როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი საფენს, რა ხერხებით არის შესაძლებელი, რომ მივაჩვიოთ ქოთანზე დასმას და რა ასაკიდან უნდა მივიჩნიოთ პრობლემად შარდის ან განავლის შეუკავებლობა? - ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრი, ბავშვთა ნეფროლოგი ქეთევან ქვათაძე.
- ქალბატონო ქეთევან, მშობლებისთვის პრობლემას წარმოადგენს პატარას საფენისგან გადაჩვევა. რა ასაკიდან უნდა დავსვათ ბავშვი ქოთანზე?
- ყველა ბავშვის განვითარება ინდივიდუალურია. ამის გათვალისწინებით განსხვავდება საფენის გახდის და ტუალეტის უნარ-ჩვევების შესწავლის ასაკი. ზოგიერთი კვლევით დასტურდება, რომ ბავშვების უმეტესობა ტუალეტის უნარ-ჩვევების შესწავლისთვის მზად არის 18-24 თვის ასაკისთვის. მიუხედავად ამისა, ასაკი არ არის ერთადერთი გასათვალისწინებელი ფაქტორი.
- რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა იმ დროს, როცა ქოთანზე დასმას გადაწყვეტს?
- წარმოგიდგენთ რამდენიმე ზოგად რჩევას და მითითებას, რომელიც შეიძლება გამოიყენოს ან გაითვალისწინოს მშობელმა.
პირველ რიგში, უნდა მოიმარაგოთ: კომფორტული დასაჯდომი ქოთანი და ტუალეტზე დასამაგრებელი რბილი ადაპტერი, დასადგომი სკამი ხელების დასაბანად, ილუსტრირებული წიგნი ან ვიდეორგოლები, სადაც არის გზამკვლევი ტუალეტის ტრენინგის შესახებ, პამპერსი ტრუსები, რამდენიმე ცალი ნაჭრის საცვალი, მატრასის დამცავი პამპერსი საფენი და წამახალისებელი სტიკერები.
ნაბიჯი პირველი:
ყურადღების მიპყრობა - ბავშვი მხოლოდ პამპერსით ან საცვლით ქოთანზე დასვით და წაუკითხეთ წიგნი ან აყურებინეთ ვიდეორგოლი, სადაც ტუალეტის ტრენინგის შესახებ არის მოთხრობილი.
ნაბიჯი მეორე:
შეარჩიეთ „კარგი დრო“ - სასურველია, იყოს თბილი ამინდები, რომ იოლად შეძლოთ ხშირად გამოცვლა. ოჯახის წევრები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობენ უნდა იყვნენ მაქსიმალურად ორიენტირებულები. არ დაამთხვიოთ მოგზაურობას ან საცხოვრებელი სახლის ცვლილებას.
ნაბიჯი მესამე:
დააწესეთ რუტინა - ბავშვი ქოთანზე ერთი და იმავე დროს დასვით, მაგალითად, სადილის ან ბანაობის შემდეგ, ძილის წინ. თავდაპირველად შესაძლებელია დაჯდეს ჩაცმული ან საფენით.
გახადე პერსონალური - შეეცადეთ პირადი პასუხისმგებლობა აუმაღლოთ. ქოთანში ან საფენში მოთავსებული ფეკალიები თქვენი დახმარებით გადააგდებინეთ ტუალეტში.
ნაბიჯი მეექვსე:
წაახალისეთ - მოტივაციის ამაღლებისთვის აუცილებელია წახალისება. ტუალეტის ჩვევებთან დაკავშირებით, ყოველი ახალი წინ გადადგმული ნაბიჯისთვის დააჯილდოვეთ, მაგალითად, აწარმოეთ დღიური, კალენდარი, სადაც ყოველდღიურად წებოვან ილუსტრირებულ სტიკერებს ბავშვი თავად ჩააკრავს.
ნაბიჯი მეშვიდე:
საცვალი - თავდაპირველად ადაპტაციამდე გამოიყენეთ პამპერსი ტრუსი, რომელსაც დამოუკიდებლად და იოლად თავად გაიხდის და ჩაიცვამს.
ნაბიჯი მერვე:
მარცხი - ჩასველებისას არ გაუბრაზდეთ და არ დასაჯოთ, შეხვდით ამას პოზიტიურად, გამოუცვალეთ და აუხსენით, რომ შემდეგ ჯერზე უფრო მეტად ყურადღება მიაქციოს მოშარდვის ან დეფეკაციის სურვილს.
ნაბიჯი მეცხრე:
ღამე - საწოლში დაუფინეთ დამცავი პამპერსი საფენი, რომელიც მატრასს დასველებისგან დაიცავს. თუ ღამით ტუალეტის ტრენინგის მცდელობა იქნება წარუმატებელი, არ იღელვოთ, ღამით ჩასველება 5 წლის ასაკამდე პათოლოგიასთან არ ასოცირდება.
ნაბიჯი მეათე:
ჯილდო - ტუალეტის ტრენინგის ყოველი მისი წარმატება სიხარულით აღნიშნეთ. სიტყვიერად შეაქეთ და დემონსტრაციულად აღნიშნეთ.
გაითვალისწინეთ, რომ თითოეული ნაბიჯის შესრულების და ადაპტაციისთვის შესაძლოა, მოგიწიოთ რამდენჯერმე განმეორება.
აუცილებელია გაითვალისწინოთ თქვენი ბავშვის სხვადასხვა ინდივიდუალური გარემოება და დეტალური ინფორმაციისთვის შეათანხმოთ ბავშვის პირად ექიმთან.
- რა ასაკიდან არის პრობლემა, თუ ბავშვს არ ჩამოუყალიბდა ეს ჩვევა და ვერ გადაეჩვია საფენს?
- როდესაც ბავშვი 4 წელზე მეტია და არ აქვს ჩამოყალიბებული დღისით ტუალეტის ჩვევები - აქვს შარდის და განავლის შეუკავებლობა, რეკომენდებულია, კონსულტაცია ექიმთან გაიაროთ.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
ბავშვთან სწორად მოქცევის გასაღები, როდესაც ბავშვი არ გვისმენს - ფსიქოლოგი მზიკო დალაქიშვილი
ფსიქოლოგმა მზიკო დალაქიშვილმა მშობლებსა და შვილებს შორის კომუნიკაციის პრობლემის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, თანამედროვე მშობლების უმთავრესი პრობლემა ის არის, რომ ბავშვები მათ არ უსმენენ:
„ძალიან ხშირად მშობლები მომმართავენ ხოლმე ჩივილით: „იქნებ თქვენ მაინც იცოდეთ, როგორ შეიძლება, რომ ბავშვი დავიმორჩილო. არ მისმენს, არ აინტერესებს, რას ველაპარაკები. მეცადინეობაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.“ თითქოს უკვე კლასიკურია ეს მომართვა. ბავშვები არ უსმენენ, არ ემორჩილებიან მშობლებს. საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ვართ ხოლმე მშობლები ამ დროს. თუ ბავშვი არ გვისმენს და დავუყვირებთ, ეს გადაიქცევა ჩვეულებრივ მომენტად, ბავშვი მხოლოდ ყვირილზე გამოიხედავს. მასწავლებლებსაც მოუწევთ ყვირილი, იმიტომ, რომ სხვანაირად ბავშვი არ მოუსმენს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ მერე თვითონაც იყვირებს. ამიტომ ყვირილს უნდა ვუთხრათ არა.“
მზიკო დალაქიშვილის თქმით, ზოგჯერ მშობლები შეცდომებს უშვებენ. მთავარია, რომ მათ ეს შეცდომები დროულად გამოასწორონ:
„ზოგჯერ ყველაფერი ხდება. ვიყოთ რეალისტები. ზოგჯერ მშობელს შეიძლება გქონდეს ისეთი ცუდი დღე, იმდენად გაღიზიანებული იყო, რომ გეყვიროს. იმწუთასვე გამოვასწოროთ შეცდომა. ვუთხრათ ბავშვს: „ეს შენ არ გეხება, ეს მე მეხება. მე ვერ გავაკონტროლე ჩემი ემოცია, შენ არაფერ შუაში არ ხარ.“ არსებობენ ცნობიერი მშობლები, რომლებსაც კარგად გაცნობიერებული ქმედებები აქვთ და არიან მშობლები, იმ მომენტს, რომელშიც არიან, კარგად ვერ აცნობიერებენ, თუმცა შეიძლება კიდევ უფრო მეტ ენერგიას ხარჯავდნენ ზრუნვაში. სწორედ აქ მგონია, რომ არის სწორად მოქცევის გასაღები, რას ვაკეთებთ, რისთვის ვაკეთებთ და როგორ ვაკეთებთ.“
მზიკო დალაქიშვილმა აღნიშნა, რომ ბავშვებთან კონტაქტი არ უნდა დავკარგოთ და მათი საჭიროებები სწორად აღვიქვათ:
„როდესაც ბავშვს ვჭირდებით, ამას ბავშვები გამოხატავენ. ყველაზე მთავარია, შევძლოთ არ დავკარგოთ კონტაქტი ჩვენს შვილებთან. ეს კონტაქტი პასუხისმგებლობამ კი არ უნდა მართოს, რომ მე ვიყო კარგი დედა. როდესაც ბავშვი გეძახის და არ გცალია, გავაგონოთ. ავტომატური პასუხიც შეგვიძლია ვიქონიოთ ჩვენს შვილებთან. ვუთხრათ ბავშვს: „ახლა ვერ გელაპარაკები, მაგრამ შენზე ძვირფასს ვის უნდა დაველაპარაკო?!“ ეს დამოკიდებულება თუ არსებობს, ესმით ბავშვებს, დამიჯერეთ, რომ ესმით.“
„მნიშვნელოვანია, ბავშვებს ვასწავლოთ საკუთარი თავის მოსმენა. ბავშვმა რომ იცის მისი თავის მოსმენა, მას შეუძლია მეც ისე მომმართოს და მეც მოვუსმინო მას. ჩვენ თუ არ დავასწრებთ შეგონებებით, კარგია. მაგალითად, შია ბავშვს. ვაცადოთ, რომ მან თქვას რომ შია. ვეუბნებით: „ორი საათია, დაჯექი ჭამე!“ ბევრად მირჩევნია, რომ მე მოვიდე და გითხრა, რომ მშია. ჩვენ შეგვიძლია ცნობიერება ავუმაღლოთ ბავშვს და კითხვა დავუსვათ: ხომ არ მოგშივდებოდა? მე მომშივდა, შენ?“ - აღნიშნულ საკითხებზე მზიკო დალაქიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.