როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი საფენს, რა ხერხებით არის შესაძლებელი, რომ მივაჩვიოთ ქოთანზე დასმას და რა ასაკიდან უნდა მივიჩნიოთ პრობლემად შარდის ან განავლის შეუკავებლობა? - ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრი, ბავშვთა ნეფროლოგი ქეთევან ქვათაძე.
- ქალბატონო ქეთევან, მშობლებისთვის პრობლემას წარმოადგენს პატარას საფენისგან გადაჩვევა. რა ასაკიდან უნდა დავსვათ ბავშვი ქოთანზე?
- ყველა ბავშვის განვითარება ინდივიდუალურია. ამის გათვალისწინებით განსხვავდება საფენის გახდის და ტუალეტის უნარ-ჩვევების შესწავლის ასაკი. ზოგიერთი კვლევით დასტურდება, რომ ბავშვების უმეტესობა ტუალეტის უნარ-ჩვევების შესწავლისთვის მზად არის 18-24 თვის ასაკისთვის. მიუხედავად ამისა, ასაკი არ არის ერთადერთი გასათვალისწინებელი ფაქტორი.
- რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა იმ დროს, როცა ქოთანზე დასმას გადაწყვეტს?
- წარმოგიდგენთ რამდენიმე ზოგად რჩევას და მითითებას, რომელიც შეიძლება გამოიყენოს ან გაითვალისწინოს მშობელმა.
პირველ რიგში, უნდა მოიმარაგოთ: კომფორტული დასაჯდომი ქოთანი და ტუალეტზე დასამაგრებელი რბილი ადაპტერი, დასადგომი სკამი ხელების დასაბანად, ილუსტრირებული წიგნი ან ვიდეორგოლები, სადაც არის გზამკვლევი ტუალეტის ტრენინგის შესახებ, პამპერსი ტრუსები, რამდენიმე ცალი ნაჭრის საცვალი, მატრასის დამცავი პამპერსი საფენი და წამახალისებელი სტიკერები.
ნაბიჯი პირველი:
ყურადღების მიპყრობა - ბავშვი მხოლოდ პამპერსით ან საცვლით ქოთანზე დასვით და წაუკითხეთ წიგნი ან აყურებინეთ ვიდეორგოლი, სადაც ტუალეტის ტრენინგის შესახებ არის მოთხრობილი.
ნაბიჯი მეორე:
შეარჩიეთ „კარგი დრო“ - სასურველია, იყოს თბილი ამინდები, რომ იოლად შეძლოთ ხშირად გამოცვლა. ოჯახის წევრები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობენ უნდა იყვნენ მაქსიმალურად ორიენტირებულები. არ დაამთხვიოთ მოგზაურობას ან საცხოვრებელი სახლის ცვლილებას.
ნაბიჯი მესამე:
დააწესეთ რუტინა - ბავშვი ქოთანზე ერთი და იმავე დროს დასვით, მაგალითად, სადილის ან ბანაობის შემდეგ, ძილის წინ. თავდაპირველად შესაძლებელია დაჯდეს ჩაცმული ან საფენით.
გახადე პერსონალური - შეეცადეთ პირადი პასუხისმგებლობა აუმაღლოთ. ქოთანში ან საფენში მოთავსებული ფეკალიები თქვენი დახმარებით გადააგდებინეთ ტუალეტში.
ნაბიჯი მეექვსე:
წაახალისეთ - მოტივაციის ამაღლებისთვის აუცილებელია წახალისება. ტუალეტის ჩვევებთან დაკავშირებით, ყოველი ახალი წინ გადადგმული ნაბიჯისთვის დააჯილდოვეთ, მაგალითად, აწარმოეთ დღიური, კალენდარი, სადაც ყოველდღიურად წებოვან ილუსტრირებულ სტიკერებს ბავშვი თავად ჩააკრავს.
ნაბიჯი მეშვიდე:
საცვალი - თავდაპირველად ადაპტაციამდე გამოიყენეთ პამპერსი ტრუსი, რომელსაც დამოუკიდებლად და იოლად თავად გაიხდის და ჩაიცვამს.
ნაბიჯი მერვე:
მარცხი - ჩასველებისას არ გაუბრაზდეთ და არ დასაჯოთ, შეხვდით ამას პოზიტიურად, გამოუცვალეთ და აუხსენით, რომ შემდეგ ჯერზე უფრო მეტად ყურადღება მიაქციოს მოშარდვის ან დეფეკაციის სურვილს.
ნაბიჯი მეცხრე:
ღამე - საწოლში დაუფინეთ დამცავი პამპერსი საფენი, რომელიც მატრასს დასველებისგან დაიცავს. თუ ღამით ტუალეტის ტრენინგის მცდელობა იქნება წარუმატებელი, არ იღელვოთ, ღამით ჩასველება 5 წლის ასაკამდე პათოლოგიასთან არ ასოცირდება.
ნაბიჯი მეათე:
ჯილდო - ტუალეტის ტრენინგის ყოველი მისი წარმატება სიხარულით აღნიშნეთ. სიტყვიერად შეაქეთ და დემონსტრაციულად აღნიშნეთ.
გაითვალისწინეთ, რომ თითოეული ნაბიჯის შესრულების და ადაპტაციისთვის შესაძლოა, მოგიწიოთ რამდენჯერმე განმეორება.
აუცილებელია გაითვალისწინოთ თქვენი ბავშვის სხვადასხვა ინდივიდუალური გარემოება და დეტალური ინფორმაციისთვის შეათანხმოთ ბავშვის პირად ექიმთან.
- რა ასაკიდან არის პრობლემა, თუ ბავშვს არ ჩამოუყალიბდა ეს ჩვევა და ვერ გადაეჩვია საფენს?
- როდესაც ბავშვი 4 წელზე მეტია და არ აქვს ჩამოყალიბებული დღისით ტუალეტის ჩვევები - აქვს შარდის და განავლის შეუკავებლობა, რეკომენდებულია, კონსულტაცია ექიმთან გაიაროთ.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„შვილებს მადლიერება ბავშვობიდან უნდა ვასწავლოთ, ბავშვს ნებისმიერ ასაკში ესმის ყველაფერი, რასაც უხსნი,“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა
ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა მადლიერების მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მადლობის თქმა ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე უნდა ვასწავლოთ:
„ჩვენი, როგორც მშობლების პრობლემაა ის ყველაფერი, რაც ჩვენს შვილებს სჭირთ. ტრადიციულ ოჯახებში იყო წესი, რომ ჭამის წინ მადლობას ამბობდნენ: „მადლობა ღმერთს, რომ პური არსობისა გვაქვს ჩვენ დღეს.“ ბავშვობიდანვე უნდა ვასწავლოთ ბავშვს მადლიერება. წყალს რომ მიაწვდი ბავშვს, უნდა თქვას მადლობა, შენ რომ მოგაწვდის, უნდა უთხრა მადლობა. ეს მადლობა არ უნდა იყოს უაზროდ ნათქვამი ისეთ დროს, როდესაც ის არ არის ადეკვატური, ისევე, როგორც ბოდიში. მადლობა და ბოდიში ადამიანმა ბავშვობიდან უნდა ისწავლოს. ბავშვი სწავლობს მშობლის მაგალითით. თუ მშობელს სულ ცხვირ-პირი ჩამოსტირის, სულ რაღაცას განიცდის, უმადურია, სულ მეტი და მეტი უნდა, წუწუნებს, ეს პირდაპირ გადადის ბავშვზე. ბავშვს მუცლად ყოფნის დროს, ჩვლილობისას და ნებისმიერ ასაკში ესმის ყველაფერი, ყველა ენაზე ნათქვამი, სხვათა შორის.“
მარინა კაჭარავას თქმით, ქართველი მშობლები ხშირად შვილებისთვის იმაზე მეტს აკეთებენ, ვიდრე შეუძლიათ, რაც ბავშვებს რეალობაზე არასწორ წარმოდგენას უქმნის:
„ჩვენ ბავშვები რეალობაში უნდა ვაცხოვროთ. თუ მე დღეს არ მაქვს საშუალება, რომ ჩემს შვილს აიფონი ჰქონდეს, ამის გამო ვიღებ კრედიტს და ბავშვს ვუსრულებ სურვილს, ის დაჩაგრულია. ბავშვმა ძალიან კარგად იცის, რომ ეს არის ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად, ეს არის წუწუნის ხარჯზე, იმის ხარჯზე, რომ რაღაცები ამის გამო აღარ ექნებათ. მან იცის, რომ ეს ყველაფერი ხელოვნურია. ჩვენ ეს სნობიზმი გვახასიათებს. თუ ბილ გეითსის შვილებს არ აქვთ ბოლო დონის პლანშეტები, რატომ უნდა ჰქონდეთ ჩვენს შვილებს? ნაქირავებში ცხოვრებისას, მანქანას ვიყიდი განვადებით და ბავშვს აიფონს ვაჩუქებ, რადგან ვიფიქრებ, რომ ის მის გარეშე დაიჩაგრება. სინამდვილეში ბავშვი იჩაგრება ჩვენგან. ჩვენი ხელოვნურობით, ჩვენი განცდებით, რომელიც მასზე ტრანსლირდება. ბევრი საჩუქარი ერთად არ შეიძლება. ერთად მიღებული 10 საჩუქარი ბავშვს აღაფრთოვანებს და იქვე დაკარგავს თითოეული ფასს, მას არცერთი აღარ აინტერესებს. მერე მშობლებს სწყინთ, ამდენი რამ ვუყიდეთ და არ უხარიაო. ერთი რამ უყიდეთ ბავშვს, ის, რაც გაახარებს. იმით ითამაშოს, ის დაშალოს, ააწყოს.“
მარინა კაჭარავა აცხადებს, რომ ბავშვი ყოველდღიურად არ უნდა დავასაჩუქროთ:
„ცხოვრება არ მოგცემს ყოველდღე საჩუქარს. თუ ბავშვს საჩუქარი უნდა და ტირის, არაუშავს, იტიროს. ბუნებრივი და სადა ურთიერთობა არის საუკეთესო. იგივეა, ბავშვებს პანაშვიდს რომ არიდებენ, როდესაც ოჯახში მიცვალებულია. ესეც ცხოვრებაა. დაესწროს ბავშვი პანაშვიდს, თუ იქ წივილ-კივილი არ არის. ეს ტრაგედიაა, მაგრამ ეს არის ცხოვრება. ასე სწავლობენ ბავშვები, როგორ მოიქცნენ ამა თუ იმ სიტუაციაში. როდესაც ბავშვს ვარიდებთ ასეთ ვითარებას, მას იმუნიტეტი უსუსტდება. იმუნიტეტი არ არის მხოლოდ ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური იმუნიტეტიც არსებობს. ბავშვი ვეღარ უმკლავდება სტრესს და მერე ხდება ისტერიული, პირველ რიგში, სახლში. ბავშვი მანიპულირებს და ჩვენ ვხვდებით მსხვერპლი საკუთარი სურვილის, რომ გვინდა ის გავახაროთ.“
„შეიძლება ბავშვმა კოსმოსური ხომალდიც მოითხოვოს, ბავშვია და ითხოვს. მშობელმა მას უნდა აუხსნას ყველაფერი. ბავშვს ყველა ასაკში ესმის ახსნა. თვეების ბავშვსაც კი ესმის ახსნა. როდესაც ჩვილს ეუბნები: „დედა, მე წავალ და ხუთ საათში მოვალ,“ მას ბიოლოგიური დრო ერთვება და გელოდება. თუ ატყუებ ბავშვს, ის მერე შენ მოგატყუებს. ბავშვი არის პიროვნება, რომელიც პატივისცემას იმსახურებს და არა ყიდვას. ჩვენ ვყიდულობთ ჩვენს შვილებს საჩუქრებით, ფულით, ოღონდ გაჩუმდეს. „ოღონდ თავი დამანებე, ყველაფერი გაქვს,“ არ არის სწორი. არაფერი აქვს ამ დროს ბავშვს, ურთიერთობა არ აქვს, პატივისცემა არ აქვს, მას არ ეკითხებიან არაფერს,“ - აღნიშნავს მარინა კაჭარავა.