როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი საფენს, რა ხერხებით არის შესაძლებელი, რომ მივაჩვიოთ ქოთანზე დასმას და რა ასაკიდან უნდა მივიჩნიოთ პრობლემად შარდის ან განავლის შეუკავებლობა? - ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრი, ბავშვთა ნეფროლოგი ქეთევან ქვათაძე.
- ქალბატონო ქეთევან, მშობლებისთვის პრობლემას წარმოადგენს პატარას საფენისგან გადაჩვევა. რა ასაკიდან უნდა დავსვათ ბავშვი ქოთანზე?
- ყველა ბავშვის განვითარება ინდივიდუალურია. ამის გათვალისწინებით განსხვავდება საფენის გახდის და ტუალეტის უნარ-ჩვევების შესწავლის ასაკი. ზოგიერთი კვლევით დასტურდება, რომ ბავშვების უმეტესობა ტუალეტის უნარ-ჩვევების შესწავლისთვის მზად არის 18-24 თვის ასაკისთვის. მიუხედავად ამისა, ასაკი არ არის ერთადერთი გასათვალისწინებელი ფაქტორი.
- რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა იმ დროს, როცა ქოთანზე დასმას გადაწყვეტს?
- წარმოგიდგენთ რამდენიმე ზოგად რჩევას და მითითებას, რომელიც შეიძლება გამოიყენოს ან გაითვალისწინოს მშობელმა.
პირველ რიგში, უნდა მოიმარაგოთ: კომფორტული დასაჯდომი ქოთანი და ტუალეტზე დასამაგრებელი რბილი ადაპტერი, დასადგომი სკამი ხელების დასაბანად, ილუსტრირებული წიგნი ან ვიდეორგოლები, სადაც არის გზამკვლევი ტუალეტის ტრენინგის შესახებ, პამპერსი ტრუსები, რამდენიმე ცალი ნაჭრის საცვალი, მატრასის დამცავი პამპერსი საფენი და წამახალისებელი სტიკერები.
ნაბიჯი პირველი:
ყურადღების მიპყრობა - ბავშვი მხოლოდ პამპერსით ან საცვლით ქოთანზე დასვით და წაუკითხეთ წიგნი ან აყურებინეთ ვიდეორგოლი, სადაც ტუალეტის ტრენინგის შესახებ არის მოთხრობილი.
ნაბიჯი მეორე:
შეარჩიეთ „კარგი დრო“ - სასურველია, იყოს თბილი ამინდები, რომ იოლად შეძლოთ ხშირად გამოცვლა. ოჯახის წევრები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობენ უნდა იყვნენ მაქსიმალურად ორიენტირებულები. არ დაამთხვიოთ მოგზაურობას ან საცხოვრებელი სახლის ცვლილებას.
ნაბიჯი მესამე:
დააწესეთ რუტინა - ბავშვი ქოთანზე ერთი და იმავე დროს დასვით, მაგალითად, სადილის ან ბანაობის შემდეგ, ძილის წინ. თავდაპირველად შესაძლებელია დაჯდეს ჩაცმული ან საფენით.
გახადე პერსონალური - შეეცადეთ პირადი პასუხისმგებლობა აუმაღლოთ. ქოთანში ან საფენში მოთავსებული ფეკალიები თქვენი დახმარებით გადააგდებინეთ ტუალეტში.
ნაბიჯი მეექვსე:
წაახალისეთ - მოტივაციის ამაღლებისთვის აუცილებელია წახალისება. ტუალეტის ჩვევებთან დაკავშირებით, ყოველი ახალი წინ გადადგმული ნაბიჯისთვის დააჯილდოვეთ, მაგალითად, აწარმოეთ დღიური, კალენდარი, სადაც ყოველდღიურად წებოვან ილუსტრირებულ სტიკერებს ბავშვი თავად ჩააკრავს.
ნაბიჯი მეშვიდე:
საცვალი - თავდაპირველად ადაპტაციამდე გამოიყენეთ პამპერსი ტრუსი, რომელსაც დამოუკიდებლად და იოლად თავად გაიხდის და ჩაიცვამს.
ნაბიჯი მერვე:
მარცხი - ჩასველებისას არ გაუბრაზდეთ და არ დასაჯოთ, შეხვდით ამას პოზიტიურად, გამოუცვალეთ და აუხსენით, რომ შემდეგ ჯერზე უფრო მეტად ყურადღება მიაქციოს მოშარდვის ან დეფეკაციის სურვილს.
ნაბიჯი მეცხრე:
ღამე - საწოლში დაუფინეთ დამცავი პამპერსი საფენი, რომელიც მატრასს დასველებისგან დაიცავს. თუ ღამით ტუალეტის ტრენინგის მცდელობა იქნება წარუმატებელი, არ იღელვოთ, ღამით ჩასველება 5 წლის ასაკამდე პათოლოგიასთან არ ასოცირდება.
ნაბიჯი მეათე:
ჯილდო - ტუალეტის ტრენინგის ყოველი მისი წარმატება სიხარულით აღნიშნეთ. სიტყვიერად შეაქეთ და დემონსტრაციულად აღნიშნეთ.
გაითვალისწინეთ, რომ თითოეული ნაბიჯის შესრულების და ადაპტაციისთვის შესაძლოა, მოგიწიოთ რამდენჯერმე განმეორება.
აუცილებელია გაითვალისწინოთ თქვენი ბავშვის სხვადასხვა ინდივიდუალური გარემოება და დეტალური ინფორმაციისთვის შეათანხმოთ ბავშვის პირად ექიმთან.
- რა ასაკიდან არის პრობლემა, თუ ბავშვს არ ჩამოუყალიბდა ეს ჩვევა და ვერ გადაეჩვია საფენს?
- როდესაც ბავშვი 4 წელზე მეტია და არ აქვს ჩამოყალიბებული დღისით ტუალეტის ჩვევები - აქვს შარდის და განავლის შეუკავებლობა, რეკომენდებულია, კონსულტაცია ექიმთან გაიაროთ.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ორი წლის ასაკში ბავშვის სიმაღლე მისი საბოლოო სამიზნე სიმაღლის ნახევარს წარმოადგენს,“ - ენდოკრინოლოგი ეკატერინე ფაცაცია
ენდოკრინოლოგმა ეკატერინე ფაცაციამ ბავშვებში სიმაღლეში ზრდის სამ მნიშვნელოვან პერიოდზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვის სიმაღლე ორი წლის ასაკში საბოლოო სამიზნე სიმაღლის ნახევარს წარმოადგენს:
„როგორც ყველა პროცესს, ზრდასაც აქვს თავისი პერიოდები. ნულიდან ორ წლამდე არის ჩვილობის პერიოდი. ამ პერიოდში ბავშვი „ეძებს“ თავის გენეტიკურ ტრაექტორიას სიმაღლესთან მიმართებაში. ორი წლის ასაკში ბავშვის სიმაღლე მისი საბოლოო სამიზნე სიმაღლის ნახევარს წარმოადგენს. პირველ წელიწადს ბავშვი სწრაფად იზრდება და მისი ზრდის ტემპი არის დაახლოებით 25-30 სანტიმეტრი. თუ ის არ გაიზარდა პირველ წელიწადს 25-30 სანტიმეტრის ფარგლებში, უკვე განგაშის საფუძველი გვაქვს.“
ეკატერინე ფაცაციას თქმით, მეორე წელიწადში ზრდის ტემპი იკლებს, რაც ფიზიოლოგიური მოვლენაა:
„მეორე წელიწადს ზრდის ტემპი იკლებს, ამის ნუ შეგეშინდებათ. ეს არის ფიზიოლოგიური. მეორე წელიწადში ბავშვი 12-15 სანტიმეტრს იმატებს. სამი წლიდან პუბერტატის ასაკამდე არის ბავშვობის პერიოდი, სადაც სიმაღლეში ზრდა იკლებს. ბავშვი წელიწადში 6-8 სანტიმეტრს იმატებს წელიწადში. 6-7 წლის ასაკში არის ზრდის ნახტომი. პიკი არის რვა წლის ასაკში. რვა წლის ასაკში ბავშვის სიმაღლე არის მისი საბოლოო სიმაღლის ¾.“
„პუბერტატის ასაკამდე გოგონები და ბიჭები მიდიან თანაბრად. როდესაც სასქესო ჰორმონები გამოდიან უკვე ასპარეზზე, იქ უკვე გვაქვს ცვლილება. მესამე ფაზა არის პუბერტატული პერიოდი. პუბერტატი ბიჭებში არის 9 წლიდან 14 წლამდე. გოგონებში 9 წლიდან 13 წლამდე დიაპაზონია. ბიჭები თითქმის ორი წლით გვიან მწიფდებიან. ვაჟებს უფრო მეტი დრო აქვთ, რომ სიმაღლეში მოიმატონ. პუბერტატული ნახტომი გოგონებში არის 6-8 სანტიმეტრი, ბიჭებში კი - 10-16 სანტიმეტრი,“- აღნიშნულ საკითხებზე ეკატერინე ფაცაციამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის შოუ“ ისაუბრა.