რა უარყოფით ზეგავლენას ახდენს ბავშვზე ჯანჯღარით დაძინება და როგორი უნდა იყოს ძილის წინა რუტინა, რათა ბავშვს სწორი ძილის რეჟიმი ჩამოუყალიბდეს? - ამ თემაზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ბავშვთა ნევროლოგი ნინო თარხნიშვილი.
- ქალბატონო ნინო, ხშირად მშობლები პატარებს ჯანჯღარით აძინებენ, რამდენად მიზანშეწონილია ეს ბავშვის ჯანმრთელობისთვის?
- ბავშვების ჯანჯღარით, ზედმეტი რწევით დაძინება აბსოლუტურად მიუღებელია, განსაკუთრებით ჩვილ ბავშვთა ასაკში. აღნიშნულ ასაკში კისრის კუნთები სუსტია, ხოლო თავის ტვინი მყიფე. თუ ბავშვი ძლიერად ირყევა, მყიფე ტვინი იწყებს წინ და უკან მოძრაობას თავის ქალის შიგნით, რაც იწვევს სისხლჩაქცევის განვითარებას - ეს მდგომარეობა ცნობილია ე.წ. ნანჯღრევი ბავშვის სინდრომის სახელწოდებით ( Shaken baby syndrome). სამწუხაროდ, აღნიშნული მოქმედება ხორციელდება მშობლების ან/და აღმზრდელების მიერ, როდესაც ცდილობენ მტირალი ბავშვის გაჩუმებას და რეალურად წარმოადგენს ძალადობის ფაქტს. ამ ტიპის დაზიანება ვითარდება არა მხოლოდ მიზანმიმართული ნჯღრევა-რყევით, არამედ თავის დარტყმით ან მიჯახებით რაიმე მყარ ზედაპირზე. 6 თვემდე ასაკის ბავშვებში ტიპიურად ვითარდება სუბდურული ან/და სუბარაქნოიდული ჰემატომა და ბილატერალური რეტინული ჰემორაგია, შესაძლებელია თანხლებული იყოს სხვადასხვა ლულოვანი ძვლების მოტეხილობით.
- შესაძლოა თუ არა ჯანჯღარით დაძინებამ შეაფერხოს ბავშვის სწორი განვითარება და რაიმე დაუზიანოს?
- მშობლებს და აღმზრდელებს აუცილებლად უნდა ახსოვდეთ, რომ თუნდაც მცირე რყევამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინის შეუქცევადი დაზიანება, შესაძლებელია ფატალური გამოსავალიც - ლეტალობა საშუალოდ 20-25 %-ია. ბავშვებს შესაძლებელია განუვითარდეთ ნაწილობრივი ან სრული სიბრმავე, ლეთარგია, აგზნება, რესპირაციული პრობლემები, ცნობიერების დათრგუნვა. საბოლოო გამოსავალი დამოკიდებულია ტვინის დაზიანების ხარისხზე და შემდგომში შესაძლებელია გამოიხატოს განვითარების შეფერხება, დასწავლისა და ქცევის პრობლემები, ეპილეფსიური გულყრები, მძიმე უნარშეზღუდულობა/ცერებრული დამბლა, ჰიდროცეფალია, სმენის დაკარგვა.
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აღნიშნული საკითხის შესახებ ინფორმაციის ფართოდ გავრცელება, განსაკუთრებით ახალგაზრდა მშობლებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ ბავშვის ძლიერი რყევის რისკებისა და საფრთხის შესახებ.
- ეტლით რწევაზე რომ ვისაუბროთ...
- რაც შეეხება ძილის დროს ეტლით რწევას, მსუბუქი რწევა დასაშვებია, თუმცა აუცილებლად უნდა გვახსოვდეს რისკების შესახებ. ძილის სწორი რეჟიმის ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია, განვახორციელოთ ჩვილობის ასაკიდან და შევეცადოთ მივაჩვიოთ თანდათანობით დამოუკიდებლად დაძინებას, ძილის შებრუნებას. სასურველია ძილის განრიგი იყოს რეგულარული, დავნერგოთ ე.წ. ძილის რუტინა - თანმიმდევრული მოქმედებები, ძილის წინა პერიოდში.
6 თვის ასაკიდან უნდა შევეცადოთ კვება ამოვიღოთ ძილის წინ რუტინული აქტივობებიდან;
საძინებელში უნდა იყოს ხელსაყრელი გარემო - სუსტი სინათლე, სიგრილე, სიმშვიდე;
ბავშვი დასაძინებლად უნდა დაწვეს მაშინ, როდესაც ეძინება, მაგრამ ფხიზელ მდგომარეობაში;
შევეცადოთ ბავშვმა დამოუკიდებლად დაიძინოს;
საჭიროა დილით დღის სინათლის შეღწევადობა საძინებელ ოთახში;
თუ მშობლისთვის რთულია ბავშვის ტირილისა და პროტესტის მიმართ იყოს ტოლერანტული, თანდათან უნდა შეაჩვიოს ბავშვი დამოუკიდებლად დაძინებას;
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ფსიქოლოგის ჩართულობაც.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„წონაში უეცარი კლება, შესაძლოა, იყოს, ნივთიერებათა ცვლის უეცარი და გამოხატული აჩქარების შედეგი. ამის მიზეზი შეიძლება იყოს მოჭარბებული ფიზიკური დატვირთვა. ფიზიკურ დატვირთვას საზოგადოდ მივესალმები, მაგრამ ზოგჯერ ზედმეტი მოსდით მშობლებსაც და მწვრთნელებსაც. შესაძლოა, ნივთიერებათა ცვლის აჩქარება იყოს ფარისებრი ჯირკვლის მიზეზით. ყველაზე ხშირი მიზეზი არის ფსიქოლოგიური. მოზარდები, განსაკუთრებით გოგონები დიეტობენ. ისინი ფაქტობრივად შიმშილობენ და მათი დიეტა არ არის ჯანსაღი დიეტა. ეს შეზღუდული კვებაა და ისინი სასარგებლო ნუტრიენტებს იზღუდავენ.“
ირაკლი ფაღავას თქმით, წონა იზოლირებულად არ ფასდება, არამედ სიმაღლესთან ერთად:
„წონას ჩვენ იზოლირებულად არ ვაფასებთ. წონა ყოველთვის უნდა შეფასდეს სიმაღლესთან ერთად. ამისთვის მოწოდებულია სხეულის მასის ინდექსი. სიმაღლის შეფასებისას გასათვალისწინებელია მშობლების სიმაღლე. პრიმიტიული გაზომვები და აწონვა უნდა წარმოებდეს რეგულარულად. თუ ექვს თვეში ერთხელ არა, წელიწადში ერთხელ მაინც. მაშინ თვალსაჩინოა ყველანაირი ცვლილება. მრუდები უცებ ახტება ზემოთ ან ჩამოვა დაბლა.“
„ქალიშვილს მენსტრუალური ციკლი რომ დაეწყოს და მოწესრიგებულად გაუგრძელდეს, მას რაღაც რაოდენობით ცხიმოვანი ქსოვილი უნდა ჰქონდეს. ცხიმოვანი ქსოვილი რამდენიმე ჰორმონს გამოიმუშავებს. ეს არ არის უბრალოდ ენერგიის მარაგი. ეს არის ცალკე ორგანო. როგორც ცალკეული ორგანოს ამოკვეთის შემთხვევაში გარკვეული პრობლემები ჩნდება, ასევე ცხიმის სრული ამოღება დიეტობის გამო, ზემოქმედებს ციკლზე, ის რასაკვირველია, იგვიანებს. თუ გოგონას 15 წლის ასაკისთვის არ აქვს ციკლი, აუცილებელია, რომ გამოკვლეულ იქნას. ციკლის დაწყებას საშუალოდ ორი წლით ადრე წინ უსწრებს მკერდის გზა. 13 წლისთვის მაინც, თუ გოგონას მკერდი არ აქვს წამოსული რაღაც დონეზე მაინც, ის გამოსაკვლევია. გოგონას სქესობრივი მომწიფება უნდა დაეწყოს ჯერ მკერდის ზრდით,“ - აღნიშნულ საკითხზე ირაკლი ფაღავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.