Baby Bag

ცრემლების ხშირად შეკავება გულის პრობლემებს და დიაბეტს იწვევს

ცრემლების ხშირად შეკავება გულის პრობლემებს და დიაბეტს იწვევს

ადამიანებს ტირილი ხშირად უხერხულ ვითარებაში უნდებათ. პაემანზე ან სამსახურში ყოფნის დროს ცრემლების დაღვრა არავის უნდა. ტირილის სამომავლოდ გადადება კი რთული საქმეა. რა ემართება ადამიანის ორგანიზმს, როდესაც მას ცრემლების შეკავება უწევს?

ტირილი ზედმეტი სტრესისგან გათავისუფლებაში გეხმარებათ. როდესაც თვალზე მომდგარ ცრემლებს იკავებთ, ტვინი თირკმელზედა ჯირკვალს სიგნალს აწვდის, რომ მან ადრენალინი და სტრესის ჰორმონი, კორტიზოლი გამოიმუშავოს. აღნიშნული ჰორმონების ჭარბი დოზით გამოყოფის შემდეგ თქვენი გულისცემა და სისხლის მიმოქცევა ჩქარდება. სწორედ ამიტომ გაქვთ გულ-მკერდის არეში სიმძიმის შეგრძნება, როდესაც საკუთარ თავს ცრემლების შეკავებას აიძულებთ. ამ დროს სუნთქვაც გიძნელდებათ. შესაძლოა, ტირილისგან თავშეკავებამ თქვენს მადაზეც მოახდინოს ზეგავლენა და სისხლში შაქრის დონეც შეცვალოს.

ემოციის შეზღუდვა (ამ შემთხვევაში ფრუსტრაციისა და სევდის განცდის) მას კიდევ უფრო აძლიერებს. გარკვეული დროის შემდეგ თქვენ თავს უარესად იგრძნობთ. შესაძლოა, იფიქროთ, რომ ყურადღების გადატანას ახერხებთ, ამ დროს კი სტრესი მატულობს. ცხადია, ცრემლების ერთხელ ან ორჯერ შეკავება თქვენს ორგანიზმს სერიოზულ ზიანს ვერ მიაყენებს. სამსახურში უფროსის წინ აცრემლება თქვენთვის ძალიან უხერხული იქნება. ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ თავს უფლება მისცეთ, რომ არ ატირდეთ. ცრემლების ხშირად შეკავებას კი ნამდვილად არ გირჩევთ. როდესაც რეგულარულად ძალადობთ საკუთარ ემოციებზე, ორგანიზმის რეაქცია სტრესზე ორმაგდება. ცრემლების ხშირად შეკავება გაღიზიანებას, უძილობას და შფოთვით აშლილობას იწვევს. თუ ემოციებს გამუდმებით მალავთ და ტირილს ყოველთვის ერიდებით, შესაძლოა, მაღალმა წნევამ, გულის პრობლემებმა და დიაბეტმა შეგაწუხოთ.

ტირილის ხასიათზე თუ ხართ, თავს ნუ შეიკავებთ, ცრემლები აუცილებლად დაღვარეთ. თუ სამსახურში ან საქმიან შეხვედრაზე ხართ და ტირილს ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ, ჭარბი ემოციებისგან მოგვიანებით გათავისუფლდეთ. სახლში მისვლის შემდეგ დრამატულ ფილმს უყურეთ, რომელიც აგატირებთ და სიმძიმის მოხსნაში დაგეხმარებათ.

რა თქმა უნდა, ყოველდღიურად ინტენსიურად ვერ იტირებთ, თუმცა სტრესთან გამკლავების მეთოდებს თუ ისწავლით, ტირილის მოთხოვნილება ნაკლებად შეგაწუხებთ. ცუდ განწყობაზე ყოფნის დროს თანამშრომელთან ჩხუბი ან ნივთების მსხვრევა სწორი გადაწყვეტილება ნამდვილად არ არის. სტრესის დაძლევის ეფექტიანი ტექნიკების შესახებ ინფორმაციის მოძიება სცადეთ. როდესაც თავს დამძიმებულად იგრძნობთ, გარეთ გადით და ბუნებაში გაისეირნეთ, თქვენი ემოციები მეგობარს გაუზიარეთ, მუსიკას მოუსმინეთ. ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ სტრესულ ვითარებაში სევდიანი მუსიკის მოსმენა განწყობის გაუმჯობესებაში გეხმარებათ.

მართალია, ტირილი კათარზისის განცდაში ძალიან გიწყობთ ხელს, მაგრამ ის სტრესისგან გათავისუფლების ერთადერთი გზა ნამდვილად არ არის. მიუხედავად ამისა, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ტირილზე უარის თქმა თქვენს ორგანიზმზე ნეგატიურად აისახება. როდესაც ცრემლები მოგაწვებათ, აუცილებლად იტირეთ. გახსოვდეთ, რომ ამით თქვენს ჯანმრთელობას უფრთხილდებით.

მომზადებულია ​shape.com-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

შეიძლება დაინტერესდეთ

თუ ბრაზის გამოხატვისას აგრესიული ხართ და ყველას ეჩხუბებით, თქვენი შვილიც ასევე მოიქცევა

თუ ბრაზის გამოხატვისას აგრესიული ხართ და ყველას ეჩხუბებით, თქვენი შვილიც ასევე მოიქცევა

მშობლები თინეიჯერი შვილების ხასიათის ცვლილებებს მარტივად ამჩნევენ. მოზარდის ასაკის მატებასთან ერთად მისი ქცევებიც იცვლება. ის ხშირად გამოხატავს უკმაყოფილებას, თვალებს გაბრაზებით ატრიალებს, ამბობს, რომ ყველაფრით დაიღალა. მიუხედავად იმისა, რომ მშობლები თინეიჯერი შვილებისგან მსგავსი ტიპის ქცევებს ისედაც ელიან, აღნიშნულ პრობლემასთან გამკლავება მათ ძალიან უძნელდებათ. მოზარდის ხასიათის მოულოდნელი ცვალებადობა მშობლებს საგონებელში აგდებს. მსგავსი ქცევა მათ გაღიზიანებასაც კი იწვევს. ბევრმა მათგანმა არ იცის, როგორ მოიქცეს, როდესაც 2 წუთის წინ აბსოლუტურად მშვიდი თინეიჯერი მოულოდნელად ყვირილს იწყებს და მრისხანებას ვერ მალავს. თინეიჯერს ბრაზის დაძლევაში რომ დაეხმაროთ, მის მრისხანებას, პირველ რიგში, თავად უნდა გაუმკლავდეთ. თქვენი დამოკიდებულება ძალიან ბევრ რამეს ცვლის. თუ შვილს მხარდაჭერას გამოუცხადებთ, თქვენ მის საუკეთესო მეგობრად იქცევით, თუ შეცდომას დაუშვებთ, თქვენ შორის სიახლოვე გაქრება.

რა განსხვავებაა შფოთვასა და ბრაზს შორის?

თინეიჯერები ყოველდღიურად შფოთავენ. მღელვარება მოზრდილებს იმდენად ხშირად ახასიათებთ, რომ მშობლები ბრაზსაც ხშირად უბრალო გაღიზიანების ან შიშის გამოხატულებად თვლიან. სინამდვილეში შფოთვა და სიბრაზე ერთმანეთისგან ძალიან გასხვავდება. შფოთვა მომავლის გამო ღელვას, ცუდ წინათგრძნობას ან ძლიერ შიშს უკავშირდება. ბრაზს კი უკვე მომხდარი ფაქტი იწვევს, რომელიც თინეიჯერს არ მოსწონს. როდესაც რომელიმე მოვლენა მის მოლოდინებს არ ამართლებს, მოზარდს ბრაზის გრძნობა იპყრობს. თუ თქვენს შვილს გამოცდა აქვს ჩასაბარებელი, რის გამოც მას ხასიათი ხშირად ეცვლება და მღელვარება ეტყობა, ეს შფოთვის გამოვლინებად უნდა ჩათვალოთ. თუ მან გამოცდა უკვე ჩააბარა და საშინელ ხასიათზეა, ყველას უბრაზდება, ეჩხუბება ან უყვირის, ე.ი. ამ გზით ის ბრაზის გამოხატვას ცდილობს, რადგან გამოცდის შედეგებით უკმაყოფილოა. შფოთვის მაღალი ხარისხი თინეიჯერებს ხასიათს მარტივად უფუჭებს, რის გამოც მათ ბრაზი ადვილად იპყრობთ. შესაძლოა, შფოთვა და ბრაზი ერთობლივადაც გამოვლინდეს, ან სიბრაზე ძლიერი შფოთვის შედეგიც იყოს.

რატომ შფოთავენ თინეიჯერები ხშირად?
მოზრდილობის ასაკი შფოთვის, შიშისა და ფრუსტრაციის ხშირ შეგრძნებასთან ასოცირდება. თინეიჯერებმა არ იციან, რა მოუხერხონ საკუთარ განცდებს, რომლებიც საკმაოდ მრავალფეროვანი და ნეგატიური ბუნებისაა, რის გამოც ისინი ბრაზით ივსებიან. ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური ცვლილებები მოზარდების ხასიათზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს. ჰორმონალური ცვლილებები თინეიჯერებს არამყარ განწყობას უყალიბებს. ისინი უფრო მეტად ექსპრესიისკენ არიან მიდრეკილები, ვიდრე რეფლექსიისკენ. შუბლისწინა კორტექსი, რომელიც გადაწყვეტილების მიღების, ანალიზის, განსჯისა და დაგეგმვის უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული, თინეიჯერებს სრულად ჩამოყალიბებული არ აქვთ, რის გამოც რაციონალურ აზროვნებას ემოციური ფონი ადვილად ძალავს.
მოზარდებს ყოველდღიურად უამრავი პრობლემის გადაჭრა უხდებათ. ისინი სკოლაში სწავლობენ, საშინაო დავალებებს ამზადებენ, გამოცდებს აბარებენ, იძენენ და კარგავენ მეგობრებს, უყვარდებათ, ემზადებიან სერიოზული ცხოვრებისეული ცვლილებებისთვის, ფიქრობენ, რომელ უნივერსიტეტში გააგრძელებენ სწავლას, რა პროფესიას აირჩევენ და ა.შ. ყველა ამ ამოცანის შესრულება მათთვის ძალიან დამღლელი და ამაღელვებელია.
თინეიჯერებს ხშირად აქვთ შეგრძნება, რომ მათი არავის ესმის. ისინი მეტი თავისუფლებისკენ ისწრაფვიან. როგორც წესი, მოზარდებს ცუდად სძინავთ. თინეიჯერები ცდილობენ გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღონ და ავტონომიურობას მიაღწიონ. თუ თინეიჯერი შვილი გყავთ და მას რეგულარულად მიუთითებთ, თუ რა უნდა აკეთოს, ზედმეტი რჩევებით თავს აბეზრებთ და მის გადაწყვეტილებებს პატივს არ სცემთ, თქვენ მასზე ნეგატიურად ზემოქმედებთ.
ბრაზი ნეგატიური მოვლენა არ არის
ბრაზი სავსებით ნორმალური მოვლენაა. ის ადამიანის ბუნებრივი რეაქციაა გარკვეულ გარემოს გამაღიზიანებელზე. თუ თინეიჯერი სიბრაზეს გამოხატავს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას რაღაც აკლია ან რაიმე მიზნის მიღწევა სურს. შესაძლოა, მოზარდი გულნატკენია, თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს, ძალა გამოეცალა, ყურადღება აკლია და ა.შ. ბრაზი პრობლემად არ უნდა აღიქვათ. მთავარია, თუ რა ფორმით გამოხატავს თინეიჯერი სიბრაზეს. ბრაზი ემოციაა, აგრესია კი ქცევის ნეგატიური ფორმა. თუ მოზარდი თავის ემოციებზე ხმამაღლა საუბრობს და მათთან გამკლავებას ცდილობს, ეს სავსებით ნორმალურია და მას დახმარება უნდა გაუწიოთ, მაგრამ თუ ის ბრაზის გამოხატვას ნივთების დაზიანებით, ხმამაღალი ყვირილითა და არაადეკვატური ქცევით ცდილობს, ე.ი. სერიოზული პრობლემის წინაშე დგახართ.
უკონტროლო სიბრაზე ფსიქიკურ პრობლემებზე მიანიშნებს
თუ თქვენს თინეიჯერ შვილს ბრაზის გამოხატვის უჩვეულო ფორმები აქვს, მაგ. სხვა ადამიანზე ძალადობა, ჩხუბი, თვითდაზიანებების მიყენება, ე.ი. მას ფსიქიკური პრობლემები აქვს. თუ სიბრაზე მხოლოდ მოზარდის პრობლემა არ არის და ის მთელ თქვენს ოჯახზე ვრცელდება, თუ სახლში გამუდმებით სტრესული და დაძაბული ატმოსფეროა, აუცილებლად მიმართეთ ფსიქოლოგს, რათა დახმარება გაგიწიოთ. როგორც წესი, მსგავს პაციენტებთან ფსიქოლოგები კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიით მუშაობენ. ბრაზი იშვიათ შემთხვევებში დეპრესიის ან ბიპოლარული აშლილობის ერთ-ერთი ნიშანი შეიძლება იყოს. მსგავს შემთხვევაში მოზარდს ფსიქიატრის დახმარებაც დასჭირდება.
როგორ უნდა დაეხმაროთ თინეიჯერ შვილს ბრაზის დაძლევაში?
თინეიჯერი შვილი თუ გყავთ და მის სიბრაზესთან გამკლავება გიძნელდებათ, ქვემოთ შემოთავაზებული რჩევები ყურადღებით წაიკითხეთ. მათი მეშვეობით მოზარდის სიბრაზის ხარისხს და სიხშირეს მნიშვნელოვნად შეამცირებთ, რაც მას ბრაზის დაძლევაში დაეხმარება.
• არ იყვიროთ - ძალიან რთულია სიმშვიდის შენარჩუნება, როდესაც თქვენი თინეიჯერი შვილი ხმამაღლა გიყვირით ან შეურაცხყოფას გაყენებთ. თუ თქვენ საპასუხოდ ყვირილს დაიწყებთ და ხმას აიმაღლებთ, მის ბრაზს გააათკეცებთ. ამის ნაცვლად, უმჯობესია ხმას დაუწიოთ და მოზარდს მშვიდად გაესაუბროთ. სავარაუდოდ, ისიც მალევე დამშვიდდება, რადგან ემოცია გადამდებია.
• მოაწყვეთ შესვენება - თუ ხვდებით, რომ ვითარება ძალიან დაიძაბა, ცოტა ხნით გაისეირნეთ. შვილთან კამათი შეწყვიტეთ და უთხარით, რომ აჯობებს, სხვა დროს დაილაპარაკოთ. მას დამშვიდებისკენ მოუწოდეთ და აუხსენით, რომ მშვიდ ვითარებაში ერთმანეთის გაგებას უკეთ შეძლებთ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოზარდის აზრიც მოისმინეთ.
• მოუსმინეთ შვილს - მართალია, მშობლების დიდი ნაწილი ყოველდღიური მძიმე შრომისგან ძალიან გადაღლილია და სკოლის დრამატული ისტორიების მოსასმენად დრო არ აქვს, მაგრამ თინეიჯერი შვილის პრობლემებს აუცილებლად უნდა მოუსმინოთ. თუ მას ეტყვით, რომ რასაც ის ამბობს, არასერიოზულია და აჯობებს დაივიწყოს, ძალიან დიდ შეცდომას დაუშვებთ. მოზარდი თავს შეურაცხყოფილად და დამცირებულად იგრძნობს. მის გრძნობებსა და განცდებს სათანადო მნიშვნელობა უნდა მიანიჭოთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენს შვილს ყველაფერში უნდა დაეთანხმოთ, რასაც გეუბნებათ. შეგიძლიათ, შეეკამათოთ კიდეც. მთავარია, აგრძნობინოთ, რომ საკითხი, რომელზეც ის განსაკუთრებით ღელავს, მართლაც მნიშვნელოვანია.
• შვილს ემოციების გამოხატვის ღირსეული მაგალითი მიეცით - არ აქვს მნიშვნელობა, რას ასწავლით თქვენს მოზარდ შვილს. თუ საკუთარი ქცევით საპირისპიროს ამტკიცებთ, ბრაზის გამოხატვისას აგრესიული ხართ და ყველას ეჩხუბებით, მაშინ თქვენი შვილიც ასევე მოიქცევა. როდესაც ბრაზობთ, ეცადეთ შეძლებისდაგვარად მშვიდი იყოთ. თქვენი ქმედება თქვენს სიტყვებს ყოველთვის გადაწონის. ეცადეთ, შვილისთვის იდეალური მაგალითი იყოთ.
• მოზარდს მცირეწლოვანი ბავშვივით ნუ მოექცევით - თინეიჯერს ისე უნდა მოექცეთ, როგორც ზრდასრულ და ჩამოყალიბებულ ადამიანს. ეს მის ბრაზს დააცხრობს. მბრძანებლური ტონით საუბარი და მითითებების მიცემა შეწყვიტეთ. მას ისე დაელაპარაკეთ, თითქოს თქვენს თანატოლს ესაუბრებოდეთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თინეიჯერს სრული თავისუფლება უნდა მისცეთ. თქვენს სიტყვას ფასი აუცილებლად უნდა ჰქონდეს. როდესაც შვილთან საუბარს დაიწყებთ, აუხსენით, რომ მას ზრდასრულ ადამიანად თვლით, რომელიც ყველაფერს სწორად იგებს, ამიტომ ბავშვივით არ დაელაპარაკებით. მიეცით თქვენს შვილს ნება მეგობრებთან ერთად კინოში თავისუფლად იაროს, გაკვეთილები თავისი ნება-სურვილით და გრაფიკით მოამზადოს. ეს მას პრობლემის დამოუკიდებლად მოგვარებას ასწავლის და განწყობასაც აუმაღლებს.
• დააწესეთ ბრაზის გამოხატვის ზღვარი - თქვენმა თინეიჯერმა შვილმა აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ ბრაზის გამოხატვას თავისი ფორმა აქვს. სხვებისთვის ტკივილის მიყენება, ნივთების დაზიანება და სხვა სახის აგრესიული ქმედებები კატეგორიულად აკრძალეთ.
• შვილს ბრაზის გამოხატვის კონსტრუქციული მეთოდები შესთავაზეთ - ბევრი თინეიჯერი აგრესიას იმიტომ მიმართავს, რომ ბრაზის გამოხატვის ალტერნატიული ფორმების შესახებ არაფერი იცის. ასწავლეთ თქვენს შვილს, რომ ბრაზთან გასამკლავებლად დღიურის წერა, მუსიკის მოსმენა, სპორტული აქტივობით დაკავება ან სწორად სუნთქვა ძალიან კარგი საშუალებებია. მათი დახმარებით მოზარდი მრისხანების დაძლევას მარტივად შეძლებს.
მომზადებულია ​goodhousekeeping.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა
წაიკითხეთ სრულად