როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი საფენს, რა ხერხებით არის შესაძლებელი, რომ მივაჩვიოთ ქოთანზე დასმას და რა ასაკიდან უნდა მივიჩნიოთ პრობლემად შარდის ან განავლის შეუკავებლობა? - ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრი, ბავშვთა ნეფროლოგი ქეთევან ქვათაძე.
- ქალბატონო ქეთევან, მშობლებისთვის პრობლემას წარმოადგენს პატარას საფენისგან გადაჩვევა. რა ასაკიდან უნდა დავსვათ ბავშვი ქოთანზე?
- ყველა ბავშვის განვითარება ინდივიდუალურია. ამის გათვალისწინებით განსხვავდება საფენის გახდის და ტუალეტის უნარ-ჩვევების შესწავლის ასაკი. ზოგიერთი კვლევით დასტურდება, რომ ბავშვების უმეტესობა ტუალეტის უნარ-ჩვევების შესწავლისთვის მზად არის 18-24 თვის ასაკისთვის. მიუხედავად ამისა, ასაკი არ არის ერთადერთი გასათვალისწინებელი ფაქტორი.
- რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა იმ დროს, როცა ქოთანზე დასმას გადაწყვეტს?
- წარმოგიდგენთ რამდენიმე ზოგად რჩევას და მითითებას, რომელიც შეიძლება გამოიყენოს ან გაითვალისწინოს მშობელმა.
პირველ რიგში, უნდა მოიმარაგოთ: კომფორტული დასაჯდომი ქოთანი და ტუალეტზე დასამაგრებელი რბილი ადაპტერი, დასადგომი სკამი ხელების დასაბანად, ილუსტრირებული წიგნი ან ვიდეორგოლები, სადაც არის გზამკვლევი ტუალეტის ტრენინგის შესახებ, პამპერსი ტრუსები, რამდენიმე ცალი ნაჭრის საცვალი, მატრასის დამცავი პამპერსი საფენი და წამახალისებელი სტიკერები.
ნაბიჯი პირველი:
ყურადღების მიპყრობა - ბავშვი მხოლოდ პამპერსით ან საცვლით ქოთანზე დასვით და წაუკითხეთ წიგნი ან აყურებინეთ ვიდეორგოლი, სადაც ტუალეტის ტრენინგის შესახებ არის მოთხრობილი.
ნაბიჯი მეორე:
შეარჩიეთ „კარგი დრო“ - სასურველია, იყოს თბილი ამინდები, რომ იოლად შეძლოთ ხშირად გამოცვლა. ოჯახის წევრები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობენ უნდა იყვნენ მაქსიმალურად ორიენტირებულები. არ დაამთხვიოთ მოგზაურობას ან საცხოვრებელი სახლის ცვლილებას.
ნაბიჯი მესამე:
დააწესეთ რუტინა - ბავშვი ქოთანზე ერთი და იმავე დროს დასვით, მაგალითად, სადილის ან ბანაობის შემდეგ, ძილის წინ. თავდაპირველად შესაძლებელია დაჯდეს ჩაცმული ან საფენით.
გახადე პერსონალური - შეეცადეთ პირადი პასუხისმგებლობა აუმაღლოთ. ქოთანში ან საფენში მოთავსებული ფეკალიები თქვენი დახმარებით გადააგდებინეთ ტუალეტში.
ნაბიჯი მეექვსე:
წაახალისეთ - მოტივაციის ამაღლებისთვის აუცილებელია წახალისება. ტუალეტის ჩვევებთან დაკავშირებით, ყოველი ახალი წინ გადადგმული ნაბიჯისთვის დააჯილდოვეთ, მაგალითად, აწარმოეთ დღიური, კალენდარი, სადაც ყოველდღიურად წებოვან ილუსტრირებულ სტიკერებს ბავშვი თავად ჩააკრავს.
ნაბიჯი მეშვიდე:
საცვალი - თავდაპირველად ადაპტაციამდე გამოიყენეთ პამპერსი ტრუსი, რომელსაც დამოუკიდებლად და იოლად თავად გაიხდის და ჩაიცვამს.
ნაბიჯი მერვე:
მარცხი - ჩასველებისას არ გაუბრაზდეთ და არ დასაჯოთ, შეხვდით ამას პოზიტიურად, გამოუცვალეთ და აუხსენით, რომ შემდეგ ჯერზე უფრო მეტად ყურადღება მიაქციოს მოშარდვის ან დეფეკაციის სურვილს.
ნაბიჯი მეცხრე:
ღამე - საწოლში დაუფინეთ დამცავი პამპერსი საფენი, რომელიც მატრასს დასველებისგან დაიცავს. თუ ღამით ტუალეტის ტრენინგის მცდელობა იქნება წარუმატებელი, არ იღელვოთ, ღამით ჩასველება 5 წლის ასაკამდე პათოლოგიასთან არ ასოცირდება.
ნაბიჯი მეათე:
ჯილდო - ტუალეტის ტრენინგის ყოველი მისი წარმატება სიხარულით აღნიშნეთ. სიტყვიერად შეაქეთ და დემონსტრაციულად აღნიშნეთ.
გაითვალისწინეთ, რომ თითოეული ნაბიჯის შესრულების და ადაპტაციისთვის შესაძლოა, მოგიწიოთ რამდენჯერმე განმეორება.
აუცილებელია გაითვალისწინოთ თქვენი ბავშვის სხვადასხვა ინდივიდუალური გარემოება და დეტალური ინფორმაციისთვის შეათანხმოთ ბავშვის პირად ექიმთან.
- რა ასაკიდან არის პრობლემა, თუ ბავშვს არ ჩამოუყალიბდა ეს ჩვევა და ვერ გადაეჩვია საფენს?
- როდესაც ბავშვი 4 წელზე მეტია და არ აქვს ჩამოყალიბებული დღისით ტუალეტის ჩვევები - აქვს შარდის და განავლის შეუკავებლობა, რეკომენდებულია, კონსულტაცია ექიმთან გაიაროთ.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ორი წლის ასაკში ბავშვს უნდა ჰქონდეს დაახლოებით 50-80 ან 100 სიტყვამდე მარაგი,“ - ლიკა მერაბიშვილი
ფსიქოლოგიის დოქტორმა ლიკა მერაბიშვილმა ბავშვებში მეტყველების განვითარების შეფერხების პრობლემის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ბავშვის მეტყველების განვითარება მუცლადყოფნის ეტაპზე იწყება:
„მეტყველების განვითარება მუცლადყოფნის ეტაპზე იწყება, როდესაც გარშემომყოფების საუბარი ესმის ნაყოფს. როდესაც ბავშვი იბადება, ორი თვის ასაკში რა ხმასაც გამოსცემს, ამას ეძახიან ღუღუნს. ოთხი თვის ასაკში ბავშვი გამოთქვამს ბგერებს: „და-და“ და ა.შ. ამას ჰქვია უკვე ტიტინი. რვა თვის ასაკიდან შეიძლება, რომ წამოისროლოს სიტყვები. ეს სიტყვები არის არამიზანმიმართული. ერთი წლის ასაკიდან ბავშვს უნდა შეეძლოს მიზანმიმართული სიტყვების თქმა. ორი წლის ასაკში ბავშვს უნდა ჰქონდეს დაახლოებით 50-80 ან 100 სიტყვამდე მარაგი. ოთხი წლის ასაკიდან ბავშვი ზმნებით საუბრობს, გრამატიკა შემოდის, ზედსართავი სახელები, ემოციური საუბარი.“
ლიკა მერაბიშვილმა იმ შემთხვევებზეც ისაუბრა, როდესაც მშობელმა ბავშვი სპეციალისტს უნდა აჩვენოს:
„როდის უნდა დაპანიკდეს მშობელი და მიაკითხოს სპეციალისტს? თუ ხედავს, რომ წლინახევრის ასაკში ბავშვი არ საუბრობს, ეს საყურადღებოა. არ საუბრობს არ ნიშნავს, რომ სიტყვებს არ ამბობს. თუ ეუბნებით, სად არის ცხვირი და ცხვირზე იდებს ხელს, სად არის ბურთი და ბურთისკენ იშვერს ხელს, თუ კომუნიკაციაში შემოდის, შესაბამისად, უკვე მეტყველებს და არ არის საგანგაშო. ძველ თაობაში ასეთი მითი იყო: „მეც გვიან დავიწყე საუბარი და ჩემი შვილის გვიან დაიწყებს საუბარს.“ გარშემომყოფები ამბობენ: „ზარმაცია და ალბათ, ოდესმე დაიწყებს საუბარს." რეალურად უმჯობესია, რომ სპეციალისტმა ნახოს. წლინახევრიდან უკვე რეკომენდებულია, რომ მშობლებმა მიმართონ სპეციალისტს, თუ კომუნიკაციაში არ შემოდის ბავშვი.“
„თუ დედას არ სცალია, მამას არ სცალია, გარშემომყოფებს არ სცალიათ, ბავშვთან კომუნიკაციას ვერავინ ვერ ამყარებს. რაც უნდა ვილაპარაკოთ, რომ ბავშვები მოვარიდოთ ტელევიზორს, ტექნიკა ნაკლებად ჩავრთოთ, რეალურაც ცხოვრებაში მეც მქონია შემთხვევა, რომ დამისვამს ბავშვი ტელევიზორთან. ამ დროს ეს ძალიან ცუდია. ვეცადოთ, რომ მიზანმიმართულად გამოვიყენოთ გაჯეტები,“- აღნიშნულ საკითხებზე ლიკა მერაბიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.