Baby Bag

2 წლის უკრაინელი გოგო, რომელსაც დედამ ზურგზე ვინაობა დააწერა, დედასთან ერთად საფრანგეთში უსაფრთხოდ იმყოფება

2 წლის უკრაინელი გოგო, რომელსაც დედამ ზურგზე ვინაობა დააწერა, დედასთან ერთად საფრანგეთში უსაფრთხოდ იმყოფება

საშა მაკოვიმ ორი წლის ვირას ზურგზე სახელი, გვარი და ტელეფონის ნომრები დააწერა იმ იმედით, რომ კიევიდან გაქცევის დროს ოჯახის განცალკევების ან უფროსების მოკვლის შემთხვევაში მპოვნელები ბავშვის ვინაობას ამ გზით შეიტყობდნენ. ამჟამად ვირა და საშა საფრანგეთში უსაფრთხო გარემოში იმყოფებიან, სადაც მათზე ზრუნავენ.

ვირას ფოტო, რომელშიც მის ზურგზე გაკეთებული წარწერაა გამოსახული, ინტერნეტში ვირუსულად ვრცელდებოდა.

„ომის პირველი დღე იყო და ყველაფერს ვამზადებდით, რათა კიევი დაგვეტოვებინა. არ ვიცოდი, ეს რამდენად უსაფრთხო იყო,“- აღნიშნა დედამ BBC Radio 4-თან ინტერვიუში.

საშა იხსენებს, რომ ის ბარგს დაბომბვის ხმის ფონზე ალაგებდა და არ იცოდა, სახლიდან გამოსულს რა ბედი ელოდა.

„ყველაზე მეტად ის მაშინებდა, რომ შეიძლებოდა ვირა დაკარგულიყო, ჩვენ კი დავხოცილიყავით. მეშინოდა, რომ ის ვეღარასდროს გაიგებდა თავის ვინაობას და არ ეცოდინებოდა, ვისი შვილია,“- აღნიშნა პატარა გოგონას დედამ.

საშა იმედოვნებდა, რომ მისი მოკვლის შემთხვევაში, ვირას საკუთარი მშობლების ვინაობის დადგენის შესაძლებლობა მაინც ექნებოდა, თუ მას ზურგზე სახელს, გვარს და ახლობლების ტელეფონის ნომრებს დააწერდა.

საფრანგეთში უსაფრთხო გარემოში აღმოჩენის შემდეგ, საშა აღნიშნავს, რომ ის ფსიქოლოგიურად გატეხილია. მისი თქმით, ქუჩაში სიარულისას ქვები ხშირად ნაღმები ჰგონია. პატარა გოგონას დედა შვილის მცირე ასაკის გამო ბედნიერია, რადგან ეს ბავშვს მომხდარის გაანალიზების და სრულფასოვნად გაცნობიერების შესაძლებლობას არ აძლევს.

წყარო: ​bbc.com 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ყელის ტკივილის ნებისმიერი ფორმის დროს ჩვეულებრივი სპირტის შემცველ ხსნარებსაც კი ვკრძალავთ,“ - ოტორინოლარინგოლოგი ლიკა ლომიძე

„ყელის ტკივილის ნებისმიერი ფორმის დროს  ჩვეულებრივი სპირტის შემცველ ხსნარებსაც კი ვკრძალავთ,“ - ოტორინოლარინგოლოგი ლიკა ლომიძე

ოტორინოლარინგოლოგმა ლიკა ლომიძემ ყელის ტკივილის დროს ბუნებრივი სამკურნალო საშუალებების გამოყენებისას დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრა:

​სპირტისა და წიწაკის ნაზავს იყენებენ ვირუსული ინფექციის დასაწყისში, რომ შემდგომ გართულებებისგან თავი დაიცვან. ეს ყელს, რა თქმა უნდა, არ მოუხდება. ამაზე ორი აზრი არ არის. ყელის ტკივილის ნებისმიერი ფორმის დროს, ნებისმიერი სახის ანთების დროს პაციენტს ვუკრძალავთ, როგორც ცხარეს, ასევე ალკოჰოლს. ჩვეულებრივი სპირტის შემცველ ხსნარებსაც კი ვკრძალავთ.“

ლიკა ლომიძის თქმით, ყელის ტკივილის დროს ალკოჰოლი და სპირტის შემცველი ხსნარები განსაკუთრებით მავნეა:

„ღვინო კიდევ შეიძლება, რომ დალიო. რაც შეეხება სპირტის შემცველ ხსნარებს, სასტიკი წინააღმდეგები ვართ. პირის ღრუსა და ხახაში ლორწოვანს, პირველ რიგში, ვნებს ალკოჰოლი და სპირტის შემცველი ხსნარები.“

„ტონზილიტი ხშირად მიმდინარეობს ჩირქოვანი პროცესით.​ ბავშვს ტონზილებში რომ ჩავხედავთ, მშობელიც ხედავს ხოლმე გლანდებზე მოდებულ თეთრ ნადებს. ამის მოცილება არის დაუშვებელი. შესაძლებელია, რომ იქ აღინიშნოს სისხლის წამოსვლა, რაც შემდგომ სეფსისისა და სხვადასხვა საშიშროების წინაშე აყენებს ბავშვს. ძალიან ხშირი იყო პირის ღრუსა და ყელში ნავთის გამოყენება. ნავთის ხშირი გამოყენება ყელის ტკივილისთვის არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ის იწვევს ინტოქსიკაციას. რაც შეეხება ლიმონსა და თაფლს, ძალიან კარგი საშუალებებია. ამას ჩვენც ვაღიარებთ და ვიყენებთ,“ - აღნიშნულ საკითხზე ლიკა ლომიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად