როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი საფენს, რა ხერხებით არის შესაძლებელი, რომ მივაჩვიოთ ქოთანზე დასმას და რა ასაკიდან უნდა მივიჩნიოთ პრობლემად შარდის ან განავლის შეუკავებლობა? - ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრი, ბავშვთა ნეფროლოგი ქეთევან ქვათაძე.
- ქალბატონო ქეთევან, მშობლებისთვის პრობლემას წარმოადგენს პატარას საფენისგან გადაჩვევა. რა ასაკიდან უნდა დავსვათ ბავშვი ქოთანზე?
- ყველა ბავშვის განვითარება ინდივიდუალურია. ამის გათვალისწინებით განსხვავდება საფენის გახდის და ტუალეტის უნარ-ჩვევების შესწავლის ასაკი. ზოგიერთი კვლევით დასტურდება, რომ ბავშვების უმეტესობა ტუალეტის უნარ-ჩვევების შესწავლისთვის მზად არის 18-24 თვის ასაკისთვის. მიუხედავად ამისა, ასაკი არ არის ერთადერთი გასათვალისწინებელი ფაქტორი.
- რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა იმ დროს, როცა ქოთანზე დასმას გადაწყვეტს?
- წარმოგიდგენთ რამდენიმე ზოგად რჩევას და მითითებას, რომელიც შეიძლება გამოიყენოს ან გაითვალისწინოს მშობელმა.
პირველ რიგში, უნდა მოიმარაგოთ: კომფორტული დასაჯდომი ქოთანი და ტუალეტზე დასამაგრებელი რბილი ადაპტერი, დასადგომი სკამი ხელების დასაბანად, ილუსტრირებული წიგნი ან ვიდეორგოლები, სადაც არის გზამკვლევი ტუალეტის ტრენინგის შესახებ, პამპერსი ტრუსები, რამდენიმე ცალი ნაჭრის საცვალი, მატრასის დამცავი პამპერსი საფენი და წამახალისებელი სტიკერები.
ნაბიჯი პირველი:
ყურადღების მიპყრობა - ბავშვი მხოლოდ პამპერსით ან საცვლით ქოთანზე დასვით და წაუკითხეთ წიგნი ან აყურებინეთ ვიდეორგოლი, სადაც ტუალეტის ტრენინგის შესახებ არის მოთხრობილი.
ნაბიჯი მეორე:
შეარჩიეთ „კარგი დრო“ - სასურველია, იყოს თბილი ამინდები, რომ იოლად შეძლოთ ხშირად გამოცვლა. ოჯახის წევრები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობენ უნდა იყვნენ მაქსიმალურად ორიენტირებულები. არ დაამთხვიოთ მოგზაურობას ან საცხოვრებელი სახლის ცვლილებას.
ნაბიჯი მესამე:
დააწესეთ რუტინა - ბავშვი ქოთანზე ერთი და იმავე დროს დასვით, მაგალითად, სადილის ან ბანაობის შემდეგ, ძილის წინ. თავდაპირველად შესაძლებელია დაჯდეს ჩაცმული ან საფენით.
გახადე პერსონალური - შეეცადეთ პირადი პასუხისმგებლობა აუმაღლოთ. ქოთანში ან საფენში მოთავსებული ფეკალიები თქვენი დახმარებით გადააგდებინეთ ტუალეტში.
ნაბიჯი მეექვსე:
წაახალისეთ - მოტივაციის ამაღლებისთვის აუცილებელია წახალისება. ტუალეტის ჩვევებთან დაკავშირებით, ყოველი ახალი წინ გადადგმული ნაბიჯისთვის დააჯილდოვეთ, მაგალითად, აწარმოეთ დღიური, კალენდარი, სადაც ყოველდღიურად წებოვან ილუსტრირებულ სტიკერებს ბავშვი თავად ჩააკრავს.
ნაბიჯი მეშვიდე:
საცვალი - თავდაპირველად ადაპტაციამდე გამოიყენეთ პამპერსი ტრუსი, რომელსაც დამოუკიდებლად და იოლად თავად გაიხდის და ჩაიცვამს.
ნაბიჯი მერვე:
მარცხი - ჩასველებისას არ გაუბრაზდეთ და არ დასაჯოთ, შეხვდით ამას პოზიტიურად, გამოუცვალეთ და აუხსენით, რომ შემდეგ ჯერზე უფრო მეტად ყურადღება მიაქციოს მოშარდვის ან დეფეკაციის სურვილს.
ნაბიჯი მეცხრე:
ღამე - საწოლში დაუფინეთ დამცავი პამპერსი საფენი, რომელიც მატრასს დასველებისგან დაიცავს. თუ ღამით ტუალეტის ტრენინგის მცდელობა იქნება წარუმატებელი, არ იღელვოთ, ღამით ჩასველება 5 წლის ასაკამდე პათოლოგიასთან არ ასოცირდება.
ნაბიჯი მეათე:
ჯილდო - ტუალეტის ტრენინგის ყოველი მისი წარმატება სიხარულით აღნიშნეთ. სიტყვიერად შეაქეთ და დემონსტრაციულად აღნიშნეთ.
გაითვალისწინეთ, რომ თითოეული ნაბიჯის შესრულების და ადაპტაციისთვის შესაძლოა, მოგიწიოთ რამდენჯერმე განმეორება.
აუცილებელია გაითვალისწინოთ თქვენი ბავშვის სხვადასხვა ინდივიდუალური გარემოება და დეტალური ინფორმაციისთვის შეათანხმოთ ბავშვის პირად ექიმთან.
- რა ასაკიდან არის პრობლემა, თუ ბავშვს არ ჩამოუყალიბდა ეს ჩვევა და ვერ გადაეჩვია საფენს?
- როდესაც ბავშვი 4 წელზე მეტია და არ აქვს ჩამოყალიბებული დღისით ტუალეტის ჩვევები - აქვს შარდის და განავლის შეუკავებლობა, რეკომენდებულია, კონსულტაცია ექიმთან გაიაროთ.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„რაც უფრო გვიან დაეწყებათ ბავშვებს სქესობრივი მომწიფება, მით უფრო მაღლები იქნებიან,“ - ენდოკრინოლოგი ნინო ხელაძე
ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ ბავშვის სიმაღლეში ზრდის პერსპექტივებსა და ხელშემწყობ ფაქტორებზე ისაუბრა. მან მშობლებს სპეციალური ფორმულა გააცნო, რომლის დახმარებითაც შვილის მოსალოდნელ სიმაღლეს გამოვითვლით:
„ჩვენ, ექიმებს გვაქვს ფორმულა, ვითვლით მოსალოდნელ სიმაღლეს. დედის და მამის სიმაღლე უნდა მივუმატოთ ერთმანეთს, გავყოთ ორზე. თუ გოგონაზე ვითვლით, კიდევ უნდა გამოვაკლოთ ექვს-ნახევარი სანტიმეტრი, თუ ვაჟზე ვითვლით, უნდა მივუმატოთ ექვს-ნახევარი სანტიმეტრი. ეს არის დიაპაზონი პლუს-მინუს ხუთი სანტიმეტრი, ანუ სინამდვილეში ათსანტიმეტრიანი დიაპაზონია. თუ მივიღებთ 165 სანტიმეტრს, გოგონას შემთხვევაში მოსალოდნელი სიმაღლე არის 160-დან 170 სანტიმეტრამდე. ზუსტად აქ უნდა იყოჩაღოს მშობელმა. ჯანმრთელობა, ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობა და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ, რომლებიც ზრდას უწყობენ ხელს.“
ნინო ხელაძის თქმით, ყველა ბავშვისთვის უმნიშვნელოვანესია კარგი კვება და ცილოვანი საკვების მიღება:
„ყველა ბავშვის ჯანმრთელობისთვის მთავარი და მნიშვნელოვანი არის კარგი კვება, განსაკუთრებით აუცილებელია ცილოვანი საკვები, რომელიც ასტიმულირებს ზრდის ჰორმონის გამოყოფას. რძის პროდუქტი 2-3 ულუფა უნდა მიიღოს ყველა ბავშვმა დღეში. აუცილებელია D ვიტამინიც, რომელიც ზამთარში არავის არ აქვს საკმარისი. ჩვენს ქვეყანაში საკვებშიც მისი შემადგენლობა პრაქტიკულად არ არის და დანამატის სახით უნდა მივიღოთ ყველამ. აუცილებელია კარგი ძილი. სკოლის ასაკის ბავშვს 9-10 საათი კარგად, გადაბმულად უნდა ეძინოს. ჩვენი ბავშვების თაობას, რომელიც კომპიუტერში ან ტელეფონშია თავჩარგული, ძილის პრობლემა აქვს.“
„ყველა მშობელმა წლიდან წლამდე თავისი შვილი აუცილებლად უნდა გაზომოს. ეს ძალიან სწორია. მეორე პრინციპი არის, როგორ ტანსაცმელს ვურჩევთ. რატომ ეპარებათ მშობლებს, რომ ბავშვი კარგად არ იზრდება?! რატომ ვერ ხვდებიან, რომ თავისი ასაკის შესაბამისი ტანსაცმელი ბავშვს ძალიან დიდი აქვს?! მშობლებმა ბავშვი უნდა ნახონ კლასში, სხვებთან შედარებით არის თუ არა პატარა. ძალიან მნიშვნელოვანია, როდის დაეწყებათ ბავშვებს გარდატეხის ასაკი. რაც უფრო გვიან დაეწყებათ ბავშვებს სქესობრივი მომწიფება, მით უფრო მაღლები იქნებიან,“ - აღნიშნულ საკითხებზე ნინო ხელაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.