Baby Bag

3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ...

3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ...

38 წლის ქეთი აბდულაევა თბილისიდან არის და 5 წლის შვილს მარტო ზრდის. წაიკითხეთ მისი ისტორია, რომელსაც თავად ჰყვება

„3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ. მანამდე ჩემი შვილის მამა იდგა, მაგრამ ახლა „ჩაჯდა“ და მე გამოვედი მის მაგივრად. აქაურებმაც კარგად მიმიღეს და მუშაობის შესაძლებლობა მომცეს. სულ სვამდა და მერე აგრესიული ხდებოდა, ამტვრევდა ყველაფერს, რამდენჯერმე ჩემზეც კი გამოიწია. ბოლოს დააკევეს და ახლა იხდის სასჯელს.

აქამდე არ ვიცოდი სად მემუშავა, კი ვეძებდი სამსახურს, მაგრამ ვერ ვშოულობდი. 5 წლის შვილი მყავს და იმდენი რამე მჭირდება, ქირაც გადასახადია. ჩემს ქმარს არაფერი შემოჰქონდა სახლში. რასაც შოულობდა, ყველაფერს სასმელში ხარჯავდა. მისი დაკავების მერე ვიფიქრე, რა მოხდებოდა მეც მემუშავა კაცის ადგილზე, რადგან ქალის სამუშაო ადგილი ვერ ვიპოვე. იმ ფაქტმაც გამათამამა, რომ ხშირად ვხედავ ავტობუსებზე ქალ მძღოლებს. რაც უფრო მეტნი ვიქნებით, ერთმანეთს მივცემთ მაგალითს და მეტი შესაძლებლობები გვექნება.

აქ, პეკინზე ყველაზე მეტი მუშაობა 2-დან 9 საათამდეა. ამ დროს შვილი ბაღშია და მერე დაქალს გამოყავს. 9-მდე მასთანაა. დღეში 15 ლარამდე გამომდის, მაგრამ ეგეც საქმეა - ქირაში ვიხდი და საჭმელზე ძლივს გვყოფნის. მარტოხელა დედის სტატუსი მაქვს, განცხადებაც დავწერე შემწეობის მისაღებად, მაგრამ ჯერ არ დაუმტკიცებიათ. იმდენი, ვინმე უნდა შეაწუხო, დარეკო, განცხადებები წერო - ამისთვის ვერ მოვიცალე,“ - აღნიშნავს ქეთი აბდულაევა. 

შეიძლება დაინტერესდეთ

დიაბეტის სამი მთავარი სიმპტომი ბავშვებში - ენდოკრინოლოგი ირაკლი ფაღავა

დიაბეტის სამი მთავარი სიმპტომი ბავშვებში - ენდოკრინოლოგი ირაკლი ფაღავა

ბავშვთა ​ენდოკრინოლოგი ირაკლი ფაღავა ბავშვებში შაქრიანი დიაბეტის გამოვლენის სიხშირისა და დაავადების სიმპტომების შესახებ საუბრობს:

„მთელს მსოფლიოში გაორმაგდა თვრამეტ წლამდე ასაკში დიაბეტის შემთხვევები. გაუარესებულია კვების ეკოლოგია. რას ჭამენ ჩვენი შვილები? კონსერვანტებით გაჯერებულ საკვებს. დღეისთვის საქართველოში 18 წლამდე ასაკის 750-770 მოზარდია დაავადებული დიაბეტით, საუბარი მაქვს აუტოიმუნურ შაქრიან დიაბეტზე. ყოველწლიურად დაახლოებით 100-110 ახალი შემთხვევაა, რაც ბევრია. სხვა ქვეყნებში უფრო ხშირია, მაგ. ფინეთში, სარდინიაში სიხშირე უფრო მაღალია. წყურვილი არ არის იმდენად მნიშვნელოვანი ​სიმპტომი დიაბეტის შემთხვევაში, უფრო მნიშვნელოვანია შარდვა. თუ ბევრ წყალს სვამს ბავშვი ზაფხულში, მოძრაობს, ოფლიანობს, ეს ნორმალურია. მთავარია, ბევრს არ შარდავდეს. თუ ბავშვი ბევრს შარდავს, განსაკუთრებით ღამე, არ არის გამორიცხული, რომ ბავშვს ჰქონდეს შაქრიანი დიაბეტი, აუტოიმუნური, ინსულინდამოკიდებული. რასაკვირველია, შესაძლოა, იყოს ბანალური საშარდე გზების ინფექციები. მთავარია, გამოვრიცხოთ ყველაზე რთული დაავადება. ამის გაგება ადვილია, იაფია. გლუკომეტრი ძალიან ბევრ ოჯახშია.“

ირაკლი ფაღავას განმარტებით, დიაბეტი ბავშვებში ​სამი მთავარი სიმპტომით ვლინდება:

„კლასიკური ტრიადაა: ბევრ წყალს სვამს, ბევრს შარდავს, წონაში იკლებს. ერთი მშობელიც არ მახსოვს, რომ მოსულიყოს და ეთქვას, ამდენ ლიტრას შარდავს ბავშვი. უბრალოდ ამბობენ, რომ ხშირად და ბევრს შარდავს. თუ ბავშვი ღამე დგება რამდენჯერმე, ეს ბევრია. თუ ჩვილია და ღამით ერთი საფენი არ ჰყოფნის, ესეც ბევრია. ბავშვი ღამე ერთხელ რომ წამოდგეს და მოშარდოს, თუ ამას აკეთებს წლების განმავლობაში, ეს არ არის პრობლემა. თუ ბავშვი ღამით საერთოდ არ დგებოდა ან დგებოდა მხოლოდ ერთხელ, ახლა კი სამჯერ ან ოთხჯერ დგება, მაშინ ეს უკვე გახშირებული შარდვაა. თუ ბავშვი ადრე არ დგებოდა ორჯერ და უკვე დგება, მაშინ უკვე სასურველია მისი შემოწმება. სისხლის საერთო ანალიზში დიაბეტი არ ჩანს. ცალკე უნდა შემოწმდეს გლუკოზა სისხლში. ეს საკმაოდ იაფი კვლევაა.“

ირაკლი ფაღავას თქმით, ბავშვებში ძალიან გახშირებულია დიაბეტი ტიპი 2-ის გამოვლენაც:

„შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, ინსულინდამოუკიდებელი, რომელიც ადრე უმეტესად ასაკოვან და ჭარბწონიან ადამიანებს ჰქონდათ, მოზარდებში ძალიან ხშირია და მათ 5-10 %-ს აქვს. შეგვიძლია ბავშვს ბინის პირობებში გლუკომეტრით გავუზომოთ შაქარი. მთავარია, ნემსის გამოცვლა არ დაგვავიწყდეს. შაქარი დილით უზმოზე უნდა შეამოწმოთ. დილით უზმოზე ქვედა და ზედა ზღვარი 60-დან 100-მდე არის ნორმა. 105 და 107-იც დიდს არაფერს ნიშნავს, მაგრამ თუ 200 ან 300-ია ეს სერიოზულია. თუ აშკარა სიმპტომებია, უზმოს ნუ დაელოდებით. ბავშვს შაქარი მალევე შეუმოწმეთ. დიაბეტის არასპეციფიური სიმპტომებია ​მუცლის და თავის ტკივილი​. ზოგს შეიძლება ჰქონდეს ეს, ზოგს კი - არა. მხოლოდ ამით ნუ ვიმსჯელებთ და მშობელსაც ნუ დავაშინებთ. ეს სიმპტომები ბავშვს სამ მთავარ სიმპტომთან ერთად უნდა ჰქონდეს.“

„ზუსტად რაღაცას რომ დავადოთ ხელი, ასე არ არის. ყველაზე გავრცელებული რისკ-ფაქტორია ვირუსული ინფექციები, ყველაზე ხშირად ასახელებენ ჩუტყვავილას, ყბაყურას. ინფექციის გადატანიდან 2-4 კვირაში ეწყებათ ხოლმე სიმპტომები. დიაბეტის გამომწვევ ერთ-ერთ რისკ-ფაქტორად ითვლება ხელოვნური საკვები ფორმულები. ​დედის რძეზე უკეთესი არაფერია ნამდვილად. გენეტიკური გავლენები არის, თუმცა ძალიან მცირედი. თუ თქვენს შვილს აქვს დიაბეტი, 5-10 %-ია იმის შანსი, რომ მის შვილებს ან დედმამიშვილს ექნება დიაბეტი,“ - აცხადებს ირაკლი ფაღავა.

წყარო: ​იმედის დღე

შეიძინე საბავშვო პროდუქტების ნაკრები ექსკლუზიურ ფასად ბმულზე 👉 https://www.facebook.com/babybag.momsedu.ge

R.


წაიკითხეთ სრულად