიერება, სისავსე. ყველას მინდა ვურჩიო წაიკითხონ გიორგი ლეონიძის წიგნი, სადაც მას აქვს ჩამოწერილი, რა სიტყვებით მიმართავდა დედებს,“- მოცემულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

წაიკითხეთ სრულად