როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი საფენს, რა ხერხებით არის შესაძლებელი, რომ მივაჩვიოთ ქოთანზე დასმას და რა ასაკიდან უნდა მივიჩნიოთ პრობლემად შარდის ან განავლის შეუკავებლობა? - ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრი, ბავშვთა ნეფროლოგი ქეთევან ქვათაძე.
- ქალბატონო ქეთევან, მშობლებისთვის პრობლემას წარმოადგენს პატარას საფენისგან გადაჩვევა. რა ასაკიდან უნდა დავსვათ ბავშვი ქოთანზე?
- ყველა ბავშვის განვითარება ინდივიდუალურია. ამის გათვალისწინებით განსხვავდება საფენის გახდის და ტუალეტის უნარ-ჩვევების შესწავლის ასაკი. ზოგიერთი კვლევით დასტურდება, რომ ბავშვების უმეტესობა ტუალეტის უნარ-ჩვევების შესწავლისთვის მზად არის 18-24 თვის ასაკისთვის. მიუხედავად ამისა, ასაკი არ არის ერთადერთი გასათვალისწინებელი ფაქტორი.
- რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა იმ დროს, როცა ქოთანზე დასმას გადაწყვეტს?
- წარმოგიდგენთ რამდენიმე ზოგად რჩევას და მითითებას, რომელიც შეიძლება გამოიყენოს ან გაითვალისწინოს მშობელმა.
პირველ რიგში, უნდა მოიმარაგოთ: კომფორტული დასაჯდომი ქოთანი და ტუალეტზე დასამაგრებელი რბილი ადაპტერი, დასადგომი სკამი ხელების დასაბანად, ილუსტრირებული წიგნი ან ვიდეორგოლები, სადაც არის გზამკვლევი ტუალეტის ტრენინგის შესახებ, პამპერსი ტრუსები, რამდენიმე ცალი ნაჭრის საცვალი, მატრასის დამცავი პამპერსი საფენი და წამახალისებელი სტიკერები.
ნაბიჯი პირველი:
ყურადღების მიპყრობა - ბავშვი მხოლოდ პამპერსით ან საცვლით ქოთანზე დასვით და წაუკითხეთ წიგნი ან აყურებინეთ ვიდეორგოლი, სადაც ტუალეტის ტრენინგის შესახებ არის მოთხრობილი.
ნაბიჯი მეორე:
შეარჩიეთ „კარგი დრო“ - სასურველია, იყოს თბილი ამინდები, რომ იოლად შეძლოთ ხშირად გამოცვლა. ოჯახის წევრები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობენ უნდა იყვნენ მაქსიმალურად ორიენტირებულები. არ დაამთხვიოთ მოგზაურობას ან საცხოვრებელი სახლის ცვლილებას.
ნაბიჯი მესამე:
დააწესეთ რუტინა - ბავშვი ქოთანზე ერთი და იმავე დროს დასვით, მაგალითად, სადილის ან ბანაობის შემდეგ, ძილის წინ. თავდაპირველად შესაძლებელია დაჯდეს ჩაცმული ან საფენით.
გახადე პერსონალური - შეეცადეთ პირადი პასუხისმგებლობა აუმაღლოთ. ქოთანში ან საფენში მოთავსებული ფეკალიები თქვენი დახმარებით გადააგდებინეთ ტუალეტში.
ნაბიჯი მეექვსე:
წაახალისეთ - მოტივაციის ამაღლებისთვის აუცილებელია წახალისება. ტუალეტის ჩვევებთან დაკავშირებით, ყოველი ახალი წინ გადადგმული ნაბიჯისთვის დააჯილდოვეთ, მაგალითად, აწარმოეთ დღიური, კალენდარი, სადაც ყოველდღიურად წებოვან ილუსტრირებულ სტიკერებს ბავშვი თავად ჩააკრავს.
ნაბიჯი მეშვიდე:
საცვალი - თავდაპირველად ადაპტაციამდე გამოიყენეთ პამპერსი ტრუსი, რომელსაც დამოუკიდებლად და იოლად თავად გაიხდის და ჩაიცვამს.
ნაბიჯი მერვე:
მარცხი - ჩასველებისას არ გაუბრაზდეთ და არ დასაჯოთ, შეხვდით ამას პოზიტიურად, გამოუცვალეთ და აუხსენით, რომ შემდეგ ჯერზე უფრო მეტად ყურადღება მიაქციოს მოშარდვის ან დეფეკაციის სურვილს.
ნაბიჯი მეცხრე:
ღამე - საწოლში დაუფინეთ დამცავი პამპერსი საფენი, რომელიც მატრასს დასველებისგან დაიცავს. თუ ღამით ტუალეტის ტრენინგის მცდელობა იქნება წარუმატებელი, არ იღელვოთ, ღამით ჩასველება 5 წლის ასაკამდე პათოლოგიასთან არ ასოცირდება.
ნაბიჯი მეათე:
ჯილდო - ტუალეტის ტრენინგის ყოველი მისი წარმატება სიხარულით აღნიშნეთ. სიტყვიერად შეაქეთ და დემონსტრაციულად აღნიშნეთ.
გაითვალისწინეთ, რომ თითოეული ნაბიჯის შესრულების და ადაპტაციისთვის შესაძლოა, მოგიწიოთ რამდენჯერმე განმეორება.
აუცილებელია გაითვალისწინოთ თქვენი ბავშვის სხვადასხვა ინდივიდუალური გარემოება და დეტალური ინფორმაციისთვის შეათანხმოთ ბავშვის პირად ექიმთან.
- რა ასაკიდან არის პრობლემა, თუ ბავშვს არ ჩამოუყალიბდა ეს ჩვევა და ვერ გადაეჩვია საფენს?
- როდესაც ბავშვი 4 წელზე მეტია და არ აქვს ჩამოყალიბებული დღისით ტუალეტის ჩვევები - აქვს შარდის და განავლის შეუკავებლობა, რეკომენდებულია, კონსულტაცია ექიმთან გაიაროთ.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
რა იწვევს ყურის ტკივილს ბავშვებში, როგორ შევუმსუბუქოთ ტკივილი პატარებს და როდის მივმართოთ ექიმს?
რა იწვევს ყურის ტკივილს ბავშვებში, როგორ შევუმსუბუქოთ ტკივილი პატარებს და როდის მივმართოთ ექიმს? - ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ოტორინოლარინგოლოგი შორენა წიკლაური.
- ძირითადად, რა იწვევს ყურის ტკივილს ბავშვებში? - ბავშვებში ყურის ტკივილის გამომწვევი მიზეზი უმეტესად არის ზედა სასუნთქი გზების მწვავე ინფექციური დაავადებები, რომლებიც ხშირად გვხვდება ბავშვთა ასაკში. როგორც წესი, ყურის ტკივილს, რომელიც გამოწვეულია შუა ყურის ანთებით, წინ უძღვის სურდო, შუა ყურში სითხის დაგროვება, წნევის მომატება.
ზოგადად, ყურის ტკივილი ბევრი მიზეზით შეიძლება გამოვლინდეს. არა მარტო შუა ყურის ანთებით, არამედ გარეთა ყურის ანთებით, ასევე გარეთა სასმენ მილში უცხო სხეულის არსებობით, გოგირდის საცობის არსებობით. ზოგჯერ ყელის ტკივილს და კბილების ამოჭრას თან სდევს ყურის ტკივილი. შესაძლოა, საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ტრავმირება მოხდეს და მისი ტკივილიც გამოვლინდეს ყურის მიდამოში, ასევე ყბაყურას დროს, რომელიც, როგორც წესი, ყურის ტკივილით იწყება. ლიმფადენიტი ანუ ადგილობრივი ლიმფური ჯირკვლების ანთებითაც შეიძლება გამოვლინდეს ყურის ტკივილით.
დაფის აპკის დაზიანების ორი ვარიანტი არსებობს. ერთი არის მექანიკური ტრავმის შედეგად - თუ მშობელმა ძალიან ღრმად გაუსუფთავა, ყურის ჩხირის მეშვეობით, ბავშვმა შეიძლება თავი გააქნიოს და დაზიანდეს აპკი. ასევე, ვთქვათ უხეშად აკოცა, შეიქმნა ვაკუუმი გარეთა სასმენ მილში და გასკდა დაფის აპკი. ხოლო მეორე და ძირითად შემთხვევაში, თუ შუა ყურში ანთების დროს დაგროვდა სითხე, კრიტიკულ წნევას რომ მიაღწევს, სკდება დაფის აპკი.
- ახლავს თუ არა სხვა სიმპტომები თან და კონკრეტულად რომელი?
- ვიზუალურად შესაძლოა, გარეთა სასმენი მილი იყოს შეწითლებული ან შეშუპებული, ყურის ნიჟარას ქაჩავენ და ისრესენ, შესაძლოა, შევამჩნიოთ ყურიდან გამონადენი, იშვიათ შემთხვევაში, გულისრევა. ასევე, თავის ტკივილი, სხეულის ტემპერატურის მატება.
იმის გათვალისწინებით, რომ ხშირად ყური სტკივათ პატარებს, რომელთაც არ შეუძლიათ ამის თქმა, მშობლები ხვდებიან იმით, რომ ბავშვებს ეწყებათ მოუსვენრობა, ჭამის დროს ტირილი. შეიძლება, დაძახების დროს მალევე არ ჰქონდეთ საპასუხო რეაქცია, რადგან კარგად არ ესმოდეთ.
- რას ურჩევდით მშობლებს, როგორ უმკურნალონ პატარებს?
- როგორც წესი, ყურის ტკივილის პირველივე სიმპტომზე ექიმთან ნაკლებად მიჰყავთ ხოლმე. მშობლებმა იციან, რომ უნდა მისცენ ტკივილგამაყუჩებელი, ძირითადად პარაცეტამოლი, იბუპროფენი, ოღონდ ასაკის და წონის გათვალისწინებით. თუ მეტ-ნაკლებად დარწმუნებულები ვართ, რომ შუა ყურის ანთებაა, ურიგო არ იქნება ნაზალური ვაზოკონსტრუქტორების გამოყენება, ესეც ასაკის მიხედვით. შეიძლება ყურის წვეთებიც გაყუჩების მიზნით, ოღონდ არავითარ შემთხვევაში, ყურიდან გამონადენი არ უნდა იყოს. სასურველია, როდესაც ბავშვს ყური სტკივა, თავი ცოტა მაღლა ჰქონდეს ან ნახევრად მჯდომარედ დააძინონ, ხოლო თუ ყურიდან გამონადენი დაეწყო, არ გამოიყენონ ყურის ჩხირი, საკმარისია თბილ წყალში დასველებული პირსახოცით მოწმინდონ.
- როდის არის აუცილებელი ექიმთან მიმართვა?
- ექიმს მიმართონ იმ შემთხვევაში, როდესაც ისმის კითხვა - საჭიროა თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში ანტიბიოტიკის გამოყენება, ექიმი თვითონ დაუნიშნავს. ასევე, თუ პატარა არ იღებს სითხეებს, დაეწყო გამონადენი (სისხლიანი, ჩირქოვანი). მივმართოთ ექიმს, თუ გამაყუჩებლების მიღების მიუხედავად ბავშვს გაუხანგრძლივდა ტკივილი და გაუუარესდა მდგომარეობა. თუ შეამჩნია, რომ ყურის ნიჟარამ წამოიწია წინ ან ნიჟარის უკან შეშუპდა, შეწითლდა, მტკივნეული გახდა, ეს უკვე შუა ყურის ანთების გართულებაზე მიუთითებს და აუცილებლად მიმართეთ ექიმს.