Baby Bag

ცრემლების ხშირად შეკავება გულის პრობლემებს და დიაბეტს იწვევს

ცრემლების ხშირად შეკავება გულის პრობლემებს და დიაბეტს იწვევს

ადამიანებს ტირილი ხშირად უხერხულ ვითარებაში უნდებათ. პაემანზე ან სამსახურში ყოფნის დროს ცრემლების დაღვრა არავის უნდა. ტირილის სამომავლოდ გადადება კი რთული საქმეა. რა ემართება ადამიანის ორგანიზმს, როდესაც მას ცრემლების შეკავება უწევს?

ტირილი ზედმეტი სტრესისგან გათავისუფლებაში გეხმარებათ. როდესაც თვალზე მომდგარ ცრემლებს იკავებთ, ტვინი თირკმელზედა ჯირკვალს სიგნალს აწვდის, რომ მან ადრენალინი და სტრესის ჰორმონი, კორტიზოლი გამოიმუშავოს. აღნიშნული ჰორმონების ჭარბი დოზით გამოყოფის შემდეგ თქვენი გულისცემა და სისხლის მიმოქცევა ჩქარდება. სწორედ ამიტომ გაქვთ გულ-მკერდის არეში სიმძიმის შეგრძნება, როდესაც საკუთარ თავს ცრემლების შეკავებას აიძულებთ. ამ დროს სუნთქვაც გიძნელდებათ. შესაძლოა, ტირილისგან თავშეკავებამ თქვენს მადაზეც მოახდინოს ზეგავლენა და სისხლში შაქრის დონეც შეცვალოს.

ემოციის შეზღუდვა (ამ შემთხვევაში ფრუსტრაციისა და სევდის განცდის) მას კიდევ უფრო აძლიერებს. გარკვეული დროის შემდეგ თქვენ თავს უარესად იგრძნობთ. შესაძლოა, იფიქროთ, რომ ყურადღების გადატანას ახერხებთ, ამ დროს კი სტრესი მატულობს. ცხადია, ცრემლების ერთხელ ან ორჯერ შეკავება თქვენს ორგანიზმს სერიოზულ ზიანს ვერ მიაყენებს. სამსახურში უფროსის წინ აცრემლება თქვენთვის ძალიან უხერხული იქნება. ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ თავს უფლება მისცეთ, რომ არ ატირდეთ. ცრემლების ხშირად შეკავებას კი ნამდვილად არ გირჩევთ. როდესაც რეგულარულად ძალადობთ საკუთარ ემოციებზე, ორგანიზმის რეაქცია სტრესზე ორმაგდება. ცრემლების ხშირად შეკავება გაღიზიანებას, უძილობას და შფოთვით აშლილობას იწვევს. თუ ემოციებს გამუდმებით მალავთ და ტირილს ყოველთვის ერიდებით, შესაძლოა, მაღალმა წნევამ, გულის პრობლემებმა და დიაბეტმა შეგაწუხოთ.

ტირილის ხასიათზე თუ ხართ, თავს ნუ შეიკავებთ, ცრემლები აუცილებლად დაღვარეთ. თუ სამსახურში ან საქმიან შეხვედრაზე ხართ და ტირილს ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ, ჭარბი ემოციებისგან მოგვიანებით გათავისუფლდეთ. სახლში მისვლის შემდეგ დრამატულ ფილმს უყურეთ, რომელიც აგატირებთ და სიმძიმის მოხსნაში დაგეხმარებათ.

რა თქმა უნდა, ყოველდღიურად ინტენსიურად ვერ იტირებთ, თუმცა სტრესთან გამკლავების მეთოდებს თუ ისწავლით, ტირილის მოთხოვნილება ნაკლებად შეგაწუხებთ. ცუდ განწყობაზე ყოფნის დროს თანამშრომელთან ჩხუბი ან ნივთების მსხვრევა სწორი გადაწყვეტილება ნამდვილად არ არის. სტრესის დაძლევის ეფექტიანი ტექნიკების შესახებ ინფორმაციის მოძიება სცადეთ. როდესაც თავს დამძიმებულად იგრძნობთ, გარეთ გადით და ბუნებაში გაისეირნეთ, თქვენი ემოციები მეგობარს გაუზიარეთ, მუსიკას მოუსმინეთ. ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ სტრესულ ვითარებაში სევდიანი მუსიკის მოსმენა განწყობის გაუმჯობესებაში გეხმარებათ.

მართალია, ტირილი კათარზისის განცდაში ძალიან გიწყობთ ხელს, მაგრამ ის სტრესისგან გათავისუფლების ერთადერთი გზა ნამდვილად არ არის. მიუხედავად ამისა, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ტირილზე უარის თქმა თქვენს ორგანიზმზე ნეგატიურად აისახება. როდესაც ცრემლები მოგაწვებათ, აუცილებლად იტირეთ. გახსოვდეთ, რომ ამით თქვენს ჯანმრთელობას უფრთხილდებით.

მომზადებულია ​shape.com-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

შეიძლება დაინტერესდეთ

​რა ასაკიდან გავასინჯოთ ბავშვს მანდარინი და რა საფრთხეს შეიცავს მისი დიდი რაოდენობით მიღება

​რა ასაკიდან გავასინჯოთ ბავშვს მანდარინი და რა საფრთხეს შეიცავს მისი დიდი რაოდენობით მიღება

რა ასაკიდან გავასინჯოთ ბავშვს მანდარინი და რა საფრთხეს შეიცავს მისი დიდი რაოდენობით მიღება, - აღნიშნულ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე ​საუბრობს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით.

„გემრიელ, წვნიან, არომატულ ციტრუსზე უნდა მოგიყვეთ, რომლის ისტორია ჩინეთიდან იწყება. ჩინელებს დღესაც აქვთ ტრადიციად, საახალწლოდ ერთმანეთს ორი მანდარინი აჩუქონ სიმდიდრისა და კეთილდღეობის სურვილებით.

ეს ხილი სწორედ მაშინ მწიფდება, როცა განსაკუთრებულად გვჭირდება ვიტამინები - ზამთარში!

იცით, რატომაა მანდარინი ასეთი არომატული? მისი კანი დიდი რაოდენობით ეთერზეთებს შეიცავს. არომატის გარდა ამ ეთერზეთს დამამშვიდებელი ეფექტი აქვს, დაგეხმარებათ სტრესთან გამკლავებაში, აუმჯობესებს გუნება-განწყობას.

ძველი მკურნალების რეცეპტებში ხშირად შეხვდებით მანდარინის ქერქს. გაციების დროს მანდარინის გახეხილი ქერქის ცხელ ჩაიში შერევა, ამ რეცეპტების მიხედვით, ნახველის გათხევადებას, ხველის შემცირებას და სწრაფ გამოჯანმრთელებას უწყობს ხელს.

და თანაც მანდარინი ფიტონციდების წყაროა. ეს ნივთიერებები ბუნებრივი ანტიბიოტიკებია, რომელთაც ვირუსებისა და ბაქტერიების განადგურება შეუძლიათ.

ზამთრის პირობებში მანდარინი ვიტამინების ნამდვილი საბადოა, ის დიდი რაოდენობით ასკორბინის მჟავას ანუ C ვიტამინს შეიცავს, შეგახსენებთ, გარდა იმუნურ რეაქციებში მონაწილეობისა, ის აძლიერებს კოლაგენის სინთეზს, რომელიც აუცილებელია ღრძილების, სისხლძარღვების, ძვლების და კბილების ზრდისა და აღდგენისათვის; აუმჯობესებს ორგანიზმის მიერ რკინის ათვისებას; აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას.

ასკორბინის მჟავას გარდა მანდარინი დიდი რაოდენობით B ჯგუფის ვიტამინებს, კალიცუმს, ფოფსორს, კალიუმს შეიცავს. და კიდევ, ის ზამთარში D ვიტამინის ბუნებრივი წყაროა.

ეს მზისფერი ციტრუსი აქტიურ ფლავონოიდებს შეიცავს, რომელებიც სისხლის წითელი უჯრედების წარმოქნას უწობენ ხელს, ზრდიან კაპილარების ელასტივობასა და კედლის სიმტკიცეს.

მანდარინი ყველასთვის სასარგებლო არ არის. თუ თქვენს პატარას კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები აქვს, მით უფრო კუჭის მომატებული მჟავიანობის ფონზე, მანდარინის მიცემა რეკომენდებული არ არის.

მას ბავშვის კუჭ-ნაწლავის ამომფენი ლორწოვანი გარსის გაღიზიანება შეუძლია.

როდიდან გავასინჯოთ ბავშვს მანდარინი?

წლამდე მისი მიცემა არ ღირს. 1 წლის შედმეგ კი ფრხთილი დეგუსტაციით უნდა დაიწყოთ. თავდაპირველად 2-3 მლ მანდარინის წვეთი გაასინჯეთ. თუ ბავშვს ალერგია არ გამოუვლინდა, შეგიძილიათ მშვიდად მისცეთ.

უმადო პატარების დედების საყურადღებოდ - მანდარინს მადის აღძვრა შეუძლია!

ზომიერება აუცილებელია. მანადრინის დიდი რაოდენობიოთ მიღებისას ორგანიზმში კაროტინი გროვდება, რაც პატარას კანის გაყვითლებას იწვევს,“- წერს პედიატრი თამარ ობგაიძე.

წაიკითხეთ სრულად