,,პრობლემა სახელად უჭმელობა ფანტაზიის, დიდი ნერვების და ძალისხმევის წყალობით დამარცხებულია,'' - ასეთი სათაურით აქვეყნებს პოსტს სოციალურ ქსელში დედა ეკა ხიზანიშვილი.
ეკა თავის გამოცდილებას უზიარებს დედებს, რომლებსაც მასავით აწუხებთ ბავშვის უჭმელობა. გთავაზობთ მის პოსტს უცლელად:
ჩემმა 2 წლის შვილმა ერთდროულად მომხდარი მოვლენების ფონზე მთლიანად შეწყვიტა ჭამა.
1. პატარა ძამიკო მოვუყვანეთ სახლში,რაზეც საშინლად იეჭვიანა.
2. მოულოდნელად დატოვა ძიძამ,რამაც ძალიან იმოქმედა მასზე.
3. წინა პერიოდში გარკვეულ ეტაპზე ძალდატანებით უწევდა ჭამა (არ დავკონკრეტდები).
🚫მოშივდება და შეჭამს
🚫დაუდე საყვარელი საკვები მისაწვდომ ადგილას
🚫ლამაზად გაუფორმე
🚫მეგობრები დაუპატიჟე
🚫უფროსებთან ერთად დასვი სუფრაზე
🚫რაციონი გაუმრავალფეროვნე
და კიდევ რა აღარ...
მაგრამ არაფერმა იმუშავა.
რაც მთავარია, შიოდა და არ ჭამდა. ამ ფონზე გახდა ჭირვეული, დაიწყო მთელი ხმით ტირილი, ფეხების ბაკუნით და თავის ძირს გაწოლებით გაპროტესტება.
გააპროტესტა ზიარებაც...
დაიწყო ტირილი ბანაობისას...
მოკლედ კოშმარული 1.5 თვე გავატარეთ მთელმა ოჯახმა.მაგრამ დიდი ნებისყოფის ფასად და დაკვირვების შედეგად, აღმოვაჩინე მისი ახალი კუმირი - "მიკიუსი".
მოვიარე მთელი თბილისი და ბოლოს მივაკვლიე ამ ორ ჯადოსნურ ნივთს.
პირველ დღესვე ყურებიანი თავსახურის წყალობით საწრუპით მიიღო დასალევი იოგურტი, მთელი ჭიქა.(ხომ წარმოგიდგენიათ,რამდენად არაფერს ჭამდა,რომ ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი).
ფაქტობრივად ჰაერით და წყლით იკვებებოდა და ... რძით.
მეორე დღესაც იგივე განმეორდა დილით და მერე წავიყვანეთ ზიარებაზე.ეზიარა (ცოტა გაჭიევეულდა, მაგრამ...)
შუადღეს ისევ გავუკეთე სადილი, უიმედოდ მაგრამ... ნუ, იმ დღის შემდეგ თამაშით, სიმღერით და ცეკვით, მაგრამ ჭამს.
როგორც კი იტყვის, რომ ,,მორჩა" - აღარ ვაჭმევ.
თითქმის ყველა ჯერზე ცდილობს, ბოლომდე ჭამოს და მიიღოს დამსახურებული კომპლიმენტი აპლოდირების ფონზე.
გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილების გაზიარება მათთვის ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, რადგან უკვე კარგად ვიცი, რას ნიშნავს მშიერი შვილი,'' - აღნიშნავს ეკა ხიზანიშვილი.
„დაშინება ბავშვზე მკვეთრად ნეგატიურად მოქმედებს 4-6 წლამდე ასაკში,“ - ბავშვთა ფსიქოლოგი ზაზა ვარდიაშვილი
ბავშვთა ფსიქოლოგმა ზაზა ვარდიაშვილმა ბავშვებში გავრცელებული შიშების შესახებ ისაუბრა. მან ის ასაკობრივი ჯგუფი გამოყო, რომელზეც დაშინება მკვეთრად ნეგატიურად მოქმედებს:
„არის პერიოდები, როდესაც დაშინება მკვეთრად ნეგატიურად მოქმედებს, ეს არის განსაკუთრებით 4-6 წლამდე ასაკში. ამ პერიოდში ბავშვს იმდენად ძლიერი აქვს ფანტაზია, რომ რეალობასა და ფანტაზიას შორის საზღვარი თითქმის არ არის. მშობლის ნათქვამი მან შეიძლება წარმოიდგინოს, რეალობად აღიქვას და საკმაოდ ძლიერი სტრესი მიიღოს ამ ყოველივეს შედეგად. 8-9 წლის ასაკიდან ბავშვები საშიშ რაღაცებზე ერთმანეთთან საუბრობენ, ერთმანეთს აშინებენ. ეს მომზადების ეტაპად შეგვიძლია განვიხილოთ, რათა საშიშ რაღაცებს მზად შეხვდეს ადამიანი.“
ზაზა ვარდიაშვილის თქმით, დაუშვებელია ბავშვების გუდიანით ან სხვა საშიში, წარმოსახვითი არსებებით დაშინება:
„ეს დამოკიდებულება: „გუდიანი წაგიყვანს,“ ერთმნიშვნელოვნად ნეგატიურია. არ შეიძლება მცირე ასაკში ბავშვს ასეთი მძაფრი და მწვავე რეაქცია შევუქმნათ. ბავშვებში დიაბეტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სტრესი და სტრესული მდგომარეობებია. ძლიერი სტრესი ყოველთვის შესაძლებელია გახდეს აღნიშნულის მიზეზი. ცხრა წლამდე ბავშვის მთავარი შიში არის ე.წ. სეპარაციული შიში, მშობლის გარეშე დარჩენის შიში. როდესაც ამ შიშზე ვუკეთებთ აქცენტს, ეს ერთმნიშვნელოვნად შეიძლება გახდეს ძლიერი სტრესის მიზეზი. ბავშვები მწვავედ რეაგირებენ, როდესაც მშობელი სხვა ბავშვს ადარებს. ბავშვი ფიქრობს, რომ ის ბავშვი მჯობია და შესაძლოა, დედამ სხვა ბავშვში გამცვალოს.“
ზაზა ვარდიაშვილმა აღნიშნა, რომ ექვსი წლის ასაკიდან ბავშვებს მარტო ძილის შიში ეწყებათ:
„ბავშვებს ექვსი წლის ასაკში ეწყებათ მარტო ძილის შიში. ეს ფიზიოლოგიურია. ამ შემთხვევაში მშობლები ხშირად მიმართავენ ფრაზებს: „შენ უკვე დიდი ხარ, არ უნდა გეშინოდეს და ა.შ.“ თუ მშობელი ამ მეთოდით ცდილობს შიშთან გამკლავებას, ეს შიში გრძელდება 11-12 წლის ასაკამდე. თუ მშობელი საშუალებას აძლევს ბავშვს, რომ მასთან დაწვეს და მასთან ერთად გაატაროს ეს საშიში პერიოდი, ეს ყოველივე რვა წლის ასაკში უმტკივნეულოდ თავისით გაივლის.“
„ექვსი წლის ასაკიდან შემოდის ძირითადად ზებუნებრივი არსებების შიში. ზოგიერთი შიში ჩნდება, მერე ქრება, მერე ენაცვლება სხვა შიში. გარკვეული შიშები მთელი ბავშვობის პერიოდი გრძელდება. ერთი-ორი წლის ასაკში ბავშვს ეშინია ჩრდილების. ძალიან ბევრ ბავშვს მკვეთრი რეაქცია აქვს ჩრდილებზე და ჩრდილის მოძრაობაზე. ძალიან ხშირია, როდესაც მშობლები და უფროსი და-ძმები ნეგატიურად იყენებენ აღნიშნულ შიშებს. შეიძლება კვების დროს, რისიც ბავშვს ეშინია, იმის დემონსტრირება მოახდინონ. სამი წლის ასაკში არის ნიღბების შიში. ოთხი წლის ასაკში ბავშვების გარკვეულ ნაწილს ხმაურის, გასროლის ხმის ეშინია,“ - აღნიშნულ საკითხებზე ზაზა ვარდიაშვილმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.