Baby Bag

3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ...

3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ...

38 წლის ქეთი აბდულაევა თბილისიდან არის და 5 წლის შვილს მარტო ზრდის. წაიკითხეთ მისი ისტორია, რომელსაც თავად ჰყვება

„3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ. მანამდე ჩემი შვილის მამა იდგა, მაგრამ ახლა „ჩაჯდა“ და მე გამოვედი მის მაგივრად. აქაურებმაც კარგად მიმიღეს და მუშაობის შესაძლებლობა მომცეს. სულ სვამდა და მერე აგრესიული ხდებოდა, ამტვრევდა ყველაფერს, რამდენჯერმე ჩემზეც კი გამოიწია. ბოლოს დააკევეს და ახლა იხდის სასჯელს.

აქამდე არ ვიცოდი სად მემუშავა, კი ვეძებდი სამსახურს, მაგრამ ვერ ვშოულობდი. 5 წლის შვილი მყავს და იმდენი რამე მჭირდება, ქირაც გადასახადია. ჩემს ქმარს არაფერი შემოჰქონდა სახლში. რასაც შოულობდა, ყველაფერს სასმელში ხარჯავდა. მისი დაკავების მერე ვიფიქრე, რა მოხდებოდა მეც მემუშავა კაცის ადგილზე, რადგან ქალის სამუშაო ადგილი ვერ ვიპოვე. იმ ფაქტმაც გამათამამა, რომ ხშირად ვხედავ ავტობუსებზე ქალ მძღოლებს. რაც უფრო მეტნი ვიქნებით, ერთმანეთს მივცემთ მაგალითს და მეტი შესაძლებლობები გვექნება.

აქ, პეკინზე ყველაზე მეტი მუშაობა 2-დან 9 საათამდეა. ამ დროს შვილი ბაღშია და მერე დაქალს გამოყავს. 9-მდე მასთანაა. დღეში 15 ლარამდე გამომდის, მაგრამ ეგეც საქმეა - ქირაში ვიხდი და საჭმელზე ძლივს გვყოფნის. მარტოხელა დედის სტატუსი მაქვს, განცხადებაც დავწერე შემწეობის მისაღებად, მაგრამ ჯერ არ დაუმტკიცებიათ. იმდენი, ვინმე უნდა შეაწუხო, დარეკო, განცხადებები წერო - ამისთვის ვერ მოვიცალე,“ - აღნიშნავს ქეთი აბდულაევა. 

შეიძლება დაინტერესდეთ

​რას ნიშნავს ბავშვისთვის ჩახუტება და რა ნეგატიური ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს პატარაზე მისმა ნაკლებობამ?

​რას ნიშნავს ბავშვისთვის ჩახუტება და რა ნეგატიური ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს პატარაზე მისმა ნაკლებობამ?

რას ნიშნავს ბავშვისთვის ჩახუტება და რა ნეგატიური ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს პატარაზე მისმა ნაკლებობამ? - ამ საკითხებზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ფსიქოლოგი ლელი ყიფიანი.

- ქალბატონო ლელი, რას ნიშნავს პატარებისთვის ჩახუტება?

- ადამიანები სამყაროს აღიქვამენ 5 გრძნობის ორგანოს მეშვეობით, როგორებიცაა: მხედველობა, სმენა, გემო, ტაქტილური შეხება და ყნოსვა. ფიზიკური შეხება წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს, რომელიც ხელს უწყობს გარე სამყაროსთან ურთიერთობას. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები საკუთარ მდგომარეობას სიტყვებით გადმოვცემთ, შეხებით ვაწვდით სხვა ადამიანებს ინფორმაციას საკუთარი ემოციებისა და განწყობის შესახებ. მუცლად ყოფნის პერიოდშიც კი ნაყოფს ესმის დედის ხმა და შეხებაზე რეაგირებს მოძრაობით. როდესაც არის ემოციური კონტაქტი, ბავშვი უფრო მშვიდი იბადება. რა თქმა უნდა, ბავშვისთვის მნიშვნელოვანია იმ საჭიროებების დაკმაყოფილება, როგორებიცაა: ჭამა, ჩაცმა, განათლების მიცემა და სხვა, თუმცა გაცილებით მნიშვნელოვანია ბავშვის ემოციურ განვითარებაზე ზრუნვა. მან უნდა იგრძნოს, რომ უყვართ.

ჩახუტება - ეს არის ფიზიკური სიახლოვის ფორმა, რომლის მეშვეობითაც ადამიანები ერთმანეთის მიმართ გამოხატავენ დადებით ემოციებს - სიყვარულს და სითბოს, ეს სჭირდება, როგორც ბავშვს, ისე ზრდასრულ ადამიანს იმისათვის, რომ თავი იგრძნოს კომფორტულად, მშვიდად და ჰქონდეს პოზიტიური განწყობა.
ჩახუტება გავლენას ახდენს ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
ჩახუტების დროს აქტიურდება თავის ტვინის ქერქქვეშა სტრუქტურები. ხდება ოქსიტოცინის და დოფამინის გამოყოფა, რომელიც პასუხისმგებელია ემოციურ და ფიზიკურ მდგომარეობაზე, შესაბამისად, მცირდება ტკივილის, სტრესის და შფოთვის დონე. ამ დროს სტაბილურდება გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის მუშაობა.
​ბავშვები, რომლებიც იზრდებიან თბილ და მშვიდ გარემოში, სადაც ერთმანეთს ეფერებიან, ეხუტებიან, გამოხატავენ სიყვარულს, უფრო მეტად ემპათიურები არიან, აქვთ მაღალი თვითშეფასება, უადვილდებათ განცდებთან და სტრესთან გამკლავება, შეუძლიათ საკუთარი ემოციების რეგულაცია. ჩახუტება და შეხება იწვევს უსაფრთხოების და დაცულობის განცდას, ბავშვი ფიქრობს, რომ ის მნიშვნელოვანი, სასურველი ადამიანია და უყვართ.

​- თუკი მშობელი არასდროს ეხუტება ბავშვს, რა ნეგატიური ზეგავლენა შეიძლება ჰქონდეს ამას ბავშვზე?

​- ბავშვს, რომელსაც აქვს სიყვარულის და სითბოს ნაკლებობა, უუარესდება ნერვული სისტემის მუშაობა, ორგანიზმში გამოეყოფა სტრესის ჰორმონი კორტიზოლი. თუ ბავშვს უწევს დიდი ხნის განმავლობაში ნეგატიურ ემოციებში ყოფნა, აღნიშნული ჰორმონი გავლენას ახდენს მის ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე, ქვეითდება იმუნური სისტემა, გავლენას ახდენს მეხსიერებაზე და ვერბალურ უნარებზე. თავს გრძნობს მარტოსულად, არის ჩაკეტილი და შესაძლებელია მომავალში გაუჭირდეს ურთიერთობები ან დაკარგოს რეალობის შეგრძნება. მათ არ შეუძლიათ გასცენ სიყვარული სხვის მიმართ, არიან აგრესიულები, გაღიზიანებულები, ზრდასრულობაში შესაძლებელია, ჰქონდეთ სიცარიელის შეგრძნება ან განუვითარდეთ ადამიანების შიში, რაც შეიძლება იყოს დეპრესიის გამომწვევი მიზეზი. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მშობლები, რაც შეიძლება ხშირად ჩაეხუტონ თავიანთ შვილებს, ყველა ბავშვისთვის მნიშვნელოვანია თბილი, მეგობრული გარემო, რომ მასზე ზრუნავდნენ და უყვარდეთ.

​- როდესაც ბავშვს უცნობები ეხუტებიან, ამ დროს როგორ უნდა დავარიგოთ, მივცეთ ჩახუტების უფლება თუ არა?
- ზრდასრულისთვისაც და ბავშვისთვისაც, რა თქმა უნდა, უსიამოვნოა უცხო ადამიანის მხრიდან ჩახუტება, განსაკუთარებით, ბავშვებში, ამ დროს, გამოიყოფა სტრესის ჰორმონი კორტიზოლი. ისედაც ჩახუტება გვსიამოვნებს ახლოებლი და ჩვენთვის ნაცნობი ადამიანისგან.
ესაუბრა მარიამ ჩოქური

წაიკითხეთ სრულად