Baby Bag

3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ...

3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ...

38 წლის ქეთი აბდულაევა თბილისიდან არის და 5 წლის შვილს მარტო ზრდის. წაიკითხეთ მისი ისტორია, რომელსაც თავად ჰყვება

„3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ. მანამდე ჩემი შვილის მამა იდგა, მაგრამ ახლა „ჩაჯდა“ და მე გამოვედი მის მაგივრად. აქაურებმაც კარგად მიმიღეს და მუშაობის შესაძლებლობა მომცეს. სულ სვამდა და მერე აგრესიული ხდებოდა, ამტვრევდა ყველაფერს, რამდენჯერმე ჩემზეც კი გამოიწია. ბოლოს დააკევეს და ახლა იხდის სასჯელს.

აქამდე არ ვიცოდი სად მემუშავა, კი ვეძებდი სამსახურს, მაგრამ ვერ ვშოულობდი. 5 წლის შვილი მყავს და იმდენი რამე მჭირდება, ქირაც გადასახადია. ჩემს ქმარს არაფერი შემოჰქონდა სახლში. რასაც შოულობდა, ყველაფერს სასმელში ხარჯავდა. მისი დაკავების მერე ვიფიქრე, რა მოხდებოდა მეც მემუშავა კაცის ადგილზე, რადგან ქალის სამუშაო ადგილი ვერ ვიპოვე. იმ ფაქტმაც გამათამამა, რომ ხშირად ვხედავ ავტობუსებზე ქალ მძღოლებს. რაც უფრო მეტნი ვიქნებით, ერთმანეთს მივცემთ მაგალითს და მეტი შესაძლებლობები გვექნება.

აქ, პეკინზე ყველაზე მეტი მუშაობა 2-დან 9 საათამდეა. ამ დროს შვილი ბაღშია და მერე დაქალს გამოყავს. 9-მდე მასთანაა. დღეში 15 ლარამდე გამომდის, მაგრამ ეგეც საქმეა - ქირაში ვიხდი და საჭმელზე ძლივს გვყოფნის. მარტოხელა დედის სტატუსი მაქვს, განცხადებაც დავწერე შემწეობის მისაღებად, მაგრამ ჯერ არ დაუმტკიცებიათ. იმდენი, ვინმე უნდა შეაწუხო, დარეკო, განცხადებები წერო - ამისთვის ვერ მოვიცალე,“ - აღნიშნავს ქეთი აბდულაევა. 

შეიძლება დაინტერესდეთ

დედის რძე SARS-CoV-2-ის ანტისხეულებს შეიცავს - უახლესი კვლევები

დედის რძე SARS-CoV-2-ის ანტისხეულებს შეიცავს - უახლესი კვლევები

​​უახლესი კვლევებით დგინდება, რომ დედის რძე SARS-CoV-2-ის ანტისხეულებს შეიცავს. კორონავირუსისგან განკურნებული 15 მეძუძური დედის რძისგან აღებულ ნიმუშებში ანტისხეულები აღმოაჩინეს, რომლებიც კოვიდ-19-ის ცილისადმი რეაქტიულობას ავლენდნენ. დედის რძეში აღმოჩენილი ანტისხეულები, მეცნიერების აზრით, იმაზე მიანიშნებს, რომ, შესაძლოა, რძის დახმარებით დედებმა ჩვილებს იმუნიტეტი გადასცენ. „შეგიძლიათ თავი კომფორტულად იგრძნოთ, როდესაც ბავშვს ძუძუთი კვებავთ,“ - ასე დაამშვიდა კოვიდ-19-ით დაინფიცირებული დედები კალიფორნიის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგმა,

ეპიდემიოლოგი კრისტინა ჩემბერსი აცხადებს, რომ დედის რძე რამდენიმე მკვლევარმა გამოიკვლია და თითოეულმა მათგანმა მასში SARS-CoV-2-ის რნმ-ი აღმოაჩინა, თუმცა ცოცხალი ვირუსი არცერთ მკლევარს არ აღმოუჩენია.

​მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კოვიდ-19-ის ცილისადმი რეაქტიული ანტისხეულები განსაკუთრებით მაღალი იყო იმ ქალბატონების რძეში, რომლებსაც კოვიდ-19-ის სიმპტომები აღენიშნებოდათ, ხოლო იმ ქალბატონების რძეში, რომლებსაც კოვიდის სიმპტომატიკა არ ჰქონიათ, მსგავსი ანტისხეულები ნაკლებად აღმოჩნდა.

The Sientist-ში აღნიშნულია, რომ დედის რძეში შემავალი კოვიდ-19-ის ანტისხეულები არამხოლოდ ჩვილ ბავშვებს დაიცავს ვირუსით დაინფიცირებისგან, არამედ, შესაძლოა, ისინი კოვიდ-19-ის სამკურნალოდაც გამოიყენონ. ​დედის რძეში აღმოჩენილი ანტისხეულები გარკვეული თვალსაზრისით განსხვავდება სისხლში აღმოჩენილი ანტისხეულებისგან. დედის რძეში არსებული სეკრეტორული ანტისხეულები გაცილებით ხანგრძლივად ძლებს, ვიდრე სისხლში აღმოჩენილი ანტისხეულები, რაც შესაძლებლობას იძლევა, რომ ლაქტაციის პერიოდში რამდენიმე თვის განმავლობაში მოხდეს დონორი ქალბატონებისგან ანტისხეულების შეგროვება.

დედის რძეზე ჩატარებული კვლევებიდან არცერთს არ დაუდგენია, რამდენად შეუძლია მასში აღმოჩენილ ანტისხეულებს SARS-CoV2-ის ნეიტრალიზება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კვლევები მომავალშიც გაგრძელდება. კვლევების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ​დედის რძის პოტენციალი ამ მხრივ ძალიან დიდია და ადამიანებმა გარკვეული ტაბუების გადალახვა უნდა შეძლონ, ვიდრე ამის აღიარებამდე მივლენ.მეცნიერები აქტიურად განიხილავენ დედის რძიდან ანტისხეულების მოპოვების საკითხს, რომლებსაც სამომავლოდ კოვიდ-19-ის ინფექციის სამკურნალოდ გამოიყენებენ.

მომზადებულია ​the-scientist.com - ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად