,,პრობლემა სახელად უჭმელობა ფანტაზიის, დიდი ნერვების და ძალისხმევის წყალობით დამარცხებულია,'' - ასეთი სათაურით აქვეყნებს პოსტს სოციალურ ქსელში დედა ეკა ხიზანიშვილი.
ეკა თავის გამოცდილებას უზიარებს დედებს, რომლებსაც მასავით აწუხებთ ბავშვის უჭმელობა. გთავაზობთ მის პოსტს უცლელად:
ჩემმა 2 წლის შვილმა ერთდროულად მომხდარი მოვლენების ფონზე მთლიანად შეწყვიტა ჭამა.
1. პატარა ძამიკო მოვუყვანეთ სახლში,რაზეც საშინლად იეჭვიანა.
2. მოულოდნელად დატოვა ძიძამ,რამაც ძალიან იმოქმედა მასზე.
3. წინა პერიოდში გარკვეულ ეტაპზე ძალდატანებით უწევდა ჭამა (არ დავკონკრეტდები).
🚫მოშივდება და შეჭამს
🚫დაუდე საყვარელი საკვები მისაწვდომ ადგილას
🚫ლამაზად გაუფორმე
🚫მეგობრები დაუპატიჟე
🚫უფროსებთან ერთად დასვი სუფრაზე
🚫რაციონი გაუმრავალფეროვნე
და კიდევ რა აღარ...
მაგრამ არაფერმა იმუშავა.
რაც მთავარია, შიოდა და არ ჭამდა. ამ ფონზე გახდა ჭირვეული, დაიწყო მთელი ხმით ტირილი, ფეხების ბაკუნით და თავის ძირს გაწოლებით გაპროტესტება.
გააპროტესტა ზიარებაც...
დაიწყო ტირილი ბანაობისას...
მოკლედ კოშმარული 1.5 თვე გავატარეთ მთელმა ოჯახმა.მაგრამ დიდი ნებისყოფის ფასად და დაკვირვების შედეგად, აღმოვაჩინე მისი ახალი კუმირი - "მიკიუსი".
მოვიარე მთელი თბილისი და ბოლოს მივაკვლიე ამ ორ ჯადოსნურ ნივთს.
პირველ დღესვე ყურებიანი თავსახურის წყალობით საწრუპით მიიღო დასალევი იოგურტი, მთელი ჭიქა.(ხომ წარმოგიდგენიათ,რამდენად არაფერს ჭამდა,რომ ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი).
ფაქტობრივად ჰაერით და წყლით იკვებებოდა და ... რძით.
მეორე დღესაც იგივე განმეორდა დილით და მერე წავიყვანეთ ზიარებაზე.ეზიარა (ცოტა გაჭიევეულდა, მაგრამ...)
შუადღეს ისევ გავუკეთე სადილი, უიმედოდ მაგრამ... ნუ, იმ დღის შემდეგ თამაშით, სიმღერით და ცეკვით, მაგრამ ჭამს.
როგორც კი იტყვის, რომ ,,მორჩა" - აღარ ვაჭმევ.
თითქმის ყველა ჯერზე ცდილობს, ბოლომდე ჭამოს და მიიღოს დამსახურებული კომპლიმენტი აპლოდირების ფონზე.
გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილების გაზიარება მათთვის ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, რადგან უკვე კარგად ვიცი, რას ნიშნავს მშიერი შვილი,'' - აღნიშნავს ეკა ხიზანიშვილი.
როგორ ვმართოთ ბრაზი, როდესაც ბავშვის ქცევა არ მოგვწონს? - თამარ გაგოშიძის რჩევები მშობლებს
ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ მშობლებს ბრაზის მართვასთან დაკავშირებით საინტერესო რჩევები მისცა და ბავშვთან ურთიერთობის სხვადასხვა სტრატეგია შესთავაზა:
„ჩვეულებრივი სიტუაცია ავიღოთ: პატარა ბავშვი წუწაობს და თქვენ ნერვები გეშლებათ. რეცეპტი არ არსებობს. დაისმის კითხვა: რა ასაკის არის ბავშვი, რომელიც წუწაობს? სხვადასხვა ასაკში სრულიად განსხვავებული სტრატეგიები დაგვჭირდება. პირველი რეკომენდაცია არის, რომ გადადიხარ საქმეზე. შენს ემოციას აფიქსირებ. შენ რომ გაბრაზდი, ეს არ გიშველის, იმიტომ, რომ მიზანს უნდა მიაღწიო. როდესაც საუბარია ორი წლის ბავშვზე, ბევრი ფილოსოფია ორი წლის ბავშვს არ სჭირდება. მიდიხარ, შეგიძლია გადაატანინო ყურადღება, უთხრა: „ნახე ახლა მე შენ რა გაჩვენო?!“ ყველანაირი სტრატეგია მისაღებია იმისთვის, რომ არ მოხდეს ესკალაცია და მისი ემოციები იყოს დაცული. იმასაც ემოცია აქვს. შენ რომ გაქვს ემოციები, იმას აქვს ემოცია, თუ აქვს, მაგრამ იმას არ შეუძლია ჯერ ბალანსირება. ვინ უნდა დაეხმაროს? შენ! შენ თვითონ თუ დასახმარებელი ხარ, იმას ვერ დაეხმარები. თუ ეს არის ორი წლის ბავშვი, მივდივართ ნჯღრევის და გავეშებული სახის გარეშე.“
თამარ გაგოშიძის თქმით, ოთხი წლის ბავშვს კარგად ესმის ჩვენი მითითებები და შეუძლია ქცევის რეგულაცია:
„თუ ეს არის ოთხი წლის ბავშვი, მას უკვე ესმის ძალიან კარგად მითითებები, ქცევის რეგულაციაც შეუძლია. ჩვენ ვეუბნებით, რა უნდა გააკეთოს. კი არ ვეუბნებით: „რამდენჯერ უნდა გითხრა, წუწაობით გაცივდები!“ ტყუილად ვლაპარაკობთ. ვეუბნებით, რაც გვინდა, რომ მივიღოთ. აქაც შეიძლება დავაფასოთ მისი გარჯა. პოზიტიურად რაღაცას დავპირდეთ. თუ ეს არის ექვსი წლის ბავშვი, შეიძლება ამას გამოსაწვევად აკეთებს. თქვენ გჭირდებათ დააკვირდეთ სიტუაციას. არავისთან არ აკეთებს ამას, არც ბებიასთან, არც ძიძასთან, თქვენ რომ სახლში ხართ, მაშინ აკეთებს. რატომ? მიქცევა უნდა ყურადღების. თქვენს ჯინაზე აკეთებს არა იმიტომ, რომ თქვენი ჯინი სჭირს, ასე მაინც მიიქცევს ყურადღებას, რადგან სხვანაირად შეიძლება ვერ მიიქციოს ყურადღება. ბავშვისთვის სულ ერთია ნეგატიურად მიიქცევს თქვენს ყურადღებას, თუ პოზიტიურად. ასეა ბავშვი მოწყობილი მშობლებთან მიმართებაში. ამ შემთხვევაში, მიხვალთ ონკანთან და ეტყვით ბავშვს: „გინდა აქ ვიწუწაოთ ერთად? არაუშავს ხუთი წუთით თუ დაიწუწება ონკანი და აბაზანა, მეც მინდა შენთან ერთად წუწაობა.“ მთავარია, გავიგოთ, ბავშვის ქცევა რას ემსახურება.“
„არის სიტუაციები, როდესაც გარდატეხის ასაკის ბავშვი გეუბნება: „კლუბში უნდა წავიდე.“ შენ არ უშვებ და სწორიც ხარ, რომ არ უშვებ. რას ვაკეთებთ ამ დროს? ჩვენ ვეუბნებით: „მოდი, ვიმსჯელოთ, რა არის ამის პლუსი და მინუსი? ვიმსჯელოთ ამაზე და რაღაც გადაწყვეტილებამდე მიხვალ თვითონ. შენ ასწავლი, რომ გონიერებაში გადაიტანოს ეს და იაზროვნოს. მანამდე შენს თავს უთხარი: „თუ შეიძლება, თავი დაიმშვიდე, იმიტომ, რომ შენი მუქარა, წივილ-კივილი და ჩხუბი არაფერს მოგიტანს.“ შენ უნდა ეძებო გამოსავალი, მაგრამ მარტომ არა. უნდა ითანამშრომლო შენს შვილთან და ასწავლო მას თანამშრომლობა, აი ეს არის მთავარი ემოციურ რეგულაციაში,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.