როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი საფენს, რა ხერხებით არის შესაძლებელი, რომ მივაჩვიოთ ქოთანზე დასმას და რა ასაკიდან უნდა მივიჩნიოთ პრობლემად შარდის ან განავლის შეუკავებლობა? - ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრი, ბავშვთა ნეფროლოგი ქეთევან ქვათაძე.
- ქალბატონო ქეთევან, მშობლებისთვის პრობლემას წარმოადგენს პატარას საფენისგან გადაჩვევა. რა ასაკიდან უნდა დავსვათ ბავშვი ქოთანზე?
- ყველა ბავშვის განვითარება ინდივიდუალურია. ამის გათვალისწინებით განსხვავდება საფენის გახდის და ტუალეტის უნარ-ჩვევების შესწავლის ასაკი. ზოგიერთი კვლევით დასტურდება, რომ ბავშვების უმეტესობა ტუალეტის უნარ-ჩვევების შესწავლისთვის მზად არის 18-24 თვის ასაკისთვის. მიუხედავად ამისა, ასაკი არ არის ერთადერთი გასათვალისწინებელი ფაქტორი.
- რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა იმ დროს, როცა ქოთანზე დასმას გადაწყვეტს?
- წარმოგიდგენთ რამდენიმე ზოგად რჩევას და მითითებას, რომელიც შეიძლება გამოიყენოს ან გაითვალისწინოს მშობელმა.
პირველ რიგში, უნდა მოიმარაგოთ: კომფორტული დასაჯდომი ქოთანი და ტუალეტზე დასამაგრებელი რბილი ადაპტერი, დასადგომი სკამი ხელების დასაბანად, ილუსტრირებული წიგნი ან ვიდეორგოლები, სადაც არის გზამკვლევი ტუალეტის ტრენინგის შესახებ, პამპერსი ტრუსები, რამდენიმე ცალი ნაჭრის საცვალი, მატრასის დამცავი პამპერსი საფენი და წამახალისებელი სტიკერები.
ნაბიჯი პირველი:
ყურადღების მიპყრობა - ბავშვი მხოლოდ პამპერსით ან საცვლით ქოთანზე დასვით და წაუკითხეთ წიგნი ან აყურებინეთ ვიდეორგოლი, სადაც ტუალეტის ტრენინგის შესახებ არის მოთხრობილი.
ნაბიჯი მეორე:
შეარჩიეთ „კარგი დრო“ - სასურველია, იყოს თბილი ამინდები, რომ იოლად შეძლოთ ხშირად გამოცვლა. ოჯახის წევრები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობენ უნდა იყვნენ მაქსიმალურად ორიენტირებულები. არ დაამთხვიოთ მოგზაურობას ან საცხოვრებელი სახლის ცვლილებას.
ნაბიჯი მესამე:
დააწესეთ რუტინა - ბავშვი ქოთანზე ერთი და იმავე დროს დასვით, მაგალითად, სადილის ან ბანაობის შემდეგ, ძილის წინ. თავდაპირველად შესაძლებელია დაჯდეს ჩაცმული ან საფენით.
გახადე პერსონალური - შეეცადეთ პირადი პასუხისმგებლობა აუმაღლოთ. ქოთანში ან საფენში მოთავსებული ფეკალიები თქვენი დახმარებით გადააგდებინეთ ტუალეტში.
ნაბიჯი მეექვსე:
წაახალისეთ - მოტივაციის ამაღლებისთვის აუცილებელია წახალისება. ტუალეტის ჩვევებთან დაკავშირებით, ყოველი ახალი წინ გადადგმული ნაბიჯისთვის დააჯილდოვეთ, მაგალითად, აწარმოეთ დღიური, კალენდარი, სადაც ყოველდღიურად წებოვან ილუსტრირებულ სტიკერებს ბავშვი თავად ჩააკრავს.
ნაბიჯი მეშვიდე:
საცვალი - თავდაპირველად ადაპტაციამდე გამოიყენეთ პამპერსი ტრუსი, რომელსაც დამოუკიდებლად და იოლად თავად გაიხდის და ჩაიცვამს.
ნაბიჯი მერვე:
მარცხი - ჩასველებისას არ გაუბრაზდეთ და არ დასაჯოთ, შეხვდით ამას პოზიტიურად, გამოუცვალეთ და აუხსენით, რომ შემდეგ ჯერზე უფრო მეტად ყურადღება მიაქციოს მოშარდვის ან დეფეკაციის სურვილს.
ნაბიჯი მეცხრე:
ღამე - საწოლში დაუფინეთ დამცავი პამპერსი საფენი, რომელიც მატრასს დასველებისგან დაიცავს. თუ ღამით ტუალეტის ტრენინგის მცდელობა იქნება წარუმატებელი, არ იღელვოთ, ღამით ჩასველება 5 წლის ასაკამდე პათოლოგიასთან არ ასოცირდება.
ნაბიჯი მეათე:
ჯილდო - ტუალეტის ტრენინგის ყოველი მისი წარმატება სიხარულით აღნიშნეთ. სიტყვიერად შეაქეთ და დემონსტრაციულად აღნიშნეთ.
გაითვალისწინეთ, რომ თითოეული ნაბიჯის შესრულების და ადაპტაციისთვის შესაძლოა, მოგიწიოთ რამდენჯერმე განმეორება.
აუცილებელია გაითვალისწინოთ თქვენი ბავშვის სხვადასხვა ინდივიდუალური გარემოება და დეტალური ინფორმაციისთვის შეათანხმოთ ბავშვის პირად ექიმთან.
- რა ასაკიდან არის პრობლემა, თუ ბავშვს არ ჩამოუყალიბდა ეს ჩვევა და ვერ გადაეჩვია საფენს?
- როდესაც ბავშვი 4 წელზე მეტია და არ აქვს ჩამოყალიბებული დღისით ტუალეტის ჩვევები - აქვს შარდის და განავლის შეუკავებლობა, რეკომენდებულია, კონსულტაცია ექიმთან გაიაროთ.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
რა რეაქცია უნდა ჰქონდეს მშობელს, როცა ბავშვი ურტყამს ან არასასიამოვნო სიტყვებს ეუბნება? - თემაზე ქცევითი თერაპევტი საუბრობს
რა რეაქცია უნდა ჰქონდეს მშობელს, როცა ბავშვი ურტყამს ან არასასიამოვნო სიტყვებს ეუბნება? - ამ საკითხზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა პრაქტიკოსი ქცევითი თერაპევტი, სუპერვაიზერი, ფსიქოლოგიის მაგისტრი მაკო გაგნიძე.
- როდესაც ბავშვი გამუდმებით უხეშობს, რა შეიძლება იყოს მიზეზი?
- ზოგადად ქცევა არის ინდივიდის მიზანმიმართულად განხორციელებული აქტივობა, რომელსაც გააჩნია მიზანი და ფუნქცია. როდესაც პრობლემურ ქცევასთან გვაქვს საქმე, ამ შემთხვევაში, ბავშვის გამუდმებულ უხეშობასთან და ხშირად მეორდება შემანარჩუნებელი შედეგი, ანუ განმტკიცება, გამორიცხულია ამ ქცევას არ ჰქონდეს წინაპირობა. ქცევათმეცნიერება (ბიჰევიორიზმი) ყველაზე ეფექტურად გვეხმარება ქცევის მართვაში, ხოლო ქცევის მომავალში გამოვლენას და დასწავლას განაპირობებს შედეგები, რომლებიც მოსდევს მას. ანუ შედეგი, რომელიც იწვევს ქცევის გამოვლენის ზრდას. თუკი ბავშვი უხეშობით, ფიზიკური აგრესიით, ყვირილით არასასურველი ქცევით აღწევს სასურველს მაგალითად:
სასიამოვნო სტიმულის მიღება - მაღაზიაში უნდოდა კანფეტი, არ ყიდულობდნენ, მან იყვირა/იუხეშა/იბილწსიტყვავა: მიიღო სასურველი და უყიდეს;
არასასიამოვნოს თავიდან არიდება - არ უნდა დაყრილი სათამაშოების ალაგება. იყვირა/იუხეშა/იბილწსიტყვავა: დავალება არ შეასრულა, ოღონდ დამშვიდებულიყო და ამ დავალების შესრულება აღარ მოსთხოვეს.
შესაძლოა და ხშირია ეს იყოს ყურადღების მიღებისთვის გამოვლენილი ქცევა ან სხვისი ყურადღების თავიდან აცილებისთვის. იმისათვის, რომ გავიგოთ ქცევის ფუნქცია და შედეგის მასზე ზემოქმედება, სპეციალისტები პრობლემური ქცევის დროს ვაგროვებთ და მშობელსაც ვთხოვთ ABC (Antecedent-Behavior-Consequence - წინაპირობა, ქცევა, შედეგი) მონაცემების შეგროვებას და შემდგომ ამ მონცემების ნიადაგზე გარკვეული სტრატეგიების დასახვას.
ქცევას თუ არ ექნება ის შედეგი, რისთვისაც ხორციელდება, ადრე თუ გვიან ჩაქრება და საბოლოოდ გაქრება. შესაძლოა, გარკვეული პერიოდი ქცევისაფეთქება გამოიწვიოს, მაგრამ საბოლოოდ, მაინც გაქრება. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ ინდივიდუალიზმი, რომელიც ასევე გააჩნია ქცევას. ძველი და ჩვევაში გადასული ქცევის გაქრობა რთულია, ახლის გაცილებით მარტივი. შესაბამისად, მშობელი უნდა ეცადოს გაარკვიოს რა არის წინაპირობა აღნიშნული ქცევების და რა მოყვება, რა ინარჩუნებს მათ. თუკი თავად ვერ ახერხებს და უჭირს გამკლავება, მაშინ უნდა მიმართოს სპეციალისტს. მოდით, კიდევ ერთხელ ჩამოვთვალოთ რა შეიძლება იყოს აღნიშნული ქცევის განხორციელების მიზეზები:
1. სასურველის მიღება;
2. იმპულსურობა;
3. ყურადღების მიპყრობა;
4. არახელსაყრელი გარემო;
5. იმიტირება (მიბაძვა) ოჯახის წევრის, მულტფილმის გმირის და ა.შ.;
6. თავდაცვა;
7. უნარების ნაკლებობა ( არ იცის როგორ მოითხოვოს რაიმე ან ლექსიკური მარაგი არ აქვს);
8. სტრესი (ოჯახის სირთულეები);
9. ემოციური ფონი (იმედგაცრუება, ყურადღების ნაკლებობა);
- რა რეაქცია უნდა ჰქონდეს მშობელს, როცა ბავშვი ურტყამს ან არასასიამოვნო სიტყვებს ეუბნება?
- იმ მომენტში არ ამახვილებთ ყურადღებას, არ ეჩხუბებით, არ ავლენთ საპასუხო აგრესიას, არ იცინით, არ ახალისებთ. როდესაც ქცევის გამოვლენა დასრულდება, ვასწავლით გამოხატვის სწორ ფორმას (სასურველის მოთხოვნის, არასასურველის თავიდან არიდების და ა.შ). ეს იმ შემთხვევაში თუკი ბავშვს მიმართული მეტყველება ესმის და თუ არა, მაშინ სხვა სტრატეგიების გამოყენება შეგვიძლია, მაგალითად, ალტერნატიული კომუნიკაცია, ჟესტით მოთხოვნა და ა.შ
- რამდენად ეფექტურია, რომ ასეთ დავაიგნოროთ?
- რაც შეეხება იგნორს, აღნიშნული სტრატეგია ქცევის გამოყენებით ანალიზში ნამდვილად არსებობს და ჰქვია დაგეგმილი იგნორი, თუმცა, ეს ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა გამოვიყენოთ და მხოლოდ გარკვეულ სიტუაციებში, ისიც სპეციალისტთან შეთანხმებით. უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ დროს ვაიგნორებთ ინდივიდის ქცევას და არა თავად ინდივიდს.
როცა ბავშვი ხდება აგრესიული, ვიწყებთ ძიებას, გვიჩნდება კითხვას რატომ? მშობელმა ყველა გარემოში უნდა გააანალიზოს აღნიშნული ქცევა და თუ ვერ იგებს მიზეზს, მიმართოს სპეცილისტს. მნიშვნელოვანია ერთი აღზრდის სტილი ოჯახში, არასწორია, როდესაც ოჯახის ერთი ან რამოდენიმე წევრი რაღაცას უკრძალავს და სხვები ნებას რთავენ.
- მშობლის მხრიდან, რა სახის კომუნიკაციამ შეიძლება გაამწვავოს მდგომარეობა?
- მშობლის მხრიდან აგრესიაზე აგრესიით პასუხმა ერთმნიშვნელოვნად შესაძლოა გაამწვავოს მდგომარეობა.