რა უარყოფით ზეგავლენას ახდენს ბავშვზე ჯანჯღარით დაძინება და როგორი უნდა იყოს ძილის წინა რუტინა, რათა ბავშვს სწორი ძილის რეჟიმი ჩამოუყალიბდეს? - ამ თემაზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ბავშვთა ნევროლოგი ნინო თარხნიშვილი.
- ქალბატონო ნინო, ხშირად მშობლები პატარებს ჯანჯღარით აძინებენ, რამდენად მიზანშეწონილია ეს ბავშვის ჯანმრთელობისთვის?
- ბავშვების ჯანჯღარით, ზედმეტი რწევით დაძინება აბსოლუტურად მიუღებელია, განსაკუთრებით ჩვილ ბავშვთა ასაკში. აღნიშნულ ასაკში კისრის კუნთები სუსტია, ხოლო თავის ტვინი მყიფე. თუ ბავშვი ძლიერად ირყევა, მყიფე ტვინი იწყებს წინ და უკან მოძრაობას თავის ქალის შიგნით, რაც იწვევს სისხლჩაქცევის განვითარებას - ეს მდგომარეობა ცნობილია ე.წ. ნანჯღრევი ბავშვის სინდრომის სახელწოდებით ( Shaken baby syndrome). სამწუხაროდ, აღნიშნული მოქმედება ხორციელდება მშობლების ან/და აღმზრდელების მიერ, როდესაც ცდილობენ მტირალი ბავშვის გაჩუმებას და რეალურად წარმოადგენს ძალადობის ფაქტს. ამ ტიპის დაზიანება ვითარდება არა მხოლოდ მიზანმიმართული ნჯღრევა-რყევით, არამედ თავის დარტყმით ან მიჯახებით რაიმე მყარ ზედაპირზე. 6 თვემდე ასაკის ბავშვებში ტიპიურად ვითარდება სუბდურული ან/და სუბარაქნოიდული ჰემატომა და ბილატერალური რეტინული ჰემორაგია, შესაძლებელია თანხლებული იყოს სხვადასხვა ლულოვანი ძვლების მოტეხილობით.
- შესაძლოა თუ არა ჯანჯღარით დაძინებამ შეაფერხოს ბავშვის სწორი განვითარება და რაიმე დაუზიანოს?
- მშობლებს და აღმზრდელებს აუცილებლად უნდა ახსოვდეთ, რომ თუნდაც მცირე რყევამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინის შეუქცევადი დაზიანება, შესაძლებელია ფატალური გამოსავალიც - ლეტალობა საშუალოდ 20-25 %-ია. ბავშვებს შესაძლებელია განუვითარდეთ ნაწილობრივი ან სრული სიბრმავე, ლეთარგია, აგზნება, რესპირაციული პრობლემები, ცნობიერების დათრგუნვა. საბოლოო გამოსავალი დამოკიდებულია ტვინის დაზიანების ხარისხზე და შემდგომში შესაძლებელია გამოიხატოს განვითარების შეფერხება, დასწავლისა და ქცევის პრობლემები, ეპილეფსიური გულყრები, მძიმე უნარშეზღუდულობა/ცერებრული დამბლა, ჰიდროცეფალია, სმენის დაკარგვა.
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აღნიშნული საკითხის შესახებ ინფორმაციის ფართოდ გავრცელება, განსაკუთრებით ახალგაზრდა მშობლებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ ბავშვის ძლიერი რყევის რისკებისა და საფრთხის შესახებ.
- ეტლით რწევაზე რომ ვისაუბროთ...
- რაც შეეხება ძილის დროს ეტლით რწევას, მსუბუქი რწევა დასაშვებია, თუმცა აუცილებლად უნდა გვახსოვდეს რისკების შესახებ. ძილის სწორი რეჟიმის ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია, განვახორციელოთ ჩვილობის ასაკიდან და შევეცადოთ მივაჩვიოთ თანდათანობით დამოუკიდებლად დაძინებას, ძილის შებრუნებას. სასურველია ძილის განრიგი იყოს რეგულარული, დავნერგოთ ე.წ. ძილის რუტინა - თანმიმდევრული მოქმედებები, ძილის წინა პერიოდში.
6 თვის ასაკიდან უნდა შევეცადოთ კვება ამოვიღოთ ძილის წინ რუტინული აქტივობებიდან;
საძინებელში უნდა იყოს ხელსაყრელი გარემო - სუსტი სინათლე, სიგრილე, სიმშვიდე;
ბავშვი დასაძინებლად უნდა დაწვეს მაშინ, როდესაც ეძინება, მაგრამ ფხიზელ მდგომარეობაში;
შევეცადოთ ბავშვმა დამოუკიდებლად დაიძინოს;
საჭიროა დილით დღის სინათლის შეღწევადობა საძინებელ ოთახში;
თუ მშობლისთვის რთულია ბავშვის ტირილისა და პროტესტის მიმართ იყოს ტოლერანტული, თანდათან უნდა შეაჩვიოს ბავშვი დამოუკიდებლად დაძინებას;
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ფსიქოლოგის ჩართულობაც.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„რით ვკვებავთ ბავშვს, ეს კი არ არის მთავარი, მთავარია როგორ ვაჭმევთ, ვასმევთ და ვაცმევთ,“ - ნანა ჩაჩუა
ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ იმ შეცდომებზე ისაუბრა, რომლებიც მშობლებმა ბავშვთან ურთიერთობისას არ უნდა დაუშვან. მან აღნიშნა, რომ ყველაფერი დედიდან იწყება და სამყარო ბავშვთან სწორედ დედის დახმარებით შემოდის:
„ყველაფერი მშობლიდან იწყება და უკაცრავად მამებთან, ყველაფერი იწყება დედიდან. მამა, იზრუნე დედაზე! დედით შემოდის სამყარო ბავშვთან. პირველი დაბადება ბიოლოგიურია და ჭიპლარის გადაჭრით იწყება, მერე იწყება ის დაბადება, რომელსაც ფსიქოლოგიური დაბადება ჰქვია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს მიეცეს ძუძუთი კვება. დედის სხეულთან სიმბიოზური კავშირი ითხოვს კვლავ გაგრძელებას. სამყაროს მიმართ ნდობას ან უნდობლობას საფუძველი ორ წლამდე ასაკში ეყრება. შესაძლოა, დედა ვერ აწოვებდეს ძუძუს ბავშვს, არ გავიტეხოთ გული.“
ნანა ჩაჩუამ აღნიშნა, რომ ბავშვთან ურთიერთობისას ღიმილიანი სახე რაც შეიძლება ხშირად უნდა გვქონდეს:
„რით ვკვებავთ ბავშვს, ეს კი არ არის მთავარი, მთავარია როგორ ვაჭმევთ, ვასმევთ, ვაცმევთ ბავშვს. ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. სულ უნდა გვქონდეს ღიმილიანი სახე. ღიმილი არის ისეთი რამ ადამიანის ცხოვრებაში, იცოდეთ, მსგავსი არაფერი აქვს სამყაროს, არაფერია ღიმილზე უფრო მეტი. ღიმილი ყოვლისმომცველია. ბავშვი რომ ძუძუთი იკვებება, ამ დროს მას ღიმილი უნდა. თუ ამას ვახერხებთ, აქ ეყრება საფუძველი სამყაროს მიმართ ნდობას. თუ ამას ვერ ვახერხებთ, არის უნდობლობა.“
ნანა ჩაჩუას თქმით, ორი წლის ასაკიდან ბავშვი ავტონომიურობისთვის ბრძოლას იწყებს, რაც ნორმალური განვითარების შემადგენელი ნაწილია:
„ორიდან სამ წლამდე არის ავტონომიურობისთვის ბრძოლა. ბავშვი კიდებს კოვზს ხელს, ამბობს, რომ თვითონ შეჭამს. მზრუნველი მშობელი, მზრუნველი ბებია ეუბნება: „არა, არ დაისვარო.“ ავტონომიურობა უნდა იყოს, თორემ მერე იქნება ვიღაცის სიტყვაზე დამოკიდებული, ჩამოგვიყალიბდება მორცხვობა. რამდენჯერ მიდიან ბავშვები ბავშვთა ცენტრებში და ზოგიერთი დედის კალთაზეა მიწეპებული. თუ ბავშვს ავტონომიურობის სურვილი არ აქვს, ის უკვე დაკვირვების ობიექტია.“
„ღიმილთან ერთად მთავარია, რომ ბავშვს სულ ველაპარაკოთ, ყველაფერი გავახმოვანოთ. ბავშვს ძალიან უნდა მინის ჭურჭელს ხელი მოჰკიდოს და ითამაშოს. ჩვენ უნდა ვუთხრათ: „ძალიან გინდა არა, რომ ამითი ითამაშო? მოგეწონა ხომ?“ ამით ჩვენ ვასწავლით მას ემოციების, განცდების სახელდებას. როგორ ვეუბნებით ბავშვს, რომ არ შეიძლება? ვეუბნებით: „არა, ეს არ შეიძლება.“ ვერბალური და ჟესტის ენა უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს და ხელისგული უნდა იყოს გაშლილი. ეს უნდა იყოს მტკიცედ, მკაფიოდ ნათქვამი. ბრძანება და დირექტივა ინტონაციაში არ უნდა იყოს. ინტონაცია არის უმთავრესი. შემდეგ ბავშვს ვუხსნით, რატომ არ შეიძლება: „ეს გატყდება.“ ამასთან ვთავაზობთ ალტერნატივას. არასდროს არ ავკრძალოთ ის, რისი ალტერნატივის უნარიც ჩვენ არ გვაქვს და არ ვართ მზად,“ - აღნიშნულ საკითხებზე ნანა ჩაჩუამ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.