Baby Bag

ძველი მეგრული წვნიანი „ტიბუ,“ რომელიც იმუნიტეტის გაძლიერებასა და ვირუსების დამარცხებაში დაგეხმარებათ - ესმა კუნჭულიას რეცეპტი

ძველი მეგრული წვნიანი „ტიბუ,“ რომელიც იმუნიტეტის გაძლიერებასა და ვირუსების დამარცხებაში დაგეხმარებათ - ესმა კუნჭულიას რეცეპტი

კულინარმა და ტელეწამყვანმა ესმა კუნჭულიამ ძველი მეგრული წვნიანის რეცეპტი გაგვაცნო, რომელიც ვირუსების წინააღმდეგ ძალიან ეფექტიანია და იმუნიტეტის გაძლიერებას უწყობს ხელს:

„მე მინდა, რომ ძველი მეგრული წვნიანით შევებრძოლო კორონავირუსს. 102 წლის მეგრელმა ქალმა მითხრა: „მე ყოველ წელს, ვირუსების დროს მივირთმევდი წვნიანს „ტიბუს,“ რომელიც ქონდრით, ნივრითა და აჯიკით მზადდება და არასდროს არ გავმხდარვარ ავად.“ მოდი, ვცადოთ წვნიანი „ტიბუ“ შვილებზეც. ძველი მეგრული წვნიანი ტიბუ სულ სამი ინგრედიენტისგან შედგება.“

„ავადუღოთ წყალი. რამდენიმე კოვზი სიმინდის ფქვილი მოვხალოთ ტაფაზე. 2 ლიტრ წყალზე 4-5 სუფრის კოვზი მჭადის ფქვილი დაგვჭირდება. მჭადის ფქვილს წინასწარ გავხსნით ცივ წყალში და ჩავუშვებთ მდუღარე წყალში. შემდეგ ვამატებთ ქონდარს და ვურევთ. შემდეგი ინგრედიენტი არის ერთი თავი დაჭყლეტილი ნიორი. მას თან მიჰყვება მშრალი აჯიკა, სულ ცოტა ჩვეულებრივი წითელი წიწაკაც. მარილს დაუმატებთ და ტიბუ მზად არის. „ტიბუზე“ ასე მითხრეს მეგრელებმა, ეს კუჭს არ გაგიღიზიანებსო,“ - აღნიშნული რეცეპტი ესმა კუნჭულიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ გაგვაცნო.

წყარო:​ „დილა მშვიდობისა საქართველო“

შეიძლება დაინტერესდეთ

„მომზადებული კერძი ორ საათზე მეტხანს არ უნდა დაყოვნდეს ოთახის ტემპერატურაზე,“ - მიხეილ ბეღელაძე

„მომზადებული კერძი ორ საათზე მეტხანს არ უნდა დაყოვნდეს ოთახის ტემპერატურაზე,“ - მიხეილ ბეღელაძე

სურსათის უვნებლობის ექსპერტმა მიხეილ ბეღელაძემ მაცივარში პროდუქტების შენახვის წესების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი დაცვა აუცილებელია:

„მაცივარში პროდუქტის შენახვას თავისი წესები აქვს. მაცივრის ზონები შემდეგნაირად იყოფა: 0-6 გრადუსი არის ძირითადი ნაწილი, საყინულეში ტემპერატურა -12 გრადუსიდან -18 გრადუსამდეა.​ საყინულეში იდეალური ტემპერატურა მაინც -18 გრადუსია. გასათვალისწინებელია, რომ მაცივარში დავიცვათ აერაცია, ტენიანობა. პროდუქტებს როდესაც ვაწყობთ მაცივარში, ჰაერის ცირკულაცია უნდა მოხდეს. არ უნდა იყოს გადავსებული მაცივარი. მაცივარში ყველაზე ცივი ადგილი არის ქვედა ნაწილი. ხორცი, თევზი და სხვა მალფუჭებადი პროდუქტები უნდა დავაწყოთ მაცივრის ქვედა, ყველაზე ცივ ნაწილში.“

მიხეილ ბეღელაძემ ის პროდუქტები დაასახელა, რომელთა შენახვა მაცივრის კარში რეკომენდებული არ არის:

„მაცივრის კარი არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გაღებადი ნაწილი. ის ყველაზე ნაკლებად ინარჩუნებს სიგრილეს. არ შეიძლება იქ განვათავსოთ მალფუჭებადი პროდუქტები. ტყემალი, საწებელი და მსგავსი პროდუქტები შეგვიძლია აქ მოვათავსოთ. თუ პასტერიზებული არ არის რძე, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ის მოვათავსოთ მაცივრის კარში. არ არის რეკომენდებული კვერცხის მოთავსება მაცივრის კარში. კვერცხი უნდა გაირეცხოს და მოთავსდეს მაცივრის ქვედა ზონაში. ის უნდა იყოს თავის დახურულ კონტეინერში და არ უნდა ჰქონდეს კვეთა სხვა პროდუქტებთან.“

„მაცივარში უნდა დავიცვათ პროდუქტების ერთგვაროვნების პრინციპი. ხორცპროდუქტები, ​რძის პროდუქტები, ბოსტნეული, მზა პროდუქტები, კვერცხი, თევზი, ქათამი ერთმანეთთან შეხებაში არ უნდა იყოს არავითარ შემთხვევაში. იდეალურია, თუ ეს პროდუქტები გვექნება კონტეინერებში, ცალ-ცალკე გამოყოფილი. პროდუქტები ღია მდგომარეობაში არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს. მომზადებული კერძის შედგმა მაცივარში შეიძლება, მაგრამ მაცივარი ვერ უძლებს უბრალოდ. მომზადებული კერძის შუაგულში დაახლოებით 60 გრადუსია, 60-65 გრადუსიდან 10 გრადუსზე უნდა ჩამოვიდეს ტემპერატურა 2 საათის განმავლობაში, ეს არის სწორი გაგრილება. შემდეგ შეგვიძლია მაცივარში გადავიტანოთ. ზოგადად მომზადებული კერძი ორ საათზე მეტხანს არ უნდა დაყოვნდეს ოთახის ტემპერატურაზე.“ - აღნიშნულ საკითხზე მიხეილ ბეღელაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა ფორმულაზე“

წაიკითხეთ სრულად