როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი საფენს, რა ხერხებით არის შესაძლებელი, რომ მივაჩვიოთ ქოთანზე დასმას და რა ასაკიდან უნდა მივიჩნიოთ პრობლემად შარდის ან განავლის შეუკავებლობა? - ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრი, ბავშვთა ნეფროლოგი ქეთევან ქვათაძე.
- ქალბატონო ქეთევან, მშობლებისთვის პრობლემას წარმოადგენს პატარას საფენისგან გადაჩვევა. რა ასაკიდან უნდა დავსვათ ბავშვი ქოთანზე?
- ყველა ბავშვის განვითარება ინდივიდუალურია. ამის გათვალისწინებით განსხვავდება საფენის გახდის და ტუალეტის უნარ-ჩვევების შესწავლის ასაკი. ზოგიერთი კვლევით დასტურდება, რომ ბავშვების უმეტესობა ტუალეტის უნარ-ჩვევების შესწავლისთვის მზად არის 18-24 თვის ასაკისთვის. მიუხედავად ამისა, ასაკი არ არის ერთადერთი გასათვალისწინებელი ფაქტორი.
- რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა იმ დროს, როცა ქოთანზე დასმას გადაწყვეტს?
- წარმოგიდგენთ რამდენიმე ზოგად რჩევას და მითითებას, რომელიც შეიძლება გამოიყენოს ან გაითვალისწინოს მშობელმა.
პირველ რიგში, უნდა მოიმარაგოთ: კომფორტული დასაჯდომი ქოთანი და ტუალეტზე დასამაგრებელი რბილი ადაპტერი, დასადგომი სკამი ხელების დასაბანად, ილუსტრირებული წიგნი ან ვიდეორგოლები, სადაც არის გზამკვლევი ტუალეტის ტრენინგის შესახებ, პამპერსი ტრუსები, რამდენიმე ცალი ნაჭრის საცვალი, მატრასის დამცავი პამპერსი საფენი და წამახალისებელი სტიკერები.
ნაბიჯი პირველი:
ყურადღების მიპყრობა - ბავშვი მხოლოდ პამპერსით ან საცვლით ქოთანზე დასვით და წაუკითხეთ წიგნი ან აყურებინეთ ვიდეორგოლი, სადაც ტუალეტის ტრენინგის შესახებ არის მოთხრობილი.
ნაბიჯი მეორე:
შეარჩიეთ „კარგი დრო“ - სასურველია, იყოს თბილი ამინდები, რომ იოლად შეძლოთ ხშირად გამოცვლა. ოჯახის წევრები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობენ უნდა იყვნენ მაქსიმალურად ორიენტირებულები. არ დაამთხვიოთ მოგზაურობას ან საცხოვრებელი სახლის ცვლილებას.
ნაბიჯი მესამე:
დააწესეთ რუტინა - ბავშვი ქოთანზე ერთი და იმავე დროს დასვით, მაგალითად, სადილის ან ბანაობის შემდეგ, ძილის წინ. თავდაპირველად შესაძლებელია დაჯდეს ჩაცმული ან საფენით.
გახადე პერსონალური - შეეცადეთ პირადი პასუხისმგებლობა აუმაღლოთ. ქოთანში ან საფენში მოთავსებული ფეკალიები თქვენი დახმარებით გადააგდებინეთ ტუალეტში.
ნაბიჯი მეექვსე:
წაახალისეთ - მოტივაციის ამაღლებისთვის აუცილებელია წახალისება. ტუალეტის ჩვევებთან დაკავშირებით, ყოველი ახალი წინ გადადგმული ნაბიჯისთვის დააჯილდოვეთ, მაგალითად, აწარმოეთ დღიური, კალენდარი, სადაც ყოველდღიურად წებოვან ილუსტრირებულ სტიკერებს ბავშვი თავად ჩააკრავს.
ნაბიჯი მეშვიდე:
საცვალი - თავდაპირველად ადაპტაციამდე გამოიყენეთ პამპერსი ტრუსი, რომელსაც დამოუკიდებლად და იოლად თავად გაიხდის და ჩაიცვამს.
ნაბიჯი მერვე:
მარცხი - ჩასველებისას არ გაუბრაზდეთ და არ დასაჯოთ, შეხვდით ამას პოზიტიურად, გამოუცვალეთ და აუხსენით, რომ შემდეგ ჯერზე უფრო მეტად ყურადღება მიაქციოს მოშარდვის ან დეფეკაციის სურვილს.
ნაბიჯი მეცხრე:
ღამე - საწოლში დაუფინეთ დამცავი პამპერსი საფენი, რომელიც მატრასს დასველებისგან დაიცავს. თუ ღამით ტუალეტის ტრენინგის მცდელობა იქნება წარუმატებელი, არ იღელვოთ, ღამით ჩასველება 5 წლის ასაკამდე პათოლოგიასთან არ ასოცირდება.
ნაბიჯი მეათე:
ჯილდო - ტუალეტის ტრენინგის ყოველი მისი წარმატება სიხარულით აღნიშნეთ. სიტყვიერად შეაქეთ და დემონსტრაციულად აღნიშნეთ.
გაითვალისწინეთ, რომ თითოეული ნაბიჯის შესრულების და ადაპტაციისთვის შესაძლოა, მოგიწიოთ რამდენჯერმე განმეორება.
აუცილებელია გაითვალისწინოთ თქვენი ბავშვის სხვადასხვა ინდივიდუალური გარემოება და დეტალური ინფორმაციისთვის შეათანხმოთ ბავშვის პირად ექიმთან.
- რა ასაკიდან არის პრობლემა, თუ ბავშვს არ ჩამოუყალიბდა ეს ჩვევა და ვერ გადაეჩვია საფენს?
- როდესაც ბავშვი 4 წელზე მეტია და არ აქვს ჩამოყალიბებული დღისით ტუალეტის ჩვევები - აქვს შარდის და განავლის შეუკავებლობა, რეკომენდებულია, კონსულტაცია ექიმთან გაიაროთ.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„თუ პირველი ჯიუტობის ხანაში ჩვენ აკრძალვებს მივმართეთ, მოვა თუ არა პუბერტატის პერიოდი, უცებ იფეთქებს ბავშვი,“ - ნანა ჩაჩუა
ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ ორიდან ოთხ წლამდე ასაკის ბავშვების ქცევის თავისებურებების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ბავშვის ცხოვრებაში ჯიუტობის ხანაა:
„ორი წლიდან ოთხ წლამდე ბავშვი აცნობიერებს, რომ „მე ვარ მე.“ ამიტომ ეს არის ჯიუტობის ხანა. ბავშვს უნდა, რომ ყველას ყველაფერი წაართვას, თვითონ არაფერი არ მისცეს. მშობლები შეწუხებულები არიან, იმართლებენ თავს, ამბობენ: „არ არის ასეთი ძუნწი. ეს აუცილებლად ასე უნდა გააკეთოს ბავშვმა. ამ დროს ბავშვი აცნობიერებს, ვინ არის. ბავშვი ფიქრობს: „მე ვარ მაშინ, როდესაც ეს ჩემია.“ ამიტომ უნდა, რომ მას ჰქონდეს ეს. ბავშვებმა ამ ასაკში იციან: „დედა ჩემია, არ მოკიდო ხელი.“ არ აძლევს ნივთს სხვას. იმიტომ კი არა, რომ ეს ნივთია მისთვის მნიშვნელოვანი, უბრალოდ აცნობიერებს, რომ თუ ეს ჩემია, ე.ი. მე ვარ.“
ნანა ჩაჩუას თქმით, გარდამავალ ასაკამდე ბავშვებს მშვიდი, ლატენტური პერიოდი აქვთ და ისინი მშობლებს ემორჩილებიან:
„გარდამავალ ასაკამდე, გოგონებთან ეს ასაკი 9-10 წელია, ბიჭებთან 10-11 წელი, ეს ასაკი ლატენტური, ფარული პერიოდია და მშვიდად მიმდინარეობს. თუ პირველი ჯიუტობის ხანაში ჩვენ ავკრძალეთ, კი ბატონო, დაგემორჩილება, მეტი რა გზა აქვს ბავშვს. ყველანაირი ძალა მშობლის მხარესაა. ფარულ პერიოდში მორჩილება კი ჩანს და მშობელი აღფრთოვანებულია, რომ რასაც ეტყვის ბავშვს, ყველაფერს აკეთებს. მოვა თუ არა უკვე პუბერტატის პერიოდი, უცებ იფეთქებს ბავშვი.“
„დავუშვათ ბავშვს არაფერი არ ავუკრძალეთ და ყველაფრის ნება დავრთეთ. შედეგი არის იგივე. სად გადის ზღვარი და რა არის ოქროს შუალედი? ცოდნაა მთავარი. „ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა.“ ღონეზე უფრო მნიშვნელოვანი ხერხია. ამ ხერხებზეა აქ ლაპარაკი. უნდა ვიცოდეთ, როგორ დავუშალოთ ბავშვს, როგორ ვუთხრათ: „არა, ეს არ შეიძლება.“ ვთქვათ გვაქვს ოჯახისთვის ძვირფასი ლარნაკი. ჩვენ ბავშვს ვეუბნებით ხელით, არავერბალურად: „არა, ეს არ შეიძლება.“ ამას ვამბობთ მტკიცედ, მაგრამ ეს არ არის საყვედური, ეს არ არის ბრაზი, ეს არ არის ხმის ტონის აწევა. მერე უნდა ახსნა, რატომ არ შეიძლება ლარნაკით თამაში. „ეს გატყდება და მერე აღარ იქნება.“ მესამე საფეხურია, რომ უნდა შესთავაზო ალტერნატივა, რომ მოდი, ამით ვითამაშოთ, ნახე, რა ლამაზია.ჩვენ იმ წინააღმდეგობაში, რომელსაც ვუწევთ ამ დროს ბავშვებს, მეტ დროს ვხარჯავთ. მშობელი აღზრდის პროცესში ზრდის არამარტო თავის შვილს, არამედ საკუთარ თავსაც,“ - აღნიშნულ საკითხებზე ნანა ჩაჩუამ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.