როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი საფენს, რა ხერხებით არის შესაძლებელი, რომ მივაჩვიოთ ქოთანზე დასმას და რა ასაკიდან უნდა მივიჩნიოთ პრობლემად შარდის ან განავლის შეუკავებლობა? - ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრი, ბავშვთა ნეფროლოგი ქეთევან ქვათაძე.
- ქალბატონო ქეთევან, მშობლებისთვის პრობლემას წარმოადგენს პატარას საფენისგან გადაჩვევა. რა ასაკიდან უნდა დავსვათ ბავშვი ქოთანზე?
- ყველა ბავშვის განვითარება ინდივიდუალურია. ამის გათვალისწინებით განსხვავდება საფენის გახდის და ტუალეტის უნარ-ჩვევების შესწავლის ასაკი. ზოგიერთი კვლევით დასტურდება, რომ ბავშვების უმეტესობა ტუალეტის უნარ-ჩვევების შესწავლისთვის მზად არის 18-24 თვის ასაკისთვის. მიუხედავად ამისა, ასაკი არ არის ერთადერთი გასათვალისწინებელი ფაქტორი.
- რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა იმ დროს, როცა ქოთანზე დასმას გადაწყვეტს?
- წარმოგიდგენთ რამდენიმე ზოგად რჩევას და მითითებას, რომელიც შეიძლება გამოიყენოს ან გაითვალისწინოს მშობელმა.
პირველ რიგში, უნდა მოიმარაგოთ: კომფორტული დასაჯდომი ქოთანი და ტუალეტზე დასამაგრებელი რბილი ადაპტერი, დასადგომი სკამი ხელების დასაბანად, ილუსტრირებული წიგნი ან ვიდეორგოლები, სადაც არის გზამკვლევი ტუალეტის ტრენინგის შესახებ, პამპერსი ტრუსები, რამდენიმე ცალი ნაჭრის საცვალი, მატრასის დამცავი პამპერსი საფენი და წამახალისებელი სტიკერები.
ნაბიჯი პირველი:
ყურადღების მიპყრობა - ბავშვი მხოლოდ პამპერსით ან საცვლით ქოთანზე დასვით და წაუკითხეთ წიგნი ან აყურებინეთ ვიდეორგოლი, სადაც ტუალეტის ტრენინგის შესახებ არის მოთხრობილი.
ნაბიჯი მეორე:
შეარჩიეთ „კარგი დრო“ - სასურველია, იყოს თბილი ამინდები, რომ იოლად შეძლოთ ხშირად გამოცვლა. ოჯახის წევრები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობენ უნდა იყვნენ მაქსიმალურად ორიენტირებულები. არ დაამთხვიოთ მოგზაურობას ან საცხოვრებელი სახლის ცვლილებას.
ნაბიჯი მესამე:
დააწესეთ რუტინა - ბავშვი ქოთანზე ერთი და იმავე დროს დასვით, მაგალითად, სადილის ან ბანაობის შემდეგ, ძილის წინ. თავდაპირველად შესაძლებელია დაჯდეს ჩაცმული ან საფენით.
გახადე პერსონალური - შეეცადეთ პირადი პასუხისმგებლობა აუმაღლოთ. ქოთანში ან საფენში მოთავსებული ფეკალიები თქვენი დახმარებით გადააგდებინეთ ტუალეტში.
ნაბიჯი მეექვსე:
წაახალისეთ - მოტივაციის ამაღლებისთვის აუცილებელია წახალისება. ტუალეტის ჩვევებთან დაკავშირებით, ყოველი ახალი წინ გადადგმული ნაბიჯისთვის დააჯილდოვეთ, მაგალითად, აწარმოეთ დღიური, კალენდარი, სადაც ყოველდღიურად წებოვან ილუსტრირებულ სტიკერებს ბავშვი თავად ჩააკრავს.
ნაბიჯი მეშვიდე:
საცვალი - თავდაპირველად ადაპტაციამდე გამოიყენეთ პამპერსი ტრუსი, რომელსაც დამოუკიდებლად და იოლად თავად გაიხდის და ჩაიცვამს.
ნაბიჯი მერვე:
მარცხი - ჩასველებისას არ გაუბრაზდეთ და არ დასაჯოთ, შეხვდით ამას პოზიტიურად, გამოუცვალეთ და აუხსენით, რომ შემდეგ ჯერზე უფრო მეტად ყურადღება მიაქციოს მოშარდვის ან დეფეკაციის სურვილს.
ნაბიჯი მეცხრე:
ღამე - საწოლში დაუფინეთ დამცავი პამპერსი საფენი, რომელიც მატრასს დასველებისგან დაიცავს. თუ ღამით ტუალეტის ტრენინგის მცდელობა იქნება წარუმატებელი, არ იღელვოთ, ღამით ჩასველება 5 წლის ასაკამდე პათოლოგიასთან არ ასოცირდება.
ნაბიჯი მეათე:
ჯილდო - ტუალეტის ტრენინგის ყოველი მისი წარმატება სიხარულით აღნიშნეთ. სიტყვიერად შეაქეთ და დემონსტრაციულად აღნიშნეთ.
გაითვალისწინეთ, რომ თითოეული ნაბიჯის შესრულების და ადაპტაციისთვის შესაძლოა, მოგიწიოთ რამდენჯერმე განმეორება.
აუცილებელია გაითვალისწინოთ თქვენი ბავშვის სხვადასხვა ინდივიდუალური გარემოება და დეტალური ინფორმაციისთვის შეათანხმოთ ბავშვის პირად ექიმთან.
- რა ასაკიდან არის პრობლემა, თუ ბავშვს არ ჩამოუყალიბდა ეს ჩვევა და ვერ გადაეჩვია საფენს?
- როდესაც ბავშვი 4 წელზე მეტია და არ აქვს ჩამოყალიბებული დღისით ტუალეტის ჩვევები - აქვს შარდის და განავლის შეუკავებლობა, რეკომენდებულია, კონსულტაცია ექიმთან გაიაროთ.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ჩემს შვილებს რომ საჭმელი აქვს და სხვისი შვილი რომ მშიერია, ეს რომ მტკივა და ვერ ვისვენებ, ეს არის ადამიანობა,“ - დეკანოზი შალვა კეკელია
დეკანოზმა შალვა კეკელიამ ადამიანებში შურისა და სხვისი სიხარულის გაზიარების სირთულეებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ შური სიხარულს ახლავს თან, ტკივილს კი - არა:
„ტკივილს, განსაცდელს შური თან არ ახლავს. შენ არ შეგშურდება, რომ ვიღაცას შვილი გარდაეცვალა, შენ არ შეგშურდება, რომ იმის შვილს ახლა ძალიან მძიმე დაავადება აქვს. მისმა შვილმა რომ ოქსოფრდში ჩააბარა და შენი შვილი უმაღლესში ვერ აბარებს, შეიძლება ამან შენში ძალიან დიდი შური შემოიტანოს, მიუხედავად იმისა, რომ ის შენი ძალიან ახლობელია. შეიძლება გეწყინოს, კი არ გაგიხარდეს ის, რომ აი, ჩემმა შვილმა ვერ ჩააბარა, მაგრამ ჩემი მეგობრის შვილმა ჩააბარა. ნახე, იმან რამდენი იშრომა და მე ძალიან გავიხარე ამით. როგორც ჩემი შვილის წარმატებით გავიხარებდი, ისე სხვისი შვილის წარმატებითაც გავიხარებ. ეს არის ნამდვილი ქრისტიანობა, როდესაც შენ ხარობ სხვისი სიხარულით.“
მამა შალვა კეკელიას თქმით, იმ ადამიანის სული, რომელსაც სხვისი სიხარული არ ახარებს, მძიმე მდგომარეობაშია:
„მე რომ გული მისკდება იმაზე, მე რომ შვილი არ მყავს, იმას რატომ ჰყავს შვილი, წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაში ადამიანის სული. როგორი სული უნდა გქონდეს ადამიანს, რომ შენ სხვისი სიხარული არ გიხაროდეს. რაც უფრო მეტი წარმატებული, მდიდარი, პროფესიონალი ადამიანი იქნება ამ ქვეყანაში, ეს ქვეყანა მით უფრო წინ წავა. რაც უფრო მეტი გაჭირვებული, გაუბედურებული იქნება ამ ქვეყანაში, ეს ხომ ყველას ტკივილი და ტრაგედიაა.“
„შენ ის კი არ უნდა გტკიოდეს, ვიღაცას რომ აქვს, შენ უნდა გტკიოდეს ის, რომ ვიღაცას არ აქვს. ვიღაც რომ სიბნელეშია, მე რომ შუქი მაქვს, ეს რომ მეტკინება, ეს არის ადამიანობა. ის კი არ იქნება ტკივილი, სხვას რომ შუქი აქვს და მე არა, ეს რომ მტკენს გულს. ჩემს შვილებს რომ საჭმელი აქვს და სხვისი შვილი რომ მშიერია, ეს რომ მტკივა და ვერ ვისვენებ, ეს არის ადამიანობა. როდესაც მე სხვისი სიხარულით გახარება შემიძლია, ამაზე ძვირფასი არაფერი არ არის. სიხარულს ყოველთვის შური ახლავს თან. ეშმაკი არის შურიანი. ღმერთი არის გამცემი, ღმერთს ყველასთვის ყველაფერი უნდა,“ - აღნიშნა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.