Baby Bag

როგორ ავუხსნათ ყველაზე პატარებს, რა არის კორონავირუსი და როგორ იყვნენ ფრთხილად? - პედიატრ თამარ ობგაიძის კორონა ამბავი ბავშვებისათვის

როგორ ავუხსნათ ყველაზე პატარებს, რა არის კორონავირუსი და როგორ იყვნენ ფრთხილად? - პედიატრ თამარ ობგაიძის კორონა ამბავი ბავშვებისათვის

ცნობილი პედიატრი თამარ ობგაიძე საკუთარ ბლოგზე ბავშვებისთვის ​კორონა ამბავს აქვყენებს. გთავაზობთ მის პოსტს უცვლელად:

„​ყველაფერი კარგად იქნება

(კორონაამბავი ბავშვებისათვის)
- დღეს საბავშვო ბაღში არ მიდიხარ. - ელენეს დედის ხმა არ მოეწონა.
- რატომ?
არადა როგორი დილა იყო, ალერსიანი მზით სავსე.
- იმიტომ, რომ გარეთ კორონავირუსი დადის.
- კორონავირუსი რა არის? - იკითხა ელენემ, მაგრამ ოთახში დედა უკვე აღარ იყო. სამაგიეროდ, სამზარეულოდან ბლენდერის ხმა ისმოდა. ელენეს საუზმე უკვე მზადდებოდა.
ხმაურზე კუთხეში, საკუთარ ღუნღულა საწოლში მოკალათებულმა მუსიე რენემ ყურები ცქვიტა. ელენეს გაღვიძება მალე ეზოში გასეირნებას ნიშნავდა. ჰო, მართლა, მუსიე რენე პატარა თეთრი ხუჭუჭა ძაღლია.
- კორონავირუსი ერთი ბეწო ავი ცოცხალი ვირუსია, რომელსაც შეუძლია, ადამიანი ავად გახადოს. ცუდი ისაა, რომ ის თვალით არ ჩანს - გამოსძახა გვერდზე საწოლიდან სანდრომ. სანდრო ელენეს ძმაა. - იცი, როგორია? მრგვალი და ბევრი, დიიიდი საცეცები აქვს და მოდის, მოდის...- სანდრომ ხელები ავისმომასწავებლად აღმართა, შუბლი შეიკრა და საბნისქვეშ შეძვრალ ელენეს დააცხრა.
- დედააააააა! - ხმაურზე ოთახში შემოსულ დედას ოთახში ატირებული ელენე, ახარხარებული სანდრო და შეშინებული რენე დახვდნენ.
- კორონავირუსი ჩემთანაც მოვა?
- არ მოვა, თუ დაემალები - დედა ისეთი მშვიდი იყო, ელენეს აღარ შეეშინდა.
- როგორ დავემალო? -დედის მკერდს მიხუტებული ელენე ჩუმად სლუკუნებდა-სამსახურში წამიყვანე, შენთან ერთად არ მეშინია.
- სამსახურში როგორ წაგიყვანო? - გაეღიმა დედას - შენ ხომ კორონავირუსის გეშინია. იქ კი ბევრი კორონავირუსია.
ელენეს გაახსენდა, რომ დედა ექიმი იყო და საავადმყოფოში მუშაობდა.
- მე გასწავლი, როგორ დაემალო კორონავირუსს. - პიჟამოიანი სანდრო ლოგინიდან წამოხტა. - აბაზანაში წამომყევი.
მწყობრად დაადგნენ სააბაზანოს გზას - წინ სანდრო, უკან ელენე, სულ ბოლოს მუსიე რენე მხიარული ყეფით.
სანდრომ ონკანი მოუშვა.
- აი, მიყურე. წესი პირველი - დაიბანე ხელები საპნით ხშირად! თუ ხშირად დაიბან, მარტო კორონავირუსი კი არა, არც სხვა ვირუსები მოგეკარება.
სანდრომ მაჯები დაიკაპიწა და ხელები მოშვებულ წყალს შეუშვირა.
- იბან 20 წამის განმავლობაში.
- საათი რომ არ მაქვს?
- არ გჭირდება საათი. უბრალოდ სწრაფად დათვალე 20-მდე. მიდი.
ელენემაც შეუშვირა პატარა ხელები წყალს. -ერთი, ორი, სამი...
-კარგად დაიბანე და ცერა თითები არ გამოგრჩეს.
ბავშვებმა სველი ხელები გაიმშრალეს.
- წესი მეორე - დადექი შენი მეგობრებისგან ცოტათი შორს.
ეს უკვე ძნელი იყო.
სანდრომ ნაბიჯები დათვალა და ელენესგან მოშორებით დადგა.
- ამ მანძილზე ვირუსი ვერ მოგვწვდება.
- წესი მესამე - ქუჩაში გასვლისას გაიკეთე პირბადე.
სანდრომ დას პირბადე სწრაფად მოარგო ცხვირ-პირზე. - მხოლოდ პატარა ბავშვებს არ უკეთიათ ნიღაბი. შენ ხომ პატარა აღარ ხარ?!
- ვერ ვსუნთქვ! - დაიჩივლა ელენემ და პირბადე ოდნავ ქვემოთ დასწია.
- ასე არა! დაიმახსოვრე, პირბადე სწორად გიკეთია, თუ ცხვირიც და პირიც დამალული გაქვს. აი, მიყურე! სანდრომ საიმედოდ მოირგო ადამიანი-ობობას გამოსახულებიანი პირბადე.
- როცა გახველებს, გაცემინებს ან ხმამაღლა ლაპარაკობ, პირიდან და ცხვირიდან პაწაწინა წვეთები იფრქვევა, რომელშიც კორონავირუსებია. თუ ეს წვეთები შენს სახეს მოხვდა, ვირუსი შენთანაც შემოძვრება. თუ ორივეს ნიღაბი გვეკეთება, წვეთები და ვირუსი ჩვენამდე ვერ მოაღწევენ და ავადაც არ გავხდებით.
ნიღაბაფარებული ელენე ყურადღებით უსმენდა ძმას.
- წესი მეოთხე - თუ ყელი გტკივა, სიცხე გაქვს, ცხვირში გიჭერს ან ...ან... რა ვიცი, ცუდად ხარ მოკლედ, დედას უნდა უთხრა და გარეთ არ გახვიდე, რომ სხვებსაც არ გადასდო.
-და რენეს ვინ გაასეირნებს? -შეფიქრიანდა ელენე და რენემაც ისევ აცქვიტა პატარა ყურები.
- წესი მეხუთე - როცა გახველებს ან გაცემინებს...
- ეგ ვიცი, ცხვირ-პირზე ხელი უნდა ავიფარო - შეწყვეტინა გოგომ და სახეზე პატარა ხელები აიფარა.
- არაფერიც! ეგ სწორი არაა! ცხვირ-პირზე იდაყვი უნდა აიფარო. აი ასე.- სანდრომ სახესთან მოხრილი იდაყვი მიიტანა.- თუ ასე დაახველებ, წვეთები არ გაიფრქვევა და თან ხელები სუფთა დაგრჩება.
- აააა-ჩაფიქრდა ელენე და სანდროსავით მოხარა იდაყვი.
- და თუ დაგავიწყდა და მაინც ხელები მიიტანე ცხვირ-პირთან? - ბიჭი გამომცდელად უყურებდა დას - მაშინ?
- მაშინ აბაზანაში უნდა წავიდე და ხელები დავიბანო - ამაყად მიუგო ელენემ.
- ყოჩაღ! და თუ სახლში არ ხარ და არც წყალი გაქვს?
ეს უკვე მძიმე ამოცანა იყო და ელენეს პასუხი არ ჰქონდა.
- ჰოოოდა, დაიმახსოვრე! ჩანთაში უნდა გქონდეს საინტაიზერი. ამ სითხის ხელებზე წასმისას წყალი არ დაგჭირდება, ის ვირუსებისაგან იცავს.
- საანი ტაააიიზი? - სასაცილოდ ჩამომარცვლა გოგომ
- ჰოოო, ხელების დასამუშავებელი სითხე. აჰა! გქონდეს - გაუწოდა ჩანთიდან ამოღებული პატარა ბოთლი სანდრომ - მე კიდევ მაქვს. -ესეც მეექვსე წესი.
- კიდევ არის წესები? რენე უნდა გავიყვანო ეზოში, არ მცალია! - მობეზრდა ელენეს კორონავირუსთან ბრძოლა. რენე კი მოუთმენლად იდგა სახლის კართან.
- არის! - ოთახში შემოსულ დედას გემრიელი საუზმის სუნი შემოჰყვა. - მეშვიდე წესი: - თუ გინდა, რომ ავად არ გახდე, კარგად უნდა ჭამო. და თან ისეთი საკვები, სადაც ბევრი სასარგებლო ნივთიერებაა, რომელიც იმუნიტეტს გააძლიერებს.
აი, აქ კი სულ დაიბნა პატარა ელენე.
- იმუნიტეტის გაძლიერება რაღაა?
- იმუნიტეტი ჩვენი დაცვაა, ამიტომ თუ ის ძლიერია, კორონავირუსი ვერ მოგვერევა. გაიგე? - ეს მამა იყო, ის სამსახურში ყოველდილას ველოსიპედით დადიოდა, ახლაც გამოსაცვლელ ტანსაცმელს ალაგებდა ჩანთაში - უნდა ჭამო ხორცი, ფაფები, ხილი და ბოსტნეული, რძეც დალიო და ყველაფერზე „არ მინდა“ არ უნდა იძახო!
- სწორია! - გაზქურასთან მდგარ დედას უკვე გადმოეღო ომლეტი ელენესთვის თეფშზე და ფორთხოლის წვენს უსხამდა.
ყველაფრისმცოდნე სანდრო რძეში ბურღულს იყრიდა. ის ყოველთვის თავად იმზადებდა ფაფას.
- თუ სასარგებლო საჭმელს შეჭამ, ბევრ ვიტამინს მიიღებ და ავად აღარ გახდები.
- და კიდევ, დაიმახსოვრე მერვე წესი - ოხშივარავარდნილი ყავის ჭიქა მაგიდაზე დადგა მამამ -აუცილებლად უნდა ისეირნო სუფთა ჰაერზე, ითამაშო, ირბინო. გახსოვდეს, ყოჩაღებს კორონავირუსი ვერ ერევა.
- ისევ კორონავირუსზე ლაპარაკობთ?- კარის ზღურბლზე ბებო იდგა.
- უჰ, სულ დამავიწყდა! - წამოხტა სანდრო- ელენე, აი, მეცხრე წესი - დროებით არ ჩავეხუტოთ ბებოს და პაპას, ჩვენ მათ ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ.
ეს ბოლო წვეთი იყო და ელენე ატირდა.
- რატოოოოომ?
- იმიტომ, რომ ბებიებს და ბაბუებს კორონავირუსმა შეიძლება... შეიძლება... ძალიან ატკინოს რამე, უფრო მეტად, ვიდრე ჩვენ.
ბებო რისი ბებოა?! მაინც ჩაეხუტა ატირებულ ელენეს და როცა დედიკო და მამიკო სამსახურში წავიდნენ, კარადაში გადამალული ფორთხოლიანი ნამცხვარიც გამოაჩინა.
- მე მაინც მგონია, რომ ეს კორონავირუსი დიდი ხანი ჩვენთან ერთად ვერ იცხოვრებს. აი, სულ ცოტა ხანი უნდა გავიჭირვოთ და წესები დავიცვათ.
- ვერ იქნება, ჰო. მეცნიერები ვაქცინაზე მუშაობენ - ყველაფრისმცოდნე სანდრომ ნამცხვრის დიდი ნაჭერი სწრაფად გადაყლაპა. ისე, დედას არ უყვარდა, როცა ბავშვები ბევრ ტკბილეულს ჭამდნენ.
ვაქცინა რა იყო, ელენეს ახსოვდა - 1 კვირის წინ დედამ კლინიკაში რომ წაიყვანა, რაღაც ნემსი გაუკეთეს და უთხრეს, ავად აღარ გახდებიო.
- კი, მალე წავა - დაუდასტურა ბებიამ - როცა ადამიანებს ერთმანეთი უყვართ, ერთმანეთს უფრთხილდებიან და ზრუნავენ, არ შეიძლება, ყველაზე ცუდი ამბავიც კი კარგად არ დასრულდეს. ეს მეათე და მთავარი წესია!
- და ყველაფერი კარგად იქნება! - ელენემ რენეს საბელი მოიტანა - ჩვენ სასეირნოდ მივდივართ!
- და ყველაფერი კარგად იქნება! - გაიმეორა ბებიამ და ფანჯრიდან მზიან ეზოში ძაღლთან ერთად მორბენალ ელენეს ალერსიანი მზერა დაადევნა.
ახალი და იმედიანი დღე იწყებოდა.“

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯ​გუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

„კოვიდ-19-ით ინფიცირების დროს ყელის ტკივილი ლოკალიზდება ხორხ-ხახაში, პაციენტს აქვს წვის, ფხაჭნის და სიმშრალის შეგრძნება,“ - ოტორინოლარინგოლოგი ქეთევან გოცაძე

„კოვიდ-19-ით ინფიცირების დროს  ყელის ტკივილი ლოკალიზდება ხორხ-ხახაში, პაციენტს აქვს წვის, ფხაჭნის და სიმშრალის შეგრძნება,“ - ოტორინოლარინგოლოგი ქეთევან გოცაძე

​​ოტორინოლარინგოლოგი ქეთევან გოცაძე კოვიდ 19-ისთვის დამახასიათებელი ყელის ტკივილის თავისებურებებზე საუბრობს და გვასწავლის, როგორ გავარჩიოთ ის ტონზილიტისგან:

„იმის მიხედვით, თუ რა ნაწილიდან შეიჭრა კოვიდი ორგანიზმში, სწორედ იმ ორგანოდან იწყება სიმპტომების გამოკვეთა. კოვიდი არის ვირუსი და ორგანიზმში შეჭრისთვის მას სჭირდება თავისი ბაზა, თავისი გასაღები. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჩვენს ორგანიზმში აღმოჩნდა ასეთი ფერმენტი, რომელიც სასუნთქ გზებში იმყოფება, როგორც ცხვირში, ასევე პირ-ხახაში, ​ფილტვებსა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. თუ ვირუსის შეჭრა მოხდა ხახიდან, პაციენტს გამოხატული აქვს ყელის ტკივილი. კარგად რომ გავარჩიოთ, ამ დროს პაციენტს აქვს წვის, ფხაჭნის და სიმშრალის შეგრძნება. ადრე ასეც აღწერდნენ პაციენტები, მინა რომ დაგიფხვნია და ჩაგიყლაპავს, აი, ასეთი მჭრელი ტკივილიაო.“

ქეთევან გოცაძის თქმით, კოვიდინფიცირებულებში ყელის ტკივილი მეორე დღიდან უფრო ძლიერდება:

„თუ ეს არის ​კოვიდი, პირველ დღეს არის ასეთი შეგრძნება. მეორე დღეს ტემპერატურა თუ იმატებს, შესაძლოა, ტკივილმაც მოიმატოს. როგორ უნდა გავარჩიოთ კოვიდის ყელის ტკივილი სხვა სახის ყელის ტკივილისგან? მწვავე ტონზილიტის დროს ტკივილი უფრო ძლიერია და ნუშურებში არის ლოკალიზებული, უფრო ზემოთ. კოვიდის ყელის ტკივილი ლოკალიზდება ხორხ-ხახაში. პაციენტი სწორედ ამ ადგილას იდებს ხელს და გეუბნება, რომ აქვს ტკივილი. კოვიდს არ ახასაითებს ჩირქოვანი ნადები. ყლაპვა არ არის ისეთი მტკივნეული. კოვიდ-19-ის დროს ხმა შეცვლილი არ არის.“

ქეთევან გოცაძე უარყოფს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სურდო კოვიდის დამახასიათებელი ნიშანი არ არის:

„ერთი პერიოდი ფიქრობდნენ, რომ თუ გაქვს სურდო, ე.ი. არ გაქვს კოვიდი, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. ​კოვიდით ინფიცირებული​ პაციენტი ხშირად სურდოს, ცხვირის გაჭედვის გარეშე კარგავს ყნოსვის შეგრძნებას. ამ შემთხვევაში ვირუსის შეჭრა ხდება ცხვირის გზით. ადრე თვლიდნენ, რომ კოვიდი აზიანებს ყნოსვის ნერვს. აღმოჩნდა, რომ ეს არასწორია. ის აქვეითებს ნერვის ფუნქციას, აზიანებს სტრუქტურას და მეტაბოლურ პროცესებს ცვლის. ნერვი შენახულია, რის გამოც გამოჯანმრთელების შემდეგ ყნოსვის აღდგენა თითქმის 100 %-ში ხდება.“

„ყნოსვის დაკარგვაზე არანაირი რეკომენდაცია არ არსებობს. იმის გასაგებად დაგვიბრუნდა თუ არა ყნოსვა, მკვეთრი სუნები უნდა მოვსინჯოთ, ვარდის, მიხაკის, ციტრუსის, მინდვრის ყვავილი. ზოგს ყნოსვის დაკარგვა ერთ თვემდე უგრძელდება, შესაძლოა ეს ექვს თვემდეც გაგრძელდეს, მაგრამ საბედნიეროდ ბრუნდება. კოვიდი ცხვირში თუა გამოხატული, შეიძლება ვლინდებოდეს რინიტის მოვლენებით. გაქვთ სურდო, შეშუპება. ამ შემთხვევაში შეიძლება ყურისმიერი მოვლენებიც განვითარდეს. პაციენტები ხშირად აღნიშნავენ, რომ მათ აწუხებთ ყურის დაგუბება, ყოველგვარი რინიტის მოვლენების გარეშე. ისინი კარგავენ წონასწორობას და უჩივიან შუილს ყურებში. ეს, შესაძლოა, უფრო სისხლძარღვოვანი მოვლენები იყოს. თუ ცხვირის გაჭედვასთანაა დაკავშირებული, მაშინ შეიძლება განვითარდეს​ შუა ყურის ანთებაც. კოვიდის დროს პაციენტი სტრესშია. მის ორგანიზმში გამომუშავდება კორტიზოლი, რომელიც იწვევს სისხლძარღვების შევიწროვებას. სწორედ ამიტომ, ემოციაც უნდა ვმართოთ, - აცხადებს ქეთევან გოცაძე.

წყარო: ​დილა ფორმულაზე

წაიკითხეთ სრულად