როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი საფენს, რა ხერხებით არის შესაძლებელი, რომ მივაჩვიოთ ქოთანზე დასმას და რა ასაკიდან უნდა მივიჩნიოთ პრობლემად შარდის ან განავლის შეუკავებლობა? - ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრი, ბავშვთა ნეფროლოგი ქეთევან ქვათაძე.
- ქალბატონო ქეთევან, მშობლებისთვის პრობლემას წარმოადგენს პატარას საფენისგან გადაჩვევა. რა ასაკიდან უნდა დავსვათ ბავშვი ქოთანზე?
- ყველა ბავშვის განვითარება ინდივიდუალურია. ამის გათვალისწინებით განსხვავდება საფენის გახდის და ტუალეტის უნარ-ჩვევების შესწავლის ასაკი. ზოგიერთი კვლევით დასტურდება, რომ ბავშვების უმეტესობა ტუალეტის უნარ-ჩვევების შესწავლისთვის მზად არის 18-24 თვის ასაკისთვის. მიუხედავად ამისა, ასაკი არ არის ერთადერთი გასათვალისწინებელი ფაქტორი.
- რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა იმ დროს, როცა ქოთანზე დასმას გადაწყვეტს?
- წარმოგიდგენთ რამდენიმე ზოგად რჩევას და მითითებას, რომელიც შეიძლება გამოიყენოს ან გაითვალისწინოს მშობელმა.
პირველ რიგში, უნდა მოიმარაგოთ: კომფორტული დასაჯდომი ქოთანი და ტუალეტზე დასამაგრებელი რბილი ადაპტერი, დასადგომი სკამი ხელების დასაბანად, ილუსტრირებული წიგნი ან ვიდეორგოლები, სადაც არის გზამკვლევი ტუალეტის ტრენინგის შესახებ, პამპერსი ტრუსები, რამდენიმე ცალი ნაჭრის საცვალი, მატრასის დამცავი პამპერსი საფენი და წამახალისებელი სტიკერები.
ნაბიჯი პირველი:
ყურადღების მიპყრობა - ბავშვი მხოლოდ პამპერსით ან საცვლით ქოთანზე დასვით და წაუკითხეთ წიგნი ან აყურებინეთ ვიდეორგოლი, სადაც ტუალეტის ტრენინგის შესახებ არის მოთხრობილი.
ნაბიჯი მეორე:
შეარჩიეთ „კარგი დრო“ - სასურველია, იყოს თბილი ამინდები, რომ იოლად შეძლოთ ხშირად გამოცვლა. ოჯახის წევრები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობენ უნდა იყვნენ მაქსიმალურად ორიენტირებულები. არ დაამთხვიოთ მოგზაურობას ან საცხოვრებელი სახლის ცვლილებას.
ნაბიჯი მესამე:
დააწესეთ რუტინა - ბავშვი ქოთანზე ერთი და იმავე დროს დასვით, მაგალითად, სადილის ან ბანაობის შემდეგ, ძილის წინ. თავდაპირველად შესაძლებელია დაჯდეს ჩაცმული ან საფენით.
გახადე პერსონალური - შეეცადეთ პირადი პასუხისმგებლობა აუმაღლოთ. ქოთანში ან საფენში მოთავსებული ფეკალიები თქვენი დახმარებით გადააგდებინეთ ტუალეტში.
ნაბიჯი მეექვსე:
წაახალისეთ - მოტივაციის ამაღლებისთვის აუცილებელია წახალისება. ტუალეტის ჩვევებთან დაკავშირებით, ყოველი ახალი წინ გადადგმული ნაბიჯისთვის დააჯილდოვეთ, მაგალითად, აწარმოეთ დღიური, კალენდარი, სადაც ყოველდღიურად წებოვან ილუსტრირებულ სტიკერებს ბავშვი თავად ჩააკრავს.
ნაბიჯი მეშვიდე:
საცვალი - თავდაპირველად ადაპტაციამდე გამოიყენეთ პამპერსი ტრუსი, რომელსაც დამოუკიდებლად და იოლად თავად გაიხდის და ჩაიცვამს.
ნაბიჯი მერვე:
მარცხი - ჩასველებისას არ გაუბრაზდეთ და არ დასაჯოთ, შეხვდით ამას პოზიტიურად, გამოუცვალეთ და აუხსენით, რომ შემდეგ ჯერზე უფრო მეტად ყურადღება მიაქციოს მოშარდვის ან დეფეკაციის სურვილს.
ნაბიჯი მეცხრე:
ღამე - საწოლში დაუფინეთ დამცავი პამპერსი საფენი, რომელიც მატრასს დასველებისგან დაიცავს. თუ ღამით ტუალეტის ტრენინგის მცდელობა იქნება წარუმატებელი, არ იღელვოთ, ღამით ჩასველება 5 წლის ასაკამდე პათოლოგიასთან არ ასოცირდება.
ნაბიჯი მეათე:
ჯილდო - ტუალეტის ტრენინგის ყოველი მისი წარმატება სიხარულით აღნიშნეთ. სიტყვიერად შეაქეთ და დემონსტრაციულად აღნიშნეთ.
გაითვალისწინეთ, რომ თითოეული ნაბიჯის შესრულების და ადაპტაციისთვის შესაძლოა, მოგიწიოთ რამდენჯერმე განმეორება.
აუცილებელია გაითვალისწინოთ თქვენი ბავშვის სხვადასხვა ინდივიდუალური გარემოება და დეტალური ინფორმაციისთვის შეათანხმოთ ბავშვის პირად ექიმთან.
- რა ასაკიდან არის პრობლემა, თუ ბავშვს არ ჩამოუყალიბდა ეს ჩვევა და ვერ გადაეჩვია საფენს?
- როდესაც ბავშვი 4 წელზე მეტია და არ აქვს ჩამოყალიბებული დღისით ტუალეტის ჩვევები - აქვს შარდის და განავლის შეუკავებლობა, რეკომენდებულია, კონსულტაცია ექიმთან გაიაროთ.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
რა განაპირობებს ბავშვების ტირილს საბავშვო ბაღში მიყვანისას?
205-ე საჯაროსაბავშვო ბაღის დირექტორმა ია პატეიშვილმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რომლის გამოც ბავშვებს უჭირთ ახალ გარემოსთან ადაპტაცია.
„ჩემი შვილები როცა პატარები იყვნენ, არასდროს არ მავიწყდება, როგორ მოვიწყვიტე გულიდან ატირებული ბავშვი, იქიდან მოყოლებული სულ ვღელავ, როდესაც ბავშვი ბაღში ატირებული მოდის.
ჩემმა დაკვირვებამ ცხადყო რეგულაციებამდე რა განაპირობებდა ბავშვის ტირილს, ბაღში მიყვანის შემდეგ. ზოგიერთი მშობელი შემოდიოდა ბავშვთან ერთად და ჯდებოდა ჯგუფში, ჩვენ კი არ გვქონდა უფლება, მიგვეთითებინა, რომ არ შეიძლებოდა. მას შემდეგ, რაც აიკრძალა მშობლების შიდა სივრცეში შემოსვლა, უკეთეს მდგომარეობაში არიან, არა მარტო მათი შვილები, არამედ სხვა ბავშვებიც, ანუ ისინი ადაპტირდებიან სოციუმში ძალიან მალე. პატარები თვლიდნენ, რომ იტირებდნენ მანამ სანამ დედამისი იქნებოდა მათთან. ბავშვები, რომლებიც დედის გარეშე რჩებოდნენ და უყურებდნენ სხვას მშობელი ჰყავდა, ისინიც იწყებდნენ ტირილს“.
მისი თქმით, სანამ დედა და მამა ბავშვს ბაღში მიიყვანენ, უნდა ესაუბრონ, უთხრან, რომ იქ რომ მივა ძალიან კარგი გარემო და ბევრი ბავშვი დახვდება, რომლებიც მისი მეგობრები გახდებიან, პედაგოგები კი მისი დიდი მეგობრები იქნებიან:
,,რა თქმა უნდა, იქ უნდა დახვდნენ ძალიან კარგი აღმზრდელ-პედაგოგები, რომლებიც სითბოს და სიყვარულს არ დააკლებენ ბავშვს და ყველა პირობას შეუქმნიან, რათა ბავშვი მარტივად ადაპტირდეს,'' - აღნიშნა ია პატეიშვილმა.