რა უარყოფით ზეგავლენას ახდენს ბავშვზე ჯანჯღარით დაძინება და როგორი უნდა იყოს ძილის წინა რუტინა, რათა ბავშვს სწორი ძილის რეჟიმი ჩამოუყალიბდეს? - ამ თემაზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ბავშვთა ნევროლოგი ნინო თარხნიშვილი.
- ქალბატონო ნინო, ხშირად მშობლები პატარებს ჯანჯღარით აძინებენ, რამდენად მიზანშეწონილია ეს ბავშვის ჯანმრთელობისთვის?
- ბავშვების ჯანჯღარით, ზედმეტი რწევით დაძინება აბსოლუტურად მიუღებელია, განსაკუთრებით ჩვილ ბავშვთა ასაკში. აღნიშნულ ასაკში კისრის კუნთები სუსტია, ხოლო თავის ტვინი მყიფე. თუ ბავშვი ძლიერად ირყევა, მყიფე ტვინი იწყებს წინ და უკან მოძრაობას თავის ქალის შიგნით, რაც იწვევს სისხლჩაქცევის განვითარებას - ეს მდგომარეობა ცნობილია ე.წ. ნანჯღრევი ბავშვის სინდრომის სახელწოდებით ( Shaken baby syndrome). სამწუხაროდ, აღნიშნული მოქმედება ხორციელდება მშობლების ან/და აღმზრდელების მიერ, როდესაც ცდილობენ მტირალი ბავშვის გაჩუმებას და რეალურად წარმოადგენს ძალადობის ფაქტს. ამ ტიპის დაზიანება ვითარდება არა მხოლოდ მიზანმიმართული ნჯღრევა-რყევით, არამედ თავის დარტყმით ან მიჯახებით რაიმე მყარ ზედაპირზე. 6 თვემდე ასაკის ბავშვებში ტიპიურად ვითარდება სუბდურული ან/და სუბარაქნოიდული ჰემატომა და ბილატერალური რეტინული ჰემორაგია, შესაძლებელია თანხლებული იყოს სხვადასხვა ლულოვანი ძვლების მოტეხილობით.
- შესაძლოა თუ არა ჯანჯღარით დაძინებამ შეაფერხოს ბავშვის სწორი განვითარება და რაიმე დაუზიანოს?
- მშობლებს და აღმზრდელებს აუცილებლად უნდა ახსოვდეთ, რომ თუნდაც მცირე რყევამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინის შეუქცევადი დაზიანება, შესაძლებელია ფატალური გამოსავალიც - ლეტალობა საშუალოდ 20-25 %-ია. ბავშვებს შესაძლებელია განუვითარდეთ ნაწილობრივი ან სრული სიბრმავე, ლეთარგია, აგზნება, რესპირაციული პრობლემები, ცნობიერების დათრგუნვა. საბოლოო გამოსავალი დამოკიდებულია ტვინის დაზიანების ხარისხზე და შემდგომში შესაძლებელია გამოიხატოს განვითარების შეფერხება, დასწავლისა და ქცევის პრობლემები, ეპილეფსიური გულყრები, მძიმე უნარშეზღუდულობა/ცერებრული დამბლა, ჰიდროცეფალია, სმენის დაკარგვა.
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აღნიშნული საკითხის შესახებ ინფორმაციის ფართოდ გავრცელება, განსაკუთრებით ახალგაზრდა მშობლებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ ბავშვის ძლიერი რყევის რისკებისა და საფრთხის შესახებ.
- ეტლით რწევაზე რომ ვისაუბროთ...
- რაც შეეხება ძილის დროს ეტლით რწევას, მსუბუქი რწევა დასაშვებია, თუმცა აუცილებლად უნდა გვახსოვდეს რისკების შესახებ. ძილის სწორი რეჟიმის ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია, განვახორციელოთ ჩვილობის ასაკიდან და შევეცადოთ მივაჩვიოთ თანდათანობით დამოუკიდებლად დაძინებას, ძილის შებრუნებას. სასურველია ძილის განრიგი იყოს რეგულარული, დავნერგოთ ე.წ. ძილის რუტინა - თანმიმდევრული მოქმედებები, ძილის წინა პერიოდში.
6 თვის ასაკიდან უნდა შევეცადოთ კვება ამოვიღოთ ძილის წინ რუტინული აქტივობებიდან;
საძინებელში უნდა იყოს ხელსაყრელი გარემო - სუსტი სინათლე, სიგრილე, სიმშვიდე;
ბავშვი დასაძინებლად უნდა დაწვეს მაშინ, როდესაც ეძინება, მაგრამ ფხიზელ მდგომარეობაში;
შევეცადოთ ბავშვმა დამოუკიდებლად დაიძინოს;
საჭიროა დილით დღის სინათლის შეღწევადობა საძინებელ ოთახში;
თუ მშობლისთვის რთულია ბავშვის ტირილისა და პროტესტის მიმართ იყოს ტოლერანტული, თანდათან უნდა შეაჩვიოს ბავშვი დამოუკიდებლად დაძინებას;
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ფსიქოლოგის ჩართულობაც.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ის, რასაც ჩვენ ბავშვებში ვეძახით აგრესიას, რეალურად სულ სხვა რამეა,“ - ნევროლოგი თამარ ედიბერიძე
ნევროლოგმა თამარ ედიბერიძემ ბავშვებში აგრესიული ქცევის გამოვლენის პრობლემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვებთან დაკავშირებით ტერმინების გამოყენებისას სიფრთხილე გვმართებს:
„ცოტა ფრთხილად უნდა შევარჩიოთ ტერმინები, განსაკუთრებით, როდესაც ბავშვებზეა საუბარი. აგრესია იმ ფორმით, რაც ეს მოზრდილებისთვის არის დამახასიათებელი: განზრახ სხვისი ნივთის, სხვისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ხელყოფა და დაზიანება, ბავშვებისთვის, როგორც წესი, დამახასიათებელი არ არის. ის, რასაც ჩვენ ბავშვებში ვეძახით აგრესიას, რეალურად სულ სხვა რამეა. ეს არის თვითდამკვიდრების მცდელობები ჩვენთვის მიუღებელი ფორმით.“
თამარ ედიბერიძის თქმით, ზოგჯერ ბავშვისთვის აგრესიული ქცევა თავის გამოხატვის ერთადერთი ფორმაა:
„ბავშვისთვის ითვლება, რომ ეს ერთადერთი ფორმაა გამოხატვის. მან სხვა უკეთესი იმ წუთში ვერაფერი ვერ მოიფიქრა. ბავშვმა გვესროლა რაღაც, დაგვიყვირა რაღაც, გაგვიტეხა, დაგვიხია წიგნი, თანატოლთან ვერ გაიყო სათამაშო, მოუქნია ხელი და ჩაარტყა. ამას ჩვენ ვაკრავთ იარლიყს, რომ ეს არის აგრესია. მერე ჩვენი რეაქციაც ამაზე გამოიხატება იმით, რომ ვფიქრობთ: როგორ უნდა მივუდგეთ აგრესიულ ადამიანს? აქ ვუშვებთ შეცდომას. ეს უკვე ისეთი ჩიხია, ერთბაშად მატარებელი რომ ასცდება თავის რელსებს, იმის უკან დაბრუნებას უფრო მეტი ძალისხმევა სჭირდება, ვიდრე თავის დროზე რომ სწორი მიმართულება აგვეღო.“
თამარ ედიბერიძემ აღნიშნა, რომ ბავშვებს თვითდამკვიდრება ძალიან უჭირთ:
„ბავშვებს ძალიან უჭირთ თვითდამკვიდრება. მოზრდილები ელემენტარულად ფიზიკურად დიდები ვართ. მშობლის მოტივაცია ყოველთვის კეთილშობილურია, ყოველთვის გვინდა საუკეთესო ჩვენი შვილებისთვის. უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ ამ გზაზე შეცდომებს ვუშვებთ. მოზრდილები ვუშვებთ უფრო მეტ შეცდომებს, ვიდრე პატარა ბავშვები. ბავშვის ბიოლოგიური საათი მის გონებასაც არ ეკითხება ხანდახან რაღაცას. თუ პირველი რამოდენიმე წელიწადი გამოგვეპარა და არ ვისწავლეთ ერთმანეთის მოსმენა, თუ ახალშობილობიდან არ ვისწავლეთ ჩვენი შვილების მოსმენა, ძალიან ძნელია ამაზე მუშაობა დავიწყოთ სასკოლო ასაკში.“
„ფსიქოლოგიურად ათი წლიდან იწყება ძალიან რთული პერიოდი. ოჯახისთვის ეს დამაიმედებელი არ იქნება, იმიტომ, რომ პრობლემებმა შეიძლება მოიმატოს ამ ასაკიდან. როდესაც პატარა ბავშვს ჭკუას ვასწავლით, ან თუნდაც რჩევას ვაძლევთ, ტონი ამ შემთხვევაში გვაქვს ძალიან იმპერატიული. რის უფლებასაც მოზრდილ ადამიანთან არ მივცემთ ჩვენს თავს, დაუდევრად ვაძლევთ თავს ამის უფლებას ბავშვთან. ხმის ტემბრზე მუშაობაც კი არის ამ თვალსაზრისით აქტუალური. ბრძანების კილოთი კი არა, რჩევის ტონით ველაპარაკოთ. ლაპარაკისას ბავშვებს უნდა ვუყუროთ თვალებში, რაც უფრო პატარაა, მით უფრო,“ - აღნიშნულ საკითხებზე თამარ ედიბერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.