Baby Bag

ნუ ისაუბრებთ ცუდად თქვენი შვილების მამაზე... უფლება მიეცით ბავშვებს უყვარდეთ საკუთარი მამა, მაშინაც კი, როდესაც მის მიმართ სიყვარულს აღარ გრძნობთ

ნუ ისაუბრებთ ცუდად თქვენი შვილების მამაზე... უფლება მიეცით ბავშვებს უყვარდეთ საკუთარი მამა, მაშინაც კი, როდესაც მის მიმართ სიყვარულს აღარ გრძნობთ

უფლება მიეცით თქვენს შვილებს უყვარდეთ საკუთარი მამა, მაშინაც კი, თუ თავად მის მიმართ სიყვარულს აღარ გრძნობთ. ზრდასრულებმა საკუთარი უთანხმოებები და პრობლემები დამოუკიდებლად უნდა მოაგვარონ, ბავშვებს კი ამ ტვირთის ზიდვა არ უნდა უწევდეთ. თუ ამის შესაძლებლობა გაქვთ, ბავშვებს აარიდეთ თქვენს პრობლემებზე ფიქრი და ზრუნვა. თქვენს უმთავრეს პრიორიტეტს თქვენი შვილების კარგად ყოფნა უნდა წარმოადგენდეს. ბავშვებს მამისგან სიყვარული და სითბო ისევე სჭირდებათ, როგორც თქვენგან. მათ მამის მიმართ ისევე აქვთ სიყვარულის განცდა, როგორც თქვენ მიმართ. ამას ნუ დაივიწყებთ.

ნუ ისაუბრებთ ცუდად თქვენი შვილების მამაზე. როდესაც თქვენ ასე იქცევით, ბავშვებს განვითარების ფუნდამენტს აცლით. როდესაც ბავშვებს ეუბნებით, რომ მამას მათთან ყოფნა და მათთან ერთად დროის გატარება არ სურს, ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ ეს მათი ბრალი არ არის. ბავშვები თვლიან, რომ მამის მსგავსი დამოკიდებულება მათი დანაშაულია. ისინი იწყებენ ფიქრს, რომ მშობლებისთვის არასაკმარისად კარგები არიან და სიყვარულსა და სითბოს არ იმსახურებენ.

როდესაც ბავშვს ეუბნებით: „ყველაფერში მამაშენს ჰგავხარ,“ ან „მამაშენი უპასუხისმგებლო, ცუდი, საშინელი ადამიანია,“ ბავშვს ძალიან მძიმე მდგომარეობაში აგდებთ. ისინი თავს დამნაშავედ გრძნობენ, რადგან იძულებულები არიან რომელიმე მშობლის მხარე დაიჭირონ და მამისადმი სიყვარულის განცდის გამო თავს იდანაშაულებენ. ეს ყოველივე მათ პატარა სამყაროში უზარმაზარ ბზარს აჩენს. ბავშვები ვეღარ გრძნობენ სტაბილურობსა და სიმშვიდეს და ამ განცდებს სიძულვილისა და გაურკვევლობის განცდები ანაცვლებს.

შესაძლოა, თქვენ ფიქრობთ, რომ ბავშვებმა უნდა იცოდნენ, როგორი ადამიანია მათი მამა. ზოგიერთი დედა მიიჩნევს, რომ ბავშვი არ უნდა მოატყუოს. გარდა ამისა, ისინი ფიქრობენ, რომ ბავშვებს აქვთ უფლება, იცოდნენ სიმართლე მშობლის შესახებ. სინამდვილეში კი, ბავშვებს უფლება აქვთ იყვნენ ბავშვები და შეინარჩუნონ ბავშვურობა. მათ უფლება აქვთ იგრძნონ, რომ ისინი უყვართ, რომ მათ საფრთხე არ ემუქრებათ და უსაფრთხოდ არიან. ბავშვებს უფლება აქვთ, რომ არ შეეჭიდონ ზრდასრულების პრობლემებს.

როდესაც ბავშვები გაიზრდებიან, ისინი ცხოვრებას სხვა პერსპექტივით შეხედავენ და ყველაფერს გააანალიზებენ. ისინი გააცნობიერებენ, თუ ცხოვრების რა გზა გაიარეს და როგორი ადამიანები არიან მათი მშობლები, თუმცა მანამ, სანამ ეს ბუნებრივად მოხდება, შესაძლებლობა მიეცით თქვენს შვილებს, რომ გაიზარდონ და დასკვნები დამოუკიდებლად გააკეთონ. ნუ გაულანძღავთ შვილებს მამას. ბავშვებს ბავშვობა შეუნარჩუნეთ და მათი უფლებები და ინტერესები ყველაფერზე წინ დააყენეთ.

წყარო:​ youaremom.com

შეიძლება დაინტერესდეთ

„აკნესთან არაფერ შუაში არ არის კვება. ცხიმის სიჭარბე არ არის განპირობებული ცხიმიანი საკვებით,“ - დერმატოლოგი სოსო კობახიძე

„აკნესთან არაფერ შუაში არ არის კვება. ცხიმის სიჭარბე არ არის განპირობებული ცხიმიანი საკვებით,“ - დერმატოლოგი სოსო კობახიძე

დერმატოლოგმა სოსო კობახიძემ აკნეს პრობლემის მიზეზებზე ისაუბრა და ის მითები დაასახელა, რომელიც ამ პრობლემის შესახებ ვრცელდება:

„აკნე არის ანთებითი პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ცხიმოვან ჯირკვლებში. ჰორმონ დამოკიდებული ცხიმოვანი ჯირკვლები მდებარეობს მკერდამდე, ზურგზე და სახეზე. ეს არ არის არც ფეხზე, არც მუცელზე და ა.შ. აკნეს ვუწოდებთ ჩვენ ვულგარულ აკნეს. ვულგარული ცუდს არაფერს არ ნიშნავს. ეს მორჩენადი დაავადებაა, რასაკვირველია.“

სოსო კობახიძის თქმით, 15 წლის ზემოთ მოსახლეობის 80-85%-ს აკნე აწუხებს:

​15 წლის ზემოთ მოსახლეობის 80-85%-ს აკნე აწუხებს. ეს დამოკიდებულია ტესტოსტერონის დონეზე. ჩვენ, როგორც სამხრეთის ქვეყანა ტესტოსტერონის ნაკლებობას არ ვუჩივით. ტესტოსტერონი რომ მეტია, ის ააქტიურებს ჯირკვალს, წარმოიქმნება საცობი და ეს არის დაცობილი ჯირკვლის ანთება. აქ არაფერ შუაში არ არის ბევრი ის ფაქტორი, რომელიც გავრცელებული მითებია. არაფერ შუაში არ არის კვება. ცხიმის სიჭარბე არ არის განპირობებული ცხიმიანი საკვებით.“

„წონამ რომ აკნე გამოიწვიოს, ასეთი რამ არ არსებობს. რაც არ უნდა ჭარბი წონა ჰქონდეს ადამიანს, იმას არანაირი აკნე არ ექნება. აკნე შეიძლება გააღრმავოს არასწორმა რჩევებმა და არასწორმა მკურნალობამ. პირველი არასწორი რჩევა არის ხოლმე, რომ ამოვიღოთ. ამაში ერთვება დედა, მეზობელი. ჯირკვალს ვერ ამოიღებთ. კოსმეტოლოგებიც ერევიან სპეციალური კოვზებით. ამან იმ წუთში შეიძლება დადებითი ეფექტი მოგცეს, მაგრამ ჯირკვალს რომ გააღიზიანებ, გამომუშავება გაიზრდება და ორჯერ უარეს შედეგს იღებ,“ - აღნიშნულ საკითხზე სოსო კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„რუსთავი 2“

წაიკითხეთ სრულად