როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი საფენს, რა ხერხებით არის შესაძლებელი, რომ მივაჩვიოთ ქოთანზე დასმას და რა ასაკიდან უნდა მივიჩნიოთ პრობლემად შარდის ან განავლის შეუკავებლობა? - ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრი, ბავშვთა ნეფროლოგი ქეთევან ქვათაძე.
- ქალბატონო ქეთევან, მშობლებისთვის პრობლემას წარმოადგენს პატარას საფენისგან გადაჩვევა. რა ასაკიდან უნდა დავსვათ ბავშვი ქოთანზე?
- ყველა ბავშვის განვითარება ინდივიდუალურია. ამის გათვალისწინებით განსხვავდება საფენის გახდის და ტუალეტის უნარ-ჩვევების შესწავლის ასაკი. ზოგიერთი კვლევით დასტურდება, რომ ბავშვების უმეტესობა ტუალეტის უნარ-ჩვევების შესწავლისთვის მზად არის 18-24 თვის ასაკისთვის. მიუხედავად ამისა, ასაკი არ არის ერთადერთი გასათვალისწინებელი ფაქტორი.
- რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა იმ დროს, როცა ქოთანზე დასმას გადაწყვეტს?
- წარმოგიდგენთ რამდენიმე ზოგად რჩევას და მითითებას, რომელიც შეიძლება გამოიყენოს ან გაითვალისწინოს მშობელმა.
პირველ რიგში, უნდა მოიმარაგოთ: კომფორტული დასაჯდომი ქოთანი და ტუალეტზე დასამაგრებელი რბილი ადაპტერი, დასადგომი სკამი ხელების დასაბანად, ილუსტრირებული წიგნი ან ვიდეორგოლები, სადაც არის გზამკვლევი ტუალეტის ტრენინგის შესახებ, პამპერსი ტრუსები, რამდენიმე ცალი ნაჭრის საცვალი, მატრასის დამცავი პამპერსი საფენი და წამახალისებელი სტიკერები.
ნაბიჯი პირველი:
ყურადღების მიპყრობა - ბავშვი მხოლოდ პამპერსით ან საცვლით ქოთანზე დასვით და წაუკითხეთ წიგნი ან აყურებინეთ ვიდეორგოლი, სადაც ტუალეტის ტრენინგის შესახებ არის მოთხრობილი.
ნაბიჯი მეორე:
შეარჩიეთ „კარგი დრო“ - სასურველია, იყოს თბილი ამინდები, რომ იოლად შეძლოთ ხშირად გამოცვლა. ოჯახის წევრები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობენ უნდა იყვნენ მაქსიმალურად ორიენტირებულები. არ დაამთხვიოთ მოგზაურობას ან საცხოვრებელი სახლის ცვლილებას.
ნაბიჯი მესამე:
დააწესეთ რუტინა - ბავშვი ქოთანზე ერთი და იმავე დროს დასვით, მაგალითად, სადილის ან ბანაობის შემდეგ, ძილის წინ. თავდაპირველად შესაძლებელია დაჯდეს ჩაცმული ან საფენით.
გახადე პერსონალური - შეეცადეთ პირადი პასუხისმგებლობა აუმაღლოთ. ქოთანში ან საფენში მოთავსებული ფეკალიები თქვენი დახმარებით გადააგდებინეთ ტუალეტში.
ნაბიჯი მეექვსე:
წაახალისეთ - მოტივაციის ამაღლებისთვის აუცილებელია წახალისება. ტუალეტის ჩვევებთან დაკავშირებით, ყოველი ახალი წინ გადადგმული ნაბიჯისთვის დააჯილდოვეთ, მაგალითად, აწარმოეთ დღიური, კალენდარი, სადაც ყოველდღიურად წებოვან ილუსტრირებულ სტიკერებს ბავშვი თავად ჩააკრავს.
ნაბიჯი მეშვიდე:
საცვალი - თავდაპირველად ადაპტაციამდე გამოიყენეთ პამპერსი ტრუსი, რომელსაც დამოუკიდებლად და იოლად თავად გაიხდის და ჩაიცვამს.
ნაბიჯი მერვე:
მარცხი - ჩასველებისას არ გაუბრაზდეთ და არ დასაჯოთ, შეხვდით ამას პოზიტიურად, გამოუცვალეთ და აუხსენით, რომ შემდეგ ჯერზე უფრო მეტად ყურადღება მიაქციოს მოშარდვის ან დეფეკაციის სურვილს.
ნაბიჯი მეცხრე:
ღამე - საწოლში დაუფინეთ დამცავი პამპერსი საფენი, რომელიც მატრასს დასველებისგან დაიცავს. თუ ღამით ტუალეტის ტრენინგის მცდელობა იქნება წარუმატებელი, არ იღელვოთ, ღამით ჩასველება 5 წლის ასაკამდე პათოლოგიასთან არ ასოცირდება.
ნაბიჯი მეათე:
ჯილდო - ტუალეტის ტრენინგის ყოველი მისი წარმატება სიხარულით აღნიშნეთ. სიტყვიერად შეაქეთ და დემონსტრაციულად აღნიშნეთ.
გაითვალისწინეთ, რომ თითოეული ნაბიჯის შესრულების და ადაპტაციისთვის შესაძლოა, მოგიწიოთ რამდენჯერმე განმეორება.
აუცილებელია გაითვალისწინოთ თქვენი ბავშვის სხვადასხვა ინდივიდუალური გარემოება და დეტალური ინფორმაციისთვის შეათანხმოთ ბავშვის პირად ექიმთან.
- რა ასაკიდან არის პრობლემა, თუ ბავშვს არ ჩამოუყალიბდა ეს ჩვევა და ვერ გადაეჩვია საფენს?
- როდესაც ბავშვი 4 წელზე მეტია და არ აქვს ჩამოყალიბებული დღისით ტუალეტის ჩვევები - აქვს შარდის და განავლის შეუკავებლობა, რეკომენდებულია, კონსულტაცია ექიმთან გაიაროთ.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
როდესაც ბავშვები შიშვლები დადიან ყველას თვალწინ და ამის გამო სირცხვილის, მორიდების გრძნობა არ აქვთ - არის თუ არა ეს პრობლემა, რა შეიძლება იყოს მიზეზი?
როდესაც ბავშვები (ბაღის და სკოლის დაწყებითი კლასის) შიშვლები დადიან ყველას თვალწინ და ამის გამო სირცხვილის, მორიდების გრძნობა არ აქვთ. არის თუ არა ეს პრობლემა, რა შეიძლება იყოს მიზეზი? - ამ საკითხზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა პრაქტიკოსი ქცევითი თერაპევტი, სუპერვაიზერი, ფსიქოლოგიის მაგისტრი მაკო გაგნიძე.
,,თავდაპირველად, როდესაც რაიმე ქცევაზე გვაქვს საუბარი მნიშვნელოვანია განვმარტოთ, თუ რა არის ქცევა. ქცევა არის ინდივიდის მიზანმიმართულად განხორციელებული აქტივობა, რომელსაც გააჩნია მიზანი და ფუნქცია. ასევე, უნდა გავუსვათ ხაზი, თუ რა არის და რა აღიქმება რთულ ქცევად, რომელთა რიგსაც თქვენს მიერ დასმულ შეკითხვაში მოყვანილი ქცევაც მიეკუთვნება. ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის განმარტებით რთული ქცევა არის: ,,ქცევა რომელიც საშიშია ან ხელს უშლის ადამიანს სკოლამდელ, საგანმანათლებლო ან ზრდასრულთა მომსახურების სერვისებში მონაწილეობას და ხშირად საჭიროებს სპეციალური ინტერვენციების შემუშავებას და გამოყენებას.“ აბსოლუტურად ყველა ქცევას აქვს მიზანი, ფუნქცია. აღვნიშნავ იმასაც, რომ ერთი და იგივე ქცევას შესაძლოა ჰქონდეს სხვადასხვა მიზანი, ფუნქცია. ქცევის წინაპირობები შეიძლება იყოს: იმედგაცრუება, ტკივილი, წყენა, შიში, სენსორული დეზინტეგრაცია, შფოთვა, დაღლა, შიმშილი, კომუნიკაციის სირთულე და ა.შ. “
- როდესაც ბავშვები (ბაღის და სკოლის დაწყებითი კლასის) შიშვლები დადიან ყველას თვალწინ და ამასთან მიმართებით სირცხვილის, მორიდების გრძნობა არ აქვთ. არის თუ არა ეს პრობლემა, რა შეიძლება იყოს მიზეზი?
- აღნიშნული ქცევის მიზეზი და ფუნქციაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შესაძლოა იყოს სხვადასხვა, მაგალითად, გარემო პირობები (სიცხე, ფიზიკური დისკომფორტი) ყურადღების მიპყრობის სურვილი, არასასურველი აქტივობისგან გაქცევის მცდელობა, სექსუალური ქცევა (გახდა მასტურბაციის მიზნით) სენსორული დეზინტეგრაცია და ა.შ.
- როგორ უნდა მიუდგეს მშობელი?
- ქცევის მართვა არ არის: ყვირილი, მუქარა, სიმკაცრე ან ყველაფრის შესრულება. აღნიშნულ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს თუ რა არის ქცევის ფუნქცია, ასეთ დროს უნდა შეგროვდეს მონაცემი, რომელსაც ჩვენ ქცევითი თერაპევტები ABC მოდელს ვეძახით. ABC ანუ (Antecedent-Behavior-Consequence) წინაპირობა, ქცევა, შედეგი. აქედან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს ქცევის მიზანი, ფუნქცია და შესაბამისად განხორციელდეს მუშაობა. განვიხილოთ რამოდენიმე მაგალითი, თუკი ჩანაწერის მონაცემებით გამოვლინდა რომ მიზეზი არის სენსორული დეზინტეგრაცია (არ მოსწონს, ვერ ეგუება ტანსაცმლის სტრუქტურას) მაშინ ბავშვი უნდა შეაფასოს სენსორულმა თერაპევტმა, თუ საჭიროება მოითხოვს უნდა დაიწყოს მუშაობა ან მისცეს მშობელს რეკომენდაცია. თუკი მიზეზად გამოვლინდება ყურადღების მიპყრობა, მაგალითად, გაიხადა ტანსაცმელი და ყველა მას უყურებს, ზოგი იცინის, ზოგს უკვირს. მასწავლებელის და მომვლელის ყურადღებაც მისკენაა მიპყრობილი, როცა მანამდე ასეთ ინტერესს მის მიმართ არავინ იჩენდა, (წინაპირობა: ყურადღების მიქცევის სურვილი, ყურადღების ცენტრში ყოფნა. ქცევა: გახდა. შედეგი: მიიქცია ყურადღება, ანუ ქცევამ შედეგი გამოიღო, განმტკიცდადა განმტკიცებული ქცევის მომავალში ხშირად გამოვლენის ალბათობა ძალიან დიდია). განვმეორდები და ვიტყვი რომ გახდის ქცევას შესაძლოა ჰქონდეს ბევრი სხვადასხვა ფუნქცია, მიზანი. რამდენი ინდივიდიცაა იმდენნაირი და განსხვავებული მიზეზი არსებობს, რადგან ყველას გააჩნია ინდივიდუაური მახასიათებლები. ასეთ დროს, სპეციალისტის დაგეგმარებით უნდა გაკეთდეს ჩანაწერები, ქცევითი თერაპევტის რეკომენდაციით დაიგეგმოს სტრატეგია და დაიწყოს ქცევის ჩაქრობაზე მუშაობა. გაეცნოს მშობელს, ასევე ბაღის ან სკოლის პერსონალს, რომ ქცევის გამოვლენის შემთხვევაში ყველამ ერთნაირი მიდგომა იქონიონ. როდესაც ქცევა არ განმტკიცდება, ასე ვთქვათ არ წახალისდება ნელ-ნელა იკლებს და საბოლოოდ კი საერთოდ გაქრება.