Baby Bag

ქალის ორგანიზმისთვის ორსულობა ფიზიოლოგიური მოვლენაა და არ სჭირდება მკურნალობა - ინტერვიუ მეან-გინეკოლოგ ზაზა სინაურიძესთან

ქალის ორგანიზმისთვის ორსულობა ფიზიოლოგიური მოვლენაა და არ სჭირდება მკურნალობა -  ინტერვიუ მეან-გინეკოლოგ ზაზა სინაურიძესთან

რა სიხშირით უნდა იაროს ორსულმა ვიზიტზე მეან-გინეკოლოგთან, როგორ შეიძლება ტოქსიკოზის ჩივილების შემსუბუქება, რომელი ასაკი ითვლება გვიან ორსულობად - ამ და სხვა აქტუალურ თემებზე ცნობილი მეან-გინეკოლოგი ზაზა სინაურიძე გვესაუბრა. ​Momsedu.ge-ს ინტერვიუდან მომავალი დედები შეიტყობთ ყველაფერს, რაც ორსულობისას დაგეხმარებათ.

- ბატონო ზაზა, რა სიხშირით უნდა იაროს ორსულმა ვიზიტზე მეან-გინეკოლოგთან?

- ძალიან საინტერესო და სწორი კითხვაა. ორსულთა დაახლოებით 85% ფიზიოლოგიური ორსულები არიან (აბსოლუტურად ყველანაირი გართულების გარეშე მიდის ორსულობა), ხოლო 15%-ში გვხვდება რისკფაქტორები. თუ ქალბატონი ჯანმრთელია, ორსულობა ნორმალურად მიდის, არაფერი არ აწუხებს და ასე ვთქვათ, ანალიზები აქვს კარგი, რაც ნაკლებად მივა მეან-გინეკოლოგთან ვიზიტზე, უმჯობესია. სამწუხაროდ, ხდება ზედმეტი ჩარევები. ქალის ორგანიზმისთვის ორსულობა ფიზიოლოგიური მოვლენაა და არ სჭირდება მკურნალობა, არ სჭირდება წამლები (თუ რაღაც სფეციფიკას არ აქვს ადგილი, მე ვსაუბრობ ფიზიოლოგიურ ორსულებზე). შესაბამისად, ჩვენმა სახელმწიფომ დაადგინა და ზოგადად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციაა, რომ აუცილებელი და საკმარისია 8 ვიზიტი.
- ფოლის მჟავისა და რკინის პრეპარატების მიღების წესები. რატომ არის აუცილებელი მათი მიღება ორსულობამდე და მთელი ორსულობის განმავლობაში?
- ფოლიუმ მჟავა ე.წ. ფოლიატი არის შემადგენელი ნაწილი სტრუქტურის, რომლიდანაც ორგანიზმი აწარმოებს B ჯგუფის ვიტამინების წარმოქმნას. ცივილურ ქვეყნებში ცივილური ქალები ფოლიუმის მჟავის მიღებას იწყებენ დაფეხმძიმებამდე დაახლოებით სამი თვით ადრე პარტნიორთან ერთად იმისთვის, რომ შეიქმნას შესაბამისი კონცენტრაცია ფოლიატების, ანუ B ჯგუფის ვიტამინების. რაც შეეხება ფოლიუმის მჟავის რაოდენობას, ჩვენს აფთიაქებში იყიდება 5 მგ., რაც არ არის კარგი. ორსულმა უნდა მიიღოს 4 მ.გ. ზედმეტი რაოდენობა, ნაცვლად იმისა, რომ დაიცვას ნაყოფის ნერვული ღერო, პირიქით, აზიანებს მას. როგორც აღვნიშნე, ფოლიუმის მჟავა, იდეალურ შემთხვევაში, უნდა დაიწყოთ დაორსულებამდე სამი თვით ადრე პარტნიორთან ერთად. დაუგეგმავი ორსულობისას კი პირველი სიმპტომის შემჩნევისთანავე მხოლოდ ორსულმა უნდა დაიწყოს მისი მიღება. რაც შეეხება რკინას - ვიტამინების კომპლექსი და რკინა პრაქტიკულად არ გვჭირდება გარდა იმ პერიოდისა, როდესაც ორსულს ემთხვევა 12 კვირიდან 30 კვირამდე ორსულობა ზამთრის ან გაზაფხულის პერიოდში (დაწყებული დეკემბრიდან აპრილის ჩათვით). ამ პერიოდში მიზანშეწოლილია ვიტამინის მიღება. ხოლო რკინის მიღება, ცალსახად არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენებით.

არ დაგავიწყდეთ !!!

Moms.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)


- რა საკვების მიღებისგან უნდა შეიკავოს თავი ორსულმა?
- ორსულისთვის აუცილებელია ცილის მიღება, ცხოველური თუ მცენარეული - ეს მისი ასარჩევია. პირამიდის საფუძველი არის ცილა, შემდეგი ნაწილი ამ პირამიდის არის ბოსტნეული და ზედა ნაწილი, შედარებით მცირე - ხილი. რატომ ხილი ნაკლები? იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით სეზონური ხილი გაჯერებულია საქაროზითა და ფრუქტოზით. შაქარი კი ორსულისთვის არ არის მიზანშეწოლილი. ორსულს სამი ძირითადი მტერი ჰყავს - შაქარი/მარილი, ცხიმი და ქიმიური გზებით მიღებული პროდუქტები. ორსულის თეფში რომ წარმოვიდგინოთ, არის ცილა, ბოსტნეული და ხილი.
- რას ეტყოდით ქალებს, რომლებიც ორსულობის პერიოდშიც ეწევიან სიგარეტს?
- 4 000-ზე მეტი კვლევა ამტკიცებს, რომ მოწევა, პირველ რიგში, სისხლის მიმოქცევის დარღვევას იწვევს დედასა და ბავშვს შორის, ანუ პლაცენტარულ სისხლის მიმოქცევას. ხატოვნად რომ ვთქვათ, თითო ნაპასის „დარტყმით“, თავში ბავშვს აგურს ურტყამს.
- რამდენად რეკომენდებულია ორსულობისას შემდეგი პროცედურების ჩატარება - სოლარიუმი, გარუჯვა, ლაზერი, თმის შეღებვა?
- სოლარიუმი არის ულტრაიისფერი გამოსხვივება და კატეგორიულად იკრძალება. არც მზის სხივებია დასაშვები. პირიქით, ჩრდილშიც რომ იყოს ორსული სანაპიროზე, მაინც თეთრი პირსახოცი უნდა დაიფაროს მუცლის არეში. ეპილაცია არ არის მავნებელი, ოღონდ ეს არ არის სარწმუნო ინფორმაცია, შეიძლება ხვალ შეიცვალოს. თმის შეღებვა არ არის არანაირი პრობლემა, თუ საღებავი არ არის ქიმიური.
- რეკომენდებულია თუ არა ორსულობისას ვარჯიში?
- მე, როგორც მეან-გინეკოლოგი, ბედნიერი ვარ, როდესაც ჩემთან მოდის ქალბატონი და მეუბნება, აქტიურად დავდივარ აქვა აერობიკაზე, იოგაზე, ფეხით, ვცურავ და ა.შ. ქალი, რომელიც ვარჯიშობს, კარგად მშობიარობს. ორსულისთვის სამი რამ არის მნიშვნელოვანი - წყალი მინიმუმ ორი ლიტრი, ძილი მინიმუმ 9 საათი და მაქსიმალური ფიზიკური აქტივობა (ვსაუბრობ ფიზიოლოგიურ ორსულებზე და არა მათზე, ვისი ორსულობაც გართულებებით მიდის). ექიმი, რომელიც ფიზიოლოგიურ ორსულს ფიზიკურ აქტივობას აუკრძალავს, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გაუნათლებელია.
- ტოქსიკოზის გამომწვევ მიზეზებზეც რომ გვესაუბროთ... როგორ შეიძლება ტოქსიკოზის ჩივილების შემსუბუქება?
- გულისრევის გამომწვევი მიზეზი ძალიან მარტივია. როდესაც ორსულობა დგება, ორგანიზმი იცავს ამ ორსულობას და გამოჰყოფს ე.წ. სპეციფიკურ ჰორმონს, რომელსაც ჰქვია პროგესტერონი. ქალები ვერ ატყობენ მას, სანამ ნორმაშია, რადგან შეჩვეულები არიან. ორსულობის დროს ორგანიზი გამოჰყოფს 10-ჯერ მეტ პროგესტერონს, რათა დაიცვას ორსულობა. ტოქსიკოზი არის ე.წ. ინტოქსიკაცია, მოწამვლა. რა თქმა უნდა, ჩვენ მას არ ვებრძვით, ვერ ვებრძვით, რადგან ეს ნიშნავს, რომ ორსულობა მოიშლება. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვუმკურნალოთ სიმპტომებს. მკურნალობა მარტივია, თუმცა მისი პრევენცია, წინასწარ დადგენა, გამორიცხულია. მკურნალობა მოიცავს დეზინტოქსიკაციას. პირველი ეტაპი არის ორგანიზმის გარეცხვა-გადასხმები, სითხის მიღება და ცენტრალური ნერვული სისტემის დაცვა.
- და ბოლოს, არსებობს თუ არა გინეკოლოგიაში სასურველი ასაკი, რომელი ასაკი ითვლება გვიან ორსულობად და რამდენად სარისკოა იგი?
- რა თქმა უნდა არსებობს, ეს ასაკი შემოიფარგლება 15 წლიდან 45 წლამდე. თუმცა ორსულობისთვის ყველაზე კომფორტული არის 18-დან 35 წლამდე. რა თქმა უნდა, არაფერი არ დაშავდება, ვთქვათ, 17 წლის ასაკშიც, თუმცა უფრო მეტი შანსია გართულების.
ესაუბრა თამუნა კიკალიშვილი

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ რაღაც ჩვენება არ გააჩნია, ქალმა ფიზიოლოგიურად უნდა იმშობიაროს,“- მეან-გინეკოლოგი ირაკლი ვერულაშვილი

„თუ რაღაც ჩვენება არ გააჩნია, ქალმა ფიზიოლოგიურად უნდა იმშობიაროს,“- მეან-გინეკოლოგი ირაკლი ვერულაშვილი

მეან-გინეკოლოგმა ირაკლი ვერულაშვილმა ფიზიოლოგიური მშობიარობის დადებით მხარეებსა და მშობიარობისთვის იდეალურ ასაკზე ისაუბრა:

„ახალგაზრდა მშობიარეები არიან 20 წლამდე ასაკის ქალბატონები. ოქროს შუალედი არის 20-დან 30 წლამდე, შემდეგ არის 30-დან 45 წლამდე ასაკი. როდესაც ქალი არის 20-დან 30 წლამდე, ჰორმონალური ფონი დალაგებული აქვს, დედობისთვისაც უფრო მზად არის და მშობიარობის რისკ-ფაქტორები ნაკლებია. სასურველია, რომ ამ ასაკში ქალმა მოახერხოს ბავშვის გაჩენა.

იყო ასეთი სტატისტიკა, რომ საკეისროების რაოდენობამ ძალიან მოიმატა. ეს გამოწვეულია ბევრი ფაქტორით. ერთი ის, რომ არ არსებობს ქალი, რომელსაც მშობიარობის ბოლომდე არ ეთქვას, რომ „საკეისრო გამიკეთე.“ თუ რაღაც ჩვენება არ გააჩნია, ქალმა ფიზიოლოგიურად უნდა იმშობიაროს. საკეისრო კვეთაც არის მშობიარობის ერთ-ერთი მეთოდი. ის არის სიცოცხლის გადამრჩენელი ოპერაცია. საკეისრო კვეთის ჩვენება შესაძლებელია იყოს ქალის მხრივ, შეიძლება იყოს ნაყოფის მხრივ. შეიძლება ნაყოფის შემთხვევაში იყოს არასწორი მდებარეობა, მაგალითად, ტერფებით წინ მდებარეობა, ჯდომით წინ მდებარეობა. ქალის შემთხვევაში, შესაძლოა, იყოს ექსტრაგენიტალური პათოლოგიები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, თვალის დაავადებები და ა.შ.

არ არსებობს ქალი, ვისაც არ ეშინია მშობიარობის. ქალმა ექიმთან იმიტომ უნდა იაროს, რომ მან უნდა უთხრას ყველა რისკი, ყველაფრისთვის მოამზადოს. ის, რომ მეშინია, ეს საკეისრო კვეთის ჩვენება არ არის. ნებისმიერ ქალს აქვს უფლება, რომ მოითხოვოს საკეისრო კვეთა. ნებისმიერ ექიმსაც შეუძლია, რომ უარი უთხრას საკეისრო კვეთაზე. ექიმმა მას უნდა დაუსაბუთოს ეს უარი და აუხსნას, რატომ სჯობს ერთი მეთოდი მეორეს,“- აღნიშნულ საკითხზე ირაკლი ვერულაშვილმა „ტელეკომპანია პირველის“ გადაცემაში „ოჯახის ექიმი“ ისაუბრა.

წყარო: ​„ოჯახის ექიმი“

წაიკითხეთ სრულად