Baby Bag

რა მოხდება, თუ ბავშვი საღეჭ რეზინს ჩაყლაპავს?

რა მოხდება, თუ ბავშვი საღეჭ რეზინს ჩაყლაპავს?
რა მოხდება, თუ ბავშვი საღეჭ რეზინს ჩაყლაპავს, - აღნიშნულ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე საუბრობს. გთავაზობს მის ​ბლოგს უცვლელად:

​„არ ვიცი, თქვენ აშინებთ თუ არა თქვენს პატარებს იმ შედეგით, რაც საღეჭი რეზინის ჩაყლაპვას მოჰყვება, მაგრამ ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი მთავარი შიში სწორედ ამასთან იყო დაკავშირებული.

​„თუ გადაყლაპავ, ექიმები მუცელს გაგიჭირიან“ - ეს ის იყო, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა.

​არადა, როგორ უყვართ პატარებს ღეჭვა?! ჯერ ერთი, საღეჭი რეზინი ყოველგვარ კანფეტზე გემრიელი ჰგონიათ, და მეორეც, ღეჭვით ხომ ისინი დიდებს ემსგავსებიან?!

​საღეჭი რეზინისა რა მოგახსენოთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ადამიანები უძველესი ხანიდან ღეჭავენ და რაღას არა - მცენარის ფესვებს, კოკასა და თამბაქოს ფოთლებს, ზოგიერთი ხის ფისს. ჰოდა, რა გასაკვირია, თუ თქვენს პატარასაც უყვარს გემრიელი საღეჭი რეზინი?!

​რისგან შესდგება საღეჭი რეზინი?

​მთავარი ინგრედიენტი წებოვანი მასაა, რომელიც მცენარე საპოდილას (ახრასი) რძე-წვენის დამუშავებით მიიღება. ემატება გემოსა და ფერის მიმცემი პროდუქტები, შაქარი ან შაქრის შემცვლელი. მწარმოებელთა უდიდესი ნაწილი უპირატესობას სწორედ ამ უკანასკნელს ანიჭებს.

​არცერთი ეს ნივთიერება არ იწოვება ნაწლავებიდან. შესაბამისად, თუ ბავშვი საღეჭ რეზინს შემთხვევით ჩაყლაპავს, ეს პატარა გემრიელი ნაჭერი მშვიდობიანად გაივლის კუჭ-ნაწლავის ტრაქტს და თავის მოგზაურობას საბავშვო ქოთანში ან უნიტაზში დაასრულებს.

​საფრთხე ძალიან იშვიათად იქმნება და ისიც მაშინ, თუ ბავშვი დროის მცირე მონაკვეთში დიდი რაოდენობით საღეჭ რეზინს გადაყლაპავს.

​ამ შემთხვევაში არსებობს შანსი, რომ საღეჭი რეზინის დიდმა რაოდენობამ ნაწლავის სანათურის ბლოკირება მოახდინოს და ოპერაციული ჩარევა მართლად გახდეს საჭირო. მაგრამ რადგან მსგავსი ფაქტები მედიცინის ისტორიაში უკიდურესად იშვიათია, ბავშვის მეტისმეტად შეშინება არ ღირს.

​ახლა მთავარი - ღეჭვისას, როცა პატარა დარბის, იცინის, ლაპარაკობს, შესაძლებელია მოხდეს საღეჭი რეზინის გადაცდენა და მისი სასუნთქ გზებში მოხვედრა. მით უმეტეს, რომ ადრეულ ასაკში სრულად მომწიფებული არ არის კოორდინაციული რეაქცია საყლაპავასა და ხორხსარქველს შორის, რაც გადაცდენისას უზრუნველყოფს სასუნთქი გზების უსწრაფეს დახურვას ხორხსარქველით. აი, ეს კი ნამდვილი საფრთხეა!

​როგორ მოვიქცეთ?

​საღეჭი რეზინის ბავშვისათვის შეთავაზება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როცა ის აცნობიერებს - ეს კანფეტი არ არის და მისი გადაყლაპვა არ შეიძლება. ეს დაახლოებით 4-5 წლიდან ხდება.

​ამ ასაკისათვის დღეში 1-2 საღეჭი რეზინის მიცემა შეიძლება.

​აუცილებლად დაიცავით უსაფრთხოების წესები, რომელიც საღეჭი რეზინის სასუნთქ გზებში გადაცდენას აგაცილებთ თავიდან,“ - წერს პედიატრი თამარ ობგაიძე.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე ​დედები

რამდენად მიზანშეწონილია საღეჭი რეზინის ღეჭვა ბავშვებისთვის?
დღეს საღეჭი რეზინის დიდი არჩევანია და ფასიც ხელმისაწვდომია. ამდენად, სკოლის ბავშვების უმრავლესობა თავად ყიდულობს საღეჭ რეზინას დამთელი დღე ღეჭავს. ალბათ გაინტერესებთ, რამდენად მიზანშეწონილია მისი ღეჭვ...

შეიძლება დაინტერესდეთ

​რა არის ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომი?

​რა არის ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომი?

რა არის ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომი, - ამის შესახებ პედიატრი თამარ ობგაიძე წერს. გთავაზობთ მის ​ნათქვამს სიიტყვა-სიტყვით:

ყოველწლიურად აშშ-ში დაახლოებით 3 500 ბავშვი კვდება უეცრად, ყოველგვარი წინასაწარი ფონის და დაავადების გარეშე. ყოველწლიურად სწორედ ამდენივე ოჯახი დგება ეჭვის ქვეშ, დადის დაკითხვებზე, ექვემდებარება სამართლდამცველთა მხრიდან დაკვირვებებს მანამ, სანამ საბოლოოდ დადგინდება - ბავშვის გარდაცვალების მიზეზი ე.წ. ჩვილის უეცარი სიკვდილის სინდრომია.

ეს არის სიკვდილი, რომლის მიზეზი არავინ იცის. სიკვდილისშემდგომი არცერთი კვლევით მისი მიზეზი არ დგინდება.

​ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ რამდენიმე ჰიპოთეზა, რაც შესაძლოა, ხსნიდეს მანამდე სრულიად ჯანმრთელი ჩვილის უეცარ სიკვდილს, მათ შორის, ცვლილებები თავის ტვინში, ჰიპოთალამუსის მიდამოში, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ ვარაუდებია და კვლევა-ძიება ისევ გრძელდება.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ეს სინდრომი გააერთიანა ჩვილთა მოულოდნელი სიკვდილის სინდრომთა ჯგუფში, სადაც ასევე შედის გარდაცვალების სხვა, თუმცა დაზუსტებული მიზეზები - მაგალითად, უეცარი მოხრჩობა, მოულოდნელი სიკვდილი ინფექციების ან ნევროლოგიური პათოლოგიების დროს.

მიზეზები, როგორც უკვე გითხარით, უცნობია, თუმცა დადგენილია ის რისკ-ფაქტორები, რომლებიც, სავარაუდოდ, ხელს უწყობს ჩვილთა უეცარ სიკვდილს:

ძირითადი რისკ-ფაქტორები:

  • ბავშვის ასაკი - უხშირესად 2-დან 4 თვემდე.
  • სქესი - უეცრად ვაჟები უფრო ხშირად იღუპებიან, ვიდრე გოგონები.
  • რასა - სრულიად აუხსნელი მიზეზების გამო ფერადკანიანთა შორის ეს სინდრომი უფრო ხშირია.
  • თავის ტვინის თანდაყოლილი პათოლოგიები.
  • დღენაკლულობა და დაბადებისას დაბალი მასა.
  • პასიური მწეველობა - დადგენილია, რომ ჩვილები უეცრად უხშირესად მწველთა ოჯახებში კვდებიან.
  • დედის მიერ ნარკოტიკების, ალკოჰოლის მოხმარება.
  • დედის ადრეული ასაკი (20 წელზე უფრ ახალგაზრდა).
  • ორსულობისას ქალზე არასრულფასოვანი სამედიცინო დაკვირვება და არადეკვატური მოვლა.
  • ოჯახური ისტორია - მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან ის ბავშვები, რომელთა და, ძმა, ბიძაშვილი, მამიდაშვილია ან დეიდაშვილი ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომით გარდაიცვალა.
  • მუცელზე ძილი - გასული საუკუნის 80-ინი წლებში აშშ პედიატრიის აკადემიამ ჩვილებისთვის რეკომენდაცია გაუწია მუცელზე ძილს. სწორედ იმ წლებში ჩვილთა უეცარმა სიკვდილობამ მკვეთრად იმატა. 90-იანი წლებიდან ძილის წესის ახალი რეკომენდაციის შემდეგ (ძილი ზურგზე), სტატისტიკა ასევე მკვეთრად გააუმჯობესა.

შემდეგი ბლოგი სწორედ ბავშვის უსაფრთხოებას მიეძღვნება. მოგიყვებით, როგორია უსაფრთხო ძილის წესები ჩვილებისათვის, კიდევ რა უნდა გააკეთოთ იმისათვის და რომ თქვენც უშიშირად გეძინოთ, არ გაფიქრებდეთ ის, რაზეც უკვე მოგიყევით,“ - წერს პედიატრი თამარ ობგაიძე.

წაიკითხეთ სრულად