„ყველა ბავშვს, 17 წლის ჩათვლით, იმისდა მიუხედავად, ოჯახში რამდენი შვილია, ექნება გადარიცხული 200 ლარი,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ დღეს ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები, ბავშვები არიან.
„ყველა ბავშვს, 17 წლის ჩათვლით, იმისდა მიუხედავად, ოჯახში რამდენი შვილია, ექნება გადარიცხული 200 ლარი. ის შეძლებული ოჯახები, რომლებსაც შეუძლიათ ასეთ დახმარებაზე უარი თქვან, რა თქმა უნდა, იტყვიან უარს. ეს 200 ლარი არის გათვლილი თითოეულ ბავშვზე. დღეს საქართველოში არის 880 000 ბავშვი, რომლებმაც განსაკუთრებით მრავალშვილიან ოჯახებში უნდა ეკონომიკურ დარტყმას გაუძლოს, ყველაფერთან ერთად, ნორმალურად, სასწავლო წლის პროცესში შევიდეს. მანახეთ ერთი ადამიანი ამ ქვეყანაში, რომელიც იტყვის, რომ ეს იყო არასწორი ნაბიჯი. მანახეთ ეს ერთი ადამიანი, თვალებში მინდა ჩავხედო. მაშინ, როდესაც ყველას კარგად გვესმის და ყველა საერთაშორისო კვლევით არის გათვალისწინებული, რომ საქართველოში ყველაზე მეტად სოციალურად დახმარება სჭირდებათ ბავშვებს. შესაბამისად, ეს იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვი ერთჯერადად 200-ლარიან დამხარებას მიიღებს.
„წელს ზამთარი გვექნება უფრო მსუბუქი, ვიდრე გვქონდა შარშან,“ - ალექსანდრე გოგინავას დამაიმედებელი პროგნოზი
ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ იმედი გამოთქვა, რომ წელს ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით უფრო მსუბუქი ზამთარი გველის, ვიდრე შარშან გვქონდა:
„ჩემი აზრით, ზამთარი გვექნება უფრო მსუბუქი, ვიდრე გვქონდა შარშან. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი არის ვაქცინირებული, ნაწილმა უკვე გადაიტანა კორონავირუსული ინფექცია. აქ არის კიდევ ერთი კითხვის ნიშანი. შემოდგომაზე და ზამთარში აქტიურდებიან სხვა რესპირატორული ვირუსები, მათ შორის, გრიპის ვირუსი. თუ როგორი ზამთარი გვექნება ეპიდემიოლოგიური კუთხით, დაკავშირებულია გრიპის ვირუსთანაც.“
ალექსანდრე გოგინავას თქმით, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანია გრიპის ვაქცინის გაკეთებაც:
„იმედია, არ მოხდება გრიპის ეპიდსიტუაციის გაუარესება და არ მოხდება თანდართვა ამ ორი აგრესიული რესპირატორული ვირუსის. ამისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციაში ჩავერთოთ. მოგეხსენებათ, რომ არსებობს გრიპის საწინააღმდეგო საკმაოდ ეფექტიანი ვაქცინა. განსაკუთრები იმ ადამიანებს, რომლებიც რისკ-ჯგუფებს წარმოადგენენ, მოვუწოდებთ და ვთხოვ, რომ ჩაიტარონ ვაქცინაცია, დაიცვან რეკომენდაციები.“
„სამწუხაროდ, არსებობს განცდა, რომ პანდემია არასდროს დასრულდება. ნებისმიერ პანდემიას და ეპიდემიას აქვს დასასრული. ასე იქნება კოვიდ-19-ის შემთხვევაშიც. იმ ქვეყნებში, სადაც არის ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებელი, არის ბევრად ნაკლები რეგულაცია. ზოგიერთ ქვეყანაში თითქმის ყველა რეგულაცია მოხსნილია. რაც მთავარია, არის დაბალი სიკვდილიანობა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ბევრად შემცირებულია. თეორიულად შეიძლება მაინც დაგვემართოს კორონავირუსი, მაგრამ 90 %-ში ვაქცინაციის შემთხვევაში ვირუსს გადავიტანთ მსუბუქად,“ - აღნიშნულ საკითხებზე ალექსანდრე გოგინავამ Euronews Georgia-ს ეთერში ისაუბრა.