,,პრობლემა სახელად უჭმელობა ფანტაზიის, დიდი ნერვების და ძალისხმევის წყალობით დამარცხებულია,'' - ასეთი სათაურით აქვეყნებს პოსტს სოციალურ ქსელში დედა ეკა ხიზანიშვილი.
ეკა თავის გამოცდილებას უზიარებს დედებს, რომლებსაც მასავით აწუხებთ ბავშვის უჭმელობა. გთავაზობთ მის პოსტს უცლელად:
ჩემმა 2 წლის შვილმა ერთდროულად მომხდარი მოვლენების ფონზე მთლიანად შეწყვიტა ჭამა.
1. პატარა ძამიკო მოვუყვანეთ სახლში,რაზეც საშინლად იეჭვიანა.
2. მოულოდნელად დატოვა ძიძამ,რამაც ძალიან იმოქმედა მასზე.
3. წინა პერიოდში გარკვეულ ეტაპზე ძალდატანებით უწევდა ჭამა (არ დავკონკრეტდები).
🚫მოშივდება და შეჭამს
🚫დაუდე საყვარელი საკვები მისაწვდომ ადგილას
🚫ლამაზად გაუფორმე
🚫მეგობრები დაუპატიჟე
🚫უფროსებთან ერთად დასვი სუფრაზე
🚫რაციონი გაუმრავალფეროვნე
და კიდევ რა აღარ...
მაგრამ არაფერმა იმუშავა.
რაც მთავარია, შიოდა და არ ჭამდა. ამ ფონზე გახდა ჭირვეული, დაიწყო მთელი ხმით ტირილი, ფეხების ბაკუნით და თავის ძირს გაწოლებით გაპროტესტება.
გააპროტესტა ზიარებაც...
დაიწყო ტირილი ბანაობისას...
მოკლედ კოშმარული 1.5 თვე გავატარეთ მთელმა ოჯახმა.მაგრამ დიდი ნებისყოფის ფასად და დაკვირვების შედეგად, აღმოვაჩინე მისი ახალი კუმირი - "მიკიუსი".
მოვიარე მთელი თბილისი და ბოლოს მივაკვლიე ამ ორ ჯადოსნურ ნივთს.
პირველ დღესვე ყურებიანი თავსახურის წყალობით საწრუპით მიიღო დასალევი იოგურტი, მთელი ჭიქა.(ხომ წარმოგიდგენიათ,რამდენად არაფერს ჭამდა,რომ ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი).
ფაქტობრივად ჰაერით და წყლით იკვებებოდა და ... რძით.
მეორე დღესაც იგივე განმეორდა დილით და მერე წავიყვანეთ ზიარებაზე.ეზიარა (ცოტა გაჭიევეულდა, მაგრამ...)
შუადღეს ისევ გავუკეთე სადილი, უიმედოდ მაგრამ... ნუ, იმ დღის შემდეგ თამაშით, სიმღერით და ცეკვით, მაგრამ ჭამს.
როგორც კი იტყვის, რომ ,,მორჩა" - აღარ ვაჭმევ.
თითქმის ყველა ჯერზე ცდილობს, ბოლომდე ჭამოს და მიიღოს დამსახურებული კომპლიმენტი აპლოდირების ფონზე.
გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილების გაზიარება მათთვის ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, რადგან უკვე კარგად ვიცი, რას ნიშნავს მშიერი შვილი,'' - აღნიშნავს ეკა ხიზანიშვილი.
„არ გვინდა ზედმეტი სტრესის მიყენება ჩვენი შვილებისთვის, მოვეფეროთ, ვუთხრათ: არაფერია, შენ გვერდით ვარ,“ - ყარამან ფაღავა
პედიატრი ყარამან ფაღავა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ბავშვის თვითრეალიზაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი პირობების შექმნის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, უმთავრესია, რომ ბავშვი ჯანმრთელი იყოს და მას კომფორტი ჰქონდეს:
„პირველ რიგში, ჯანმრთელობაა, შემდეგ არის ცოდნა, ლოგიკა უნდა ვასწავლოთ ბავშვს. მნიშვნელოვანია ეთიკური იდეალების გათავისიანება. ესთეტიკის გრძნობა უნდა ჰქონდეს ბავშვს. ძალიან მნიშვნელოვანი არის კომფორტი. ჩვენ ყველას გვესაჭიროება კომფორტი. კომფორტი არის ყველაფერი, პირველ რიგში, ოჯახი. მოსიყვარულე ოჯახი რომ იქნება, ბავშვიც იქნება უფრო მოსიყვარულე. რასაკვირველია, ეკონომიკურ ფაქტორებზე არავინ იტყვის უარს, მაგრამ მთავარი მაინც არის სოციალური გარემო.“
ყარამან ფაღავას თქმით, ბავშვის ნიჭის აღმოჩენა მნიშვნელოვანია და მშობელმა ყველაფერი უნდა გააკეთოს შვილის მისწრაფებების წასახალისებლად:
„ყველა მშობელს ვეტყოდი, რომ დავაკვირდეთ საითკენ უწევს ბავშვს გული. შემდეგ იმ მიმართულებით მივცეთ მას შესაძლებლობები. თქვენ იცით ყანჩელი, უდიდესი კომპოზიტორი. მამამისი იყო ჰიგიენისტი. ჩვენთან იყო სტუმრად და ამბობდა: ჩემმა ბიჭმა ბიოლოგიური დაამთავრა, მინდოდა ხელობა ჰქონოდა. რომ დაამთავრა სწავლა, მომიტანა დიპლომი და მითხრა: მამა, სურვილი აგისრულე, ახლა მაცალე ის გავაკეთო, რაც მე მინდაო. ამიტომ სულ ამას ვამბობ: დავაკვირდეთ ბავშვს და მივცეთ ასპარეზი. რასაკვირველია, ყველაფერი საუკეთესო გვინდა ბავშვისთვის. ნუ დავაძალებთ, გავყვეთ მის მიდრეკილებას და მის სურვილს.“
ყარამან ფაღავა უძილობის პრობლემის შესახებ საუბრობს და მშობლებს ურჩევს, რამდენიმე ფაქტორზე გაამახვილონ ყურადღება:
„თუ ბავშვს ღამით არ ძინავს, რამდენიმე ფაქტორია. პირველ რიგში, არის სოციალური გარემო. ხმაური არ უნდა იყოს ოჯახში ნამეტანი. არ ვამბობ, რომ ფეხაკრეფით იარონ, მაგრამ მძიმე როკი და ზედმეტი ხმაური არ უნდა იყოს. არ უნდა იყოს დახუთულობა. თუ ბავშვი მძიმე მშობიარობით დიაბადა, შესაძლოა, ეს იყოს ასფიქსიის შედეგები და ექიმთან კონსულტაციაა საჭირო. ძალიან იშვიათად ხდება, რომ ძილის სტრუქტურა არის დარღვეული. საერთოდ, ყველაზე უკეთესი ძილის წამალი არის განიავება. ოთახში უნდა გრილოდეს. დააკვირდით, ბავშვს ეზოში ან აივანზე როგორ სძინავს. თუ აივანზე იძინებს და სახლში არა, ე.ი. ჟანგბადი აკლია სახლში. უხშირესი მიზეზი ეს არის.“
„არ გვინდა ზედმეტი სტრესის მიყენება ჩვენი შვილებისთვის. მოვეფეროთ, ვუთხრათ: „სიბნელეა, არაფერია, პატარა სანათს აგინთებ, შენს გვერდით ვარ.“ სულ ვამბობ, რომ მოფერებას ზედა ზღვარი არ აქვს. ეს არ ნიშნავს ყველაფრის ნების მიცემას. ბავშვს უნდა უთხრა: „შენზე საყვარელი არავინ მყავს, მაგრამ ეს არ შეიძლება.“ როდესაც ბავშვი ვერ იძინებს, გაუცინეთ, უმღერეთ იავნანა, ზღაპარი წაუკითხეთ. საღამო არ უნდა იყოს ბავშვისთვის სტრესის გამომწვევი, არ უნდა ფიქრობდეს: „ახლა დამტოვებენ და მარტო ვიქნები.“ ყველას გასაგონად ვამბობ, რომ ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ,“ - აღნიშნავს ყარამან ფაღავა.