Baby Bag

ეკრანზე დამოკიდებულება ბავშვის განვითარებას განსაკუთრებით ადრეულ ასაკში აფერხებს

ეკრანზე დამოკიდებულება ბავშვის განვითარებას განსაკუთრებით ადრეულ ასაკში აფერხებს
როგორ უნდა მოვიქცეთ, სანამ ბავშვი ეკრანდამოკიდებული გახდება და რა ზიანს აყენებს მათ გონებრივ განვითარებას ეკრანი? - აღნიშნულ თემებზე MomsEdu.ge-ს ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი მარი ჯოხარიძე ესაუბრა.

- ეკრანდამოკიდებულება ბავშვებში ძალიან დიდი პრობლემაა. რა სიმპტომები ახასიათებს ეკრანდამოკიდებულ ბავშვს და როგორია მისი ქცევა?

- ეკრანდამოკიდებული ბავშვები პასიურები არიან, არ იჩენენ ინტერესს სხვა აქტივობების მიმართ. ხშირად ვხდებით პრობლემებს ქცევაშიც, როცა მშობელი ეკრანს მოაშორებს ბავშვს, აწყობენ ტანტრუმს და ასე ცდილობენ გაჯეტების დაბრუნებას, ძირითად შემთხვევაში იღებენ კიდეც მათთვის სასურველ შედეგს.

- როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რა საზღვრები უნდა დაუწესოს ბავშვს?

- საზღვრების დაწესება აუცილებელია, თუმცა ეს საზღვრებიც დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე, განვითარების საფეხურზე. 3 წლამდე ასაკის ბავშვები სასურველია, საერთოდ მოვარიდოთ ეკრანს, მაგრამ რადგან დღევანდელ რეალობაში ეს ძალიან რთულად შესასრულებელია, რეკომენდაციაა, რომ ეკრანთან გატარებული დრო არ უნდა აღემატებოდეს ნახევარ საათს. ადრეულ ასაკში ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. დრო შეიძლება გადანაწილებული გვქონდეს, მაგალითად, თუ ექვსი წლის ბავშვს ვაძლევთ უფლებას, რომ დღის განმავლობაში ერთი საათი გაატაროს ეკრანთან, შეიძლება ეს ერთი საათი, ორ ან სამ ნაწილად გავყოთ. აუცილებლად უნდა აკონტროლოს მშობელმა, რას უყურებს ბავშვი, რა ინფორმაციას მიიღებს, რას აითვისებს. ბევრი სასარგებლო რამეც შეიძლება ისწავლოს ბავშვმა ეკრანიდან თუ საზღვრებს დავუწესებთ და ყურადღებით შევურჩევთ, რას უყუროს.

- როგორ ავარიდოთ ბავშვი ეკრანდამოკიდებულებას, რომ არც მისი ფსიქიკა დააზიანოს და თან პრობლემაც აღმოიფხვრას? (ფაქტია, რომ გაჯეტების სრულად აკრძალვა დღევანდელ რეალობაში არ გამოდის)

- ბავშვს უნდა შევთავაზოთ რაც შეიძლება მეტი საინტერესო, გასართობი აქტივობა და წავახალისოთ მისი ინტერესები. პატარა ჩართული უნდა იყოს ოჯახის საქმიანობაში, რუტინაში და მისი მოქმედებები აუცილებლად უნდა იყოს წახალისებული.

- რამდენად აფერხებს ბავშვის გონებრივ განვითარებას ეკრანზე მიჯაჭვულობა?

- ეკრანზე დამოკიდებულება ბავშვის განვითარებას განსაკუთრებით აფეხებს ადრეულ ასაკში. ბავშვი ვითარდება მაშინ, როცა იკვლევს გარემოს, იღებს ახალ გამოცდილებებს, აკვირდება და შეისწავლის საგნებს, მაგალითად, შეხებით, ყნოსვით. ეკრანთან კი ამის შესაძლებლობა არ აქვს. გაჯეტებთან დიდი დროის გატარება განსაკუთრებით უშლის ხელს სოციალური უნარების განვითარებას.

- უკვე ეკრანდამოკიდებულ ბავშვთან რა რაციონალური ნაბიჯები უნდა გადადგას მშობელმა, უნდა მიმართოს თუ არა სპეციალისტს და თავად რისი გაკეთება შეუძლია?

- მშობელმა უნდა დააწესოს საზღვრები, მოიფიქროს, დაგეგმოს, რა აქტივობებით დაკავდება ბავშვი დღის განმავლობაში. აქტივობები უნდა იყოს ბავშვის ინტერესებს და შესაძლებლობს მორგებული. ეკრანი გამოიყენოს, როგორც ჯილდო. ბავშვი ჯერ დაკავდეს მშობლის მიერ შეთავაზებული აქტივობით და შემდეგ მიიღოს გაჯეტი განსაზღვრული დროით. მაგალითად, „ჯერ დავხატოთ და შემდეგ მიიღებ ტელეფონს 10 წუთით“. რთულია ერთი რეკომენდაცია მოარგო ყველა შემთხვევას, ყველაფერი დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე, განვითარების საფეხურზე, ოჯახის ცხოვრების წესზე. თუ მშობელი ხვდება, რომ დამოუკიდებლად ვერ უმკლავდება და უჭირს ბავშვის ქცევის მართვა, უნდა მიმართოს სპეციალისტს, ასე მიიღებს არა ზოგად, არამედ კონკრეტულ შემთხვევაზე მორგებულ რეკომენდაციებს.

ესაუბრა მარიამ ჩოქური 

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ შევუმციროთ შვილებს ეკრანთან გატარებული დრო - 6 ხერხი

როგორ შევუმციროთ შვილებს ეკრანთან გატარებული დრო - 6 ხერხი

თანამედროვე სამყაროში ელექტრონული მოწყობილობების გარეშე წარმოუდგენელია ცხოვრება. დიდებთან ერთად პატარებიც აქტიურად გამოიყენებენ ტელეფონებს, კომპიუტერებს და სხვა სახის ელექტრონულ მოწყობილობებს. ისინი ფაქტობრივად მიჯაჭვულები არიან ეკრანს. 

წარმოუდგენელია, რომ შვილებს ეკრანის ყურება საერთოდ ავუკრძალოთ, უბრალოდ შეგვიძლია შევამციროთ გაჯეტებთან გატარებული დრო. როგორ?

წარმოგიდგენთ 6 ხერხს, თუ როგორ შეიძლება შევამციროთ შვილების ეკრანთან გატარებული დრო. 

1 ხერხი:

შექმენით სახლში სივრცეები, სადაც ელექტრო მოწყობილობების გამოყენება აკრძალული იქნება. მაგალითად, დასაწყისისთვის აუხსენით მათ, რომ საუზმის, სადილის ან ვახშმის დროს  არ გამოიყენონ ტელეფონები. 

2 ხერხი:

იყავით ინფორმირებული თუ რა სახის ვიდეოებს უყურებს თქვენი შვილი.

3 ხერხი:

ბავშვები ხშირად ბაძავენ დიდებს. ამიტომ იყავით მათთვის მაგალითი და თავადაც შეიზღუდეთ ეკრანთან გასატარებელი დრო. ეს თქვენი შვილებითვისაც კარგია და რა თქმა უნდა, თქვენთვისაც. 

4 ხერხი:

როცა ბავშვი მისთვის სახიფათო სიტუაციაშია, მაგალითად დანას ჰკიდებს ხელს, ან ცხელ ნივთს უახლოვდება და ა.შ ვაფრთხილებთ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, ასევე ანალოგიურად მოიქეცით. აუხსენით მათ თუ რა მავნე ზეგავლენის მოხდება შეუძლია დიდი ხნით ეკრანის ყურებას. 

5 ხერხი:

დაუწესეთ დრო, თუ რამდენი ხანი შეუძლიათ მათ ელექტონული მოწყობილობის გამოყენება. მაგალითად, უთხარით, რომ მხოლოდ 20 წუთით შეუძლია ეკრანთან დროის გატარება. 

6 ხერხი:

არ დაუდგათ ტელევიზორი, კომპიუტერი პატარას საძინებელ ოთახში. თუ თქვენი შვილი სკოლის მოსწავლეა და კომპიუტერი საინტერესო მასალის მოსაძიებლად სჭირდება, მხოლოდ დავალების შესრულების დროს დართეთ ნება, რომ გამოიყენოს. ძილის წინ კი სთხოვეთ, რომ კომპიუტერი საძინებელი ოთახიდან გამოიტანოს. 

მომზადებულია moms.com-ის ​მიხედვით

წაიკითხეთ სრულად