Baby Bag

რა განაპირობებს ბავშვების ტირილს საბავშვო ბაღში მიყვანისას?

რა განაპირობებს ბავშვების ტირილს საბავშვო ბაღში მიყვანისას?

205-ე საჯარო საბავშვო ბაღის დირექტორმა ია პატეიშვილმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რომლის გამოც ბავშვებს უჭირთ ახალ გარემოსთან ადაპტაცია.

„ჩემი შვილები როცა პატარები იყვნენ, არასდროს არ მავიწყდება, როგორ მოვიწყვიტე გულიდან ატირებული ბავშვი, იქიდან მოყოლებული სულ ვღელავ, როდესაც ბავშვი ბაღში ატირებული მოდის. 

ჩემმა დაკვირვებამ ცხადყო რეგულაციებამდე რა განაპირობებდა ბავშვის ტირილს, ბაღში მიყვანის შემდეგ. ზოგიერთი მშობელი შემოდიოდა ბავშვთან ერთად და ჯდებოდა ჯგუფში, ჩვენ კი არ გვქონდა უფლება, მიგვეთითებინა, რომ არ შეიძლებოდა. მას შემდეგ, რაც აიკრძალა მშობლების შიდა სივრცეში შემოსვლა, უკეთეს მდგომარეობაში არიან, არა მარტო მათი შვილები, არამედ სხვა ბავშვებიც, ანუ ისინი ადაპტირდებიან სოციუმში ძალიან მალე. პატარები თვლიდნენ, რომ იტირებდნენ მანამ სანამ დედამისი იქნებოდა მათთან. ბავშვები, რომლებიც დედის გარეშე რჩებოდნენ და უყურებდნენ სხვას მშობელი ჰყავდა, ისინიც იწყებდნენ ტირილს“.

მისი თქმით, სანამ დედა და მამა ბავშვს ბაღში მიიყვანენ, უნდა ესაუბრონ, უთხრან, რომ იქ რომ მივა ძალიან კარგი გარემო და ბევრი ბავშვი დახვდება, რომლებიც მისი მეგობრები გახდებიან, პედაგოგები კი მისი დიდი მეგობრები იქნებიან:

,,რა თქმა უნდა, იქ უნდა დახვდნენ ძალიან კარგი აღმზრდელ-პედაგოგები, რომლებიც სითბოს და სიყვარულს არ დააკლებენ ბავშვს და ყველა პირობას შეუქმნიან, რათა ბავშვი მარტივად ადაპტირდეს,'' - აღნიშნა ია პატეიშვილმა. 

წყარო: ,,სხვა შუადღე"

შეიძლება დაინტერესდეთ

„დებილი ხარ, შვილო, ვერასდროს ვერაფერს ისწავლი, შენი ძმა ნახე, როგორ კარგად სწავლობს“ - მთელი ცხოვრება ამის ძახილი ნიშნავს იმას, რომ ის ადამიანი მართლა იდიოტი გამოვა“ - ფსიქოლოგი ზაზა ქოიავა

ფსიქოლოგი ზაზა ქოიავა „პოსტ ალიონში“ სოციალური სტიგმატიზაციის მანკიერი მხარეების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპები ადამიანებს თვითსტიგმატიზაციისკენ უბიძგებს:

„სტიგმა არის გავრცელებული სოციალური მოსაზრება, სტერეოტიპი, რომელიც ან საზოგადოების ჯგუფზე, ან ერთ კონკრეტულ ადამიანზე აქვთ. სტიგმა რამდენიმე მიმართულებით იშლება. ერთი არის ფიზიკურ ნაკლთან დაკავშირებით, მეორე შეიძლება იყოს გარკვეული ტიპის დაავადებასთან დაკავშირებით. სოციალური სტიგმატიზაცია უფრო მძიმე ფორმაა, როდესაც გაქვს წარმოდგენა, რომ გენეტიკურად ვიღაცის ბაბუა გიჟი იყო და ისიც გიჟი იქნება ან „ეს ოროსანია, ცხოვრებაში არ უსწავლია და...“ ამის შემდგომ ადამიანში შემოდის თვითსიგმატიზაცია. გავრცელებული სტერეოტიპული მოსაზრება ადამიანს თვითსტიგმატიზაციის ზონაში აყენებს. მას თავადაც სჯერა ამ ყველაფრის. მაგ. ფერადკანიანებს სჯერათ, რომ ამერიკელებთან შედარებით უფრო დაბალი ინტელექტი აქვთ, რომ რაღაც უნდა დააშაონ, ცალკე უნდა იცხოვრონ. სამწუხაროდ, ეს ჯერ კიდევ ასეა. ქალების ნაწილსაც სჯერა, რომ მამაკაცების მსგავსად ბევრ რამეს ვერ გააკეთებენ, ვერ შეძლებენ. ისინი უფრო დაბალ ხელფასზე არიან თანახმა. თვითსტიგმატიზაციის პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია.“

ზაზა ქოიავას თქმით, სტიგმატიზაცია იმაზე მეტია, ვიდრე დისკრიმინაცია და ძალიან ნეგატიური ფენომენია:

„სტიგმატიზაციის შემთხვევაში ადამიანი შეიძლება მთლიანად დეკლასირებული იყოს. სტიგმატიზაცია დისკრიმინაციაზე მეტია, ხოლო თვითსტიგმატიზაცია კომპლექსზე მეტი. ფსიქოლოგიაში ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის პრესტიჟი, თუ როგორ ეჩვენება ის საზოგადოებას. მათ ჰგონიათ, რომ თუ რამეს დაფარავენ და უფრო კარგი კუთხით ეჩვენებიან ადამიანებს, ეს უკეთესია, რადგან სხვაგვარად საზოგადოება მათ გარიყავს, ცუდს გაუკეთებს. სინამდვილეში, XXI საუკუნეში ხშირად სტიგმატიზაცია ადამიანს მოტივაციას აძლევს, რომ ბევრი რამ დაამტკიცოს, უფრო წინ წავიდეს, მეტად განვითარდეს.“

„დაბალი თვითშეფასება იწვევს სტიგმატიზაციას. ძალიან მნიშვნელოვანია აღზრდის პროცესი, თუ რა საზოგადოებაში ტრიალებს ბავშვი, რა ესმის მას ყოველდღიურად. ბოდიშს ვიხდი ამის თქმისთვის, მაგრამ „დებილი ხარ, შვილო, ვერასდროს ვერაფერს ისწავლი, შენი ძმა ნახე როგორ კარგად სწავლობს,“ - მთელი ცხოვრება ამის ძახილი ნიშნავს იმას, რომ ის ადამიანი მართლა იდიოტი გამოვა, ვერაფერს გააკეთებს, უკაცრავად ამის თქმისთვის. იშვიათ შემთხვევაში, შეიძლება, ამან მოტივაცია მისცეს ადამიანს, რომ რამე დაამტკიცოს. ხშირ შემთხვევაში, როდესაც ავტორიტეტი პიროვნება, დედა, უფროსი ძმა, მასწავლებელი მუდმივად ამას გაძახებს, შესაძლებელია, რომ ტვინმა ეს დაიპროგრამოს, კომპლექსად იქცეს და სტიგმად ჩამოყალიბდეს,“ - აღნიშნავს ზაზა ქოიავა.

წყარო: ​პოსტ ალიონი

წაიკითხეთ სრულად