Baby Bag

2 წლის უკრაინელი გოგო, რომელსაც დედამ ზურგზე ვინაობა დააწერა, დედასთან ერთად საფრანგეთში უსაფრთხოდ იმყოფება

2 წლის უკრაინელი გოგო, რომელსაც დედამ ზურგზე ვინაობა დააწერა, დედასთან ერთად საფრანგეთში უსაფრთხოდ იმყოფება

საშა მაკოვიმ ორი წლის ვირას ზურგზე სახელი, გვარი და ტელეფონის ნომრები დააწერა იმ იმედით, რომ კიევიდან გაქცევის დროს ოჯახის განცალკევების ან უფროსების მოკვლის შემთხვევაში მპოვნელები ბავშვის ვინაობას ამ გზით შეიტყობდნენ. ამჟამად ვირა და საშა საფრანგეთში უსაფრთხო გარემოში იმყოფებიან, სადაც მათზე ზრუნავენ.

ვირას ფოტო, რომელშიც მის ზურგზე გაკეთებული წარწერაა გამოსახული, ინტერნეტში ვირუსულად ვრცელდებოდა.

„ომის პირველი დღე იყო და ყველაფერს ვამზადებდით, რათა კიევი დაგვეტოვებინა. არ ვიცოდი, ეს რამდენად უსაფრთხო იყო,“- აღნიშნა დედამ BBC Radio 4-თან ინტერვიუში.

საშა იხსენებს, რომ ის ბარგს დაბომბვის ხმის ფონზე ალაგებდა და არ იცოდა, სახლიდან გამოსულს რა ბედი ელოდა.

„ყველაზე მეტად ის მაშინებდა, რომ შეიძლებოდა ვირა დაკარგულიყო, ჩვენ კი დავხოცილიყავით. მეშინოდა, რომ ის ვეღარასდროს გაიგებდა თავის ვინაობას და არ ეცოდინებოდა, ვისი შვილია,“- აღნიშნა პატარა გოგონას დედამ.

საშა იმედოვნებდა, რომ მისი მოკვლის შემთხვევაში, ვირას საკუთარი მშობლების ვინაობის დადგენის შესაძლებლობა მაინც ექნებოდა, თუ მას ზურგზე სახელს, გვარს და ახლობლების ტელეფონის ნომრებს დააწერდა.

საფრანგეთში უსაფრთხო გარემოში აღმოჩენის შემდეგ, საშა აღნიშნავს, რომ ის ფსიქოლოგიურად გატეხილია. მისი თქმით, ქუჩაში სიარულისას ქვები ხშირად ნაღმები ჰგონია. პატარა გოგონას დედა შვილის მცირე ასაკის გამო ბედნიერია, რადგან ეს ბავშვს მომხდარის გაანალიზების და სრულფასოვნად გაცნობიერების შესაძლებლობას არ აძლევს.

წყარო: ​bbc.com 

შეიძლება დაინტერესდეთ

„საზოგადოებაში რატომღაც გავრცელებულია აზრი, რომ აუტიზმი თუ გაქვს ვერ უნდა ლაპარაკობდე ან ვერ უნდა აზროვნებდე, ეს ასე არ არის,“ - თამარ გაგოშიძე

„საზოგადოებაში რატომღაც გავრცელებულია აზრი, რომ აუტიზმი თუ გაქვს ვერ უნდა ლაპარაკობდე ან ვერ უნდა აზროვნებდე, ეს ასე არ არის,“ - თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ​ბავშვებში გავრცელებული პრობლემების შესახებ ისაუბრა, რომელთა გამო მშობლები ნეიროფსიქოლოგებს ხშირად მიმართავენ:

„ვის სჭირდება ჩვენი დახმარება? ამ ბოლო დროს ჩვეულებრივი ბავშვები მოჰყავთ ჩვენთან. მოჰყავთ ნორმალური განვითარების ბავშვები სერიოზული პრობლემებით. სერიოზული პრობლემებია შფოთვის, ჰიპერაქტივობის. ჰიპერაქტივობა ბევრი მიზეზის შედეგი შეიძლება იყოს. ზუსტად ნეიროფსიქოლოგია ის ადამიანი, რომელიც ადგენს, რატომ არის ხვანცალა ეს ბავშვი.“

თამარ გაგოშიძის თქმით, ხშირად მშობლები ბავშვს არასწორად აკრავენ უყურადღებოს იარლიყს:

„ძალიან ხშირად ბავშვი, რომელიც უყურადღებოს იარლიყის ქვეშ მოვიდა, აღმოჩნდება, რომ ყურადღება არაფერ შუაში არ არის. ჩვენ ვეხმარებით აუტიზმისა და აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებს, ეს იქნება ბავშვი, თუ ეს იქნება მოზარდი. საზოგადოებაში რატომღაც გავრცელებულია აზრი, რომ ა​უტიზმი თუ გაქვს ვერ უნდა ლაპარაკობდე ან ვერ უნდა აზროვნებდე, ეს ასე არ არის.“

„ამას წინათ 15 წლის ბიჭი მოიყვანეს, სამი სკოლიდან არის გამოგდებული. 15 წლის მშვენიერი ბიჭია, IQ აქვს 125, მაგრამ იუმორის გრძნობა არ აქვს, სულ ჩხუბობს, ეჩხუბება კლასელებს, ვერ იგებს ხუმრობას. სულ ეჩვენება, რომ დასცინიან, სულ ის არის ჩხუბის ინიციატორი. ჩვენ დავეხმარეთ ამ ბიჭს. ბავშვს ასპერგერის სინდრომი აქვს, აუტისტური სპექტრის აშლილობის ერთ-ერთი გამოვლინება, რომელიც ასე არ ჩანს,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ​ნნი დასავლეთ საქართველოს რეგიონული ცენტრი

წაიკითხეთ სრულად