რა უარყოფით ზეგავლენას ახდენს ბავშვზე ჯანჯღარით დაძინება და როგორი უნდა იყოს ძილის წინა რუტინა, რათა ბავშვს სწორი ძილის რეჟიმი ჩამოუყალიბდეს? - ამ თემაზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ბავშვთა ნევროლოგი ნინო თარხნიშვილი.
- ქალბატონო ნინო, ხშირად მშობლები პატარებს ჯანჯღარით აძინებენ, რამდენად მიზანშეწონილია ეს ბავშვის ჯანმრთელობისთვის?
- ბავშვების ჯანჯღარით, ზედმეტი რწევით დაძინება აბსოლუტურად მიუღებელია, განსაკუთრებით ჩვილ ბავშვთა ასაკში. აღნიშნულ ასაკში კისრის კუნთები სუსტია, ხოლო თავის ტვინი მყიფე. თუ ბავშვი ძლიერად ირყევა, მყიფე ტვინი იწყებს წინ და უკან მოძრაობას თავის ქალის შიგნით, რაც იწვევს სისხლჩაქცევის განვითარებას - ეს მდგომარეობა ცნობილია ე.წ. ნანჯღრევი ბავშვის სინდრომის სახელწოდებით ( Shaken baby syndrome). სამწუხაროდ, აღნიშნული მოქმედება ხორციელდება მშობლების ან/და აღმზრდელების მიერ, როდესაც ცდილობენ მტირალი ბავშვის გაჩუმებას და რეალურად წარმოადგენს ძალადობის ფაქტს. ამ ტიპის დაზიანება ვითარდება არა მხოლოდ მიზანმიმართული ნჯღრევა-რყევით, არამედ თავის დარტყმით ან მიჯახებით რაიმე მყარ ზედაპირზე. 6 თვემდე ასაკის ბავშვებში ტიპიურად ვითარდება სუბდურული ან/და სუბარაქნოიდული ჰემატომა და ბილატერალური რეტინული ჰემორაგია, შესაძლებელია თანხლებული იყოს სხვადასხვა ლულოვანი ძვლების მოტეხილობით.
- შესაძლოა თუ არა ჯანჯღარით დაძინებამ შეაფერხოს ბავშვის სწორი განვითარება და რაიმე დაუზიანოს?
- მშობლებს და აღმზრდელებს აუცილებლად უნდა ახსოვდეთ, რომ თუნდაც მცირე რყევამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინის შეუქცევადი დაზიანება, შესაძლებელია ფატალური გამოსავალიც - ლეტალობა საშუალოდ 20-25 %-ია. ბავშვებს შესაძლებელია განუვითარდეთ ნაწილობრივი ან სრული სიბრმავე, ლეთარგია, აგზნება, რესპირაციული პრობლემები, ცნობიერების დათრგუნვა. საბოლოო გამოსავალი დამოკიდებულია ტვინის დაზიანების ხარისხზე და შემდგომში შესაძლებელია გამოიხატოს განვითარების შეფერხება, დასწავლისა და ქცევის პრობლემები, ეპილეფსიური გულყრები, მძიმე უნარშეზღუდულობა/ცერებრული დამბლა, ჰიდროცეფალია, სმენის დაკარგვა.
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აღნიშნული საკითხის შესახებ ინფორმაციის ფართოდ გავრცელება, განსაკუთრებით ახალგაზრდა მშობლებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ ბავშვის ძლიერი რყევის რისკებისა და საფრთხის შესახებ.
- ეტლით რწევაზე რომ ვისაუბროთ...
- რაც შეეხება ძილის დროს ეტლით რწევას, მსუბუქი რწევა დასაშვებია, თუმცა აუცილებლად უნდა გვახსოვდეს რისკების შესახებ. ძილის სწორი რეჟიმის ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია, განვახორციელოთ ჩვილობის ასაკიდან და შევეცადოთ მივაჩვიოთ თანდათანობით დამოუკიდებლად დაძინებას, ძილის შებრუნებას. სასურველია ძილის განრიგი იყოს რეგულარული, დავნერგოთ ე.წ. ძილის რუტინა - თანმიმდევრული მოქმედებები, ძილის წინა პერიოდში.
6 თვის ასაკიდან უნდა შევეცადოთ კვება ამოვიღოთ ძილის წინ რუტინული აქტივობებიდან;
საძინებელში უნდა იყოს ხელსაყრელი გარემო - სუსტი სინათლე, სიგრილე, სიმშვიდე;
ბავშვი დასაძინებლად უნდა დაწვეს მაშინ, როდესაც ეძინება, მაგრამ ფხიზელ მდგომარეობაში;
შევეცადოთ ბავშვმა დამოუკიდებლად დაიძინოს;
საჭიროა დილით დღის სინათლის შეღწევადობა საძინებელ ოთახში;
თუ მშობლისთვის რთულია ბავშვის ტირილისა და პროტესტის მიმართ იყოს ტოლერანტული, თანდათან უნდა შეაჩვიოს ბავშვი დამოუკიდებლად დაძინებას;
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ფსიქოლოგის ჩართულობაც.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ყველა მუტირებული შტამი უფრო მეტად ახალგაზრდებს ემართებათ, მათ შორის ბავშვებსაც,“ - პედიატრი ივანე ჩხაიძე
პედიატრმა ივანე ჩხაიძემ კოვიდ -19 ის ახალი, ინდური შტამის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ახალი შტამის შესახებ ჯერ ამომწურავი ინფორმაცია მედიკოსებს არ აქვთ:
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას შეშფოთება არ გამოუთქვამს, მან გამოაცხადა, რომ ინტენსიურად აკვირდება ამ შტამს, ვინაიდან ინფორმაცია, რამდენად გადამდებია ან მეტად ლეტალურია, ჯერჯერობით არ არსებობს. ეს შტამი არ არის ახალი, ოქტომბრიდან არის ცნობილი. ცირკულირებს ოქტომბრიდან ინდოეთში. ბოლო პერიოდში ინდოეთში 9000-დან 300 000-ზე ავიდა დღიურად შემთხვევების მატება. ერთ-ერთ ვერსიად ეს საკითხიც განიხილება, ხომ არ არის ეს შტამი შემთხვევების კატასტროფული მატების მიზეზი.“
ივანე ჩხაიძის თქმით, მუტირებული შტამები იმავე სიმპტომატიკით ხასიათდებიან, როგორითაც ორიგინალი ჩინური კოვიდ-19-ის შტამი გამოირჩევა:
„ბრიტანული შტამი 70 %-ით მეტად გადამდებია, ვიდრე ჩინური შტამი. არც ბრიტანული შტამი არ გახლავთ ყველაზე მეტად გადამდები. ბრაზილიური შტამი 152 %-ით მეტად გადამდებია, ვიდრე ჩინური ორიგინალი შტამი. მეტად გადამდები და მეტად ლეტალური სულ რვა მუტაციაა, მათ შორისაა ინდური შტამიც. არცერთი მუტირებული შტამი კლინიკური სიმპტომატიკით ერთმანეთისგან არ განსხვავდება.“
„ინდოეთის მოსახლეობის საშუალო ასაკი 27 წელია. ძალიან ახალგაზრდა მოსახლეობაა. ის, რომ ინდოეთში ბევრი ახალგაზრდა ავადდება, ასაკობრივი სტრუქტურიდან გამომდინარეობს. ინდოეთში, მიუხედავად ამ კატასტროფული ციფრებისა, გარდაცვალება უფრო ხანშიშესულებში აღინიშნება. ახალგაზრდებშიც, მათ შორის ბავშვებშიც, აღნიშნულია მძიმე შემთხვევები, მაგალითად, წლამდე ასაკის ბავშვებში. ყველა მუტირებული შტამი უფრო მეტად ახალგაზრდებს ემართებათ, მათ შორის ბავშვებსაც. მუტირებული შტამებით ბავშვები უფრო იოლად ავადდებიან, თუმცა ამას არ გაუზრდია ლეტალობა ბავშვებში. ამიტომ პედიატრიული თვალსაზრისით, შეიძლება ეს შტამი ასეთი საშიში არ იყოს. ეს შტამიც, როგორც სხვა ფორმები, ბავშვებს უფრო მარტივად გადააქვთ. ეს არის ერთადერთი კარგი, რაც კორონავირუსს ახასიათებს,“ – აღნიშნულ საკითხზე ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.