Baby Bag

რა განაპირობებს ბავშვების ტირილს საბავშვო ბაღში მიყვანისას?

რა განაპირობებს ბავშვების ტირილს საბავშვო ბაღში მიყვანისას?

205-ე საჯარო საბავშვო ბაღის დირექტორმა ია პატეიშვილმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რომლის გამოც ბავშვებს უჭირთ ახალ გარემოსთან ადაპტაცია.

„ჩემი შვილები როცა პატარები იყვნენ, არასდროს არ მავიწყდება, როგორ მოვიწყვიტე გულიდან ატირებული ბავშვი, იქიდან მოყოლებული სულ ვღელავ, როდესაც ბავშვი ბაღში ატირებული მოდის. 

ჩემმა დაკვირვებამ ცხადყო რეგულაციებამდე რა განაპირობებდა ბავშვის ტირილს, ბაღში მიყვანის შემდეგ. ზოგიერთი მშობელი შემოდიოდა ბავშვთან ერთად და ჯდებოდა ჯგუფში, ჩვენ კი არ გვქონდა უფლება, მიგვეთითებინა, რომ არ შეიძლებოდა. მას შემდეგ, რაც აიკრძალა მშობლების შიდა სივრცეში შემოსვლა, უკეთეს მდგომარეობაში არიან, არა მარტო მათი შვილები, არამედ სხვა ბავშვებიც, ანუ ისინი ადაპტირდებიან სოციუმში ძალიან მალე. პატარები თვლიდნენ, რომ იტირებდნენ მანამ სანამ დედამისი იქნებოდა მათთან. ბავშვები, რომლებიც დედის გარეშე რჩებოდნენ და უყურებდნენ სხვას მშობელი ჰყავდა, ისინიც იწყებდნენ ტირილს“.

მისი თქმით, სანამ დედა და მამა ბავშვს ბაღში მიიყვანენ, უნდა ესაუბრონ, უთხრან, რომ იქ რომ მივა ძალიან კარგი გარემო და ბევრი ბავშვი დახვდება, რომლებიც მისი მეგობრები გახდებიან, პედაგოგები კი მისი დიდი მეგობრები იქნებიან:

,,რა თქმა უნდა, იქ უნდა დახვდნენ ძალიან კარგი აღმზრდელ-პედაგოგები, რომლებიც სითბოს და სიყვარულს არ დააკლებენ ბავშვს და ყველა პირობას შეუქმნიან, რათა ბავშვი მარტივად ადაპტირდეს,'' - აღნიშნა ია პატეიშვილმა. 

წყარო: ,,სხვა შუადღე"

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩემს ქმარს შვილებზე წინ ვაყენებ, ის ყველაზე მეტად მიყვარს,“ - ბლოგერი დედის გულწრფელი აღიარება

„ჩემს ქმარს შვილებზე წინ ვაყენებ, ის ყველაზე მეტად მიყვარს,“ -  ბლოგერი დედის გულწრფელი აღიარება

ქალების დიდი ნაწილი ბავშვის გაჩენის შემდეგ შვილის გარდა ყველას და ყველაფერს ივიწყებს. მათ მთავარ მისიას ბავშვის აღზრდა და მათზე გამუდმებული ზრუნვა წარმოადგენს. შვილი ქალის სამყაროს ცენტრი ხდება და ქმარი ხშირად მეორე პლანზე ინაცვლებს. ბავშვებისადმი მსგავსი მიჯაჭვულობა არაჯანსაღია და ზოგჯერ მსგავსი დამოკიდებულება მეუღლეებს შორის ურთიერთობას აფუჭებს. ცნობილი ბლოგერი და ორი შვილის დედა ემბერ დოტი გულწრფელად საუბრობს, თუ რატომ არის ქმარი მისთვის პირველ ადგილზე. ემბერის თქმით, არ შეიძლება, რომ ქალმა მეორე პლანზე დააყენოს ის ადამიანი, რომლის სიყვარულის წყალობითაც მისი შვილები ქვეყანას მოევლინენ.

ემბერ ლის პოსტი ინტერნეტ მომხმარებლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ქალის გულწრფელ აღიარებას უცვლელად გთავაზობთ:

„დაქორწინებიდან ზუსტად ერთ თვეში გავიგე, რომ ორსულად ვიყავი. ქორწილში მოსული სტუმრებისთვის მადლობის თქმაც კი ვერ მოვახერხე, როდესაც აღმოვაჩინე, რომ დედა გავხდებოდი.

ცხრა თვეში, როდესაც ჯერ კიდევ ცოლისა და ქმრის როლების მორგებას ვცდილობდით, უკვე მშობლები გავხდით. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენს ბიჭს არ ველოდით. ორივეს ძალიან გვინდოდა, შვილები გვყოლოდა. აღმოვაჩინე, რომ ერთი წლის განმავლობაში ცოლისა და დედის სტატუსის მორგება არც ისე მარტივი საქმე ყოფილა.

ჩვენი ვაჟის ცხოვრების პირველი წელი ორივესთვის საკმაოდ რთული იყო. სწორედ მაშინ აღმოვაჩინე, რომ ჩემი ქმარი ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის პირველ ადგილზე იქნება. გთხოვთ, არასწორად ნუ გამიგებთ. მე ძალიან მიყვარს ჩემი შვილები, მათთვის ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ ჩემი ქმარი ყველაზე მეტად მიყვარს.

ჩემი გრძნობები მეგობრებს რომ გავანდე, ისინი აღშფოთდნენ, თავს შეურაცხყოფილად გრძნობდნენ. დაუწერელი ოქროს წესის მიხედვით, დედას ყველაზე მეტად შვილები უნდა უყვარდეს და მათთვის საკუთარი ბედნიერება მსხვერპლად უნდა გაიღოს. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ქმართან ურთიერთობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება და მეუღლის შვილებზე წინ დაყენება აღმაშფოთებელია.

ეჭვი არ მეპარება, რომ დედასა და შვილს შორის განსაკუთრებული, დაურღვეველი კავშირი არსებობს. თუმცა ქმართან ურთიერთობა ოჯახში არსებული ზოგადი განწყობისა და ერთმანეთისადმი დამოკიდებულების განმსაზღვრელად მიმაჩნია. მეუღლეს განსაკუთრებით დიდ ყურადღებას ვუთმობ, რაც ჩვენ შორის ბზარის გაჩენის რისკს ამცირებს. ჩემი შვილები სრულფასოვან და ბედნიერ ოჯახში იზრდებიან.

ჩვენი ურთიერთობის შემყურე ბავშვები თავადაც სწავლობენ ჯანსაღ ურთიერთობას. მე და ჩემი მეუღლე ნათელი მაგალითი ვართ იმისა, თუ როგორ უნდა ცხოვრობდეს ბედნიერი ცოლ-ქმარი. ვფიქრობ, რომ შეყვარებული მეუღლეების ოჯახში ბავშვები ძალიან ბევრ რამეს სწავლობენ. ისინი ხედავენ, როგორ აფასებენ მშობლები ერთმანეთს.

ჩვენს შვილებს არასდროს სძინავთ ჩვენთან ერთად, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში. თუ შვებულების ერთად გატარების შესაძლებლობა გვეძლევა, მე და ჩემი მეუღლე ყოველთვის მარტოები მივდივართ. თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ, რომ ბავშვებს ჩვენს მშობლებთან ვტოვებთ, თავად კი დროს ერთად ვატარებთ. ამ დროს შესაძლებლობა გვეძლევა თავისუფლად ვისაუბროთ ჩვენთვის საინტერესო თემებზე. როდესაც ჩემი შვილები დაოჯახდებიან და დამოუკიდებელ ცხოვრებას დაიწყებენ, მინდა ჩემი დარჩენილი ცხოვრება საყვარელ, ახლობელ ადამიანთან გავატარო და არა უცხო მამაკაცთან, როგორადაც თავისუფლად შეიძლება იქცეს კაცი წლების მანძილზე, თუ ქალი გამუდმებით შვილებზეა ორიენტირებული და მეუღლისთვის ვერასდროს იცლის.“

მომზადებულია​ ihappymama.ru - ს მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა 

წაიკითხეთ სრულად