„ყველა ბავშვს, 17 წლის ჩათვლით, იმისდა მიუხედავად, ოჯახში რამდენი შვილია, ექნება გადარიცხული 200 ლარი,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ დღეს ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები, ბავშვები არიან.
„ყველა ბავშვს, 17 წლის ჩათვლით, იმისდა მიუხედავად, ოჯახში რამდენი შვილია, ექნება გადარიცხული 200 ლარი. ის შეძლებული ოჯახები, რომლებსაც შეუძლიათ ასეთ დახმარებაზე უარი თქვან, რა თქმა უნდა, იტყვიან უარს. ეს 200 ლარი არის გათვლილი თითოეულ ბავშვზე. დღეს საქართველოში არის 880 000 ბავშვი, რომლებმაც განსაკუთრებით მრავალშვილიან ოჯახებში უნდა ეკონომიკურ დარტყმას გაუძლოს, ყველაფერთან ერთად, ნორმალურად, სასწავლო წლის პროცესში შევიდეს. მანახეთ ერთი ადამიანი ამ ქვეყანაში, რომელიც იტყვის, რომ ეს იყო არასწორი ნაბიჯი. მანახეთ ეს ერთი ადამიანი, თვალებში მინდა ჩავხედო. მაშინ, როდესაც ყველას კარგად გვესმის და ყველა საერთაშორისო კვლევით არის გათვალისწინებული, რომ საქართველოში ყველაზე მეტად სოციალურად დახმარება სჭირდებათ ბავშვებს. შესაბამისად, ეს იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვი ერთჯერადად 200-ლარიან დამხარებას მიიღებს.
რატომ გაიზარდა კოვიდ-19-ით ინფიცირების რიცხვი დიდ ბრიტანეთში, სადაც მოსახლეობის 68 პროცენტი სრულად ვაქცინირებულია? - ზვიად კირტავას პასუხი
მედიცინის დოქტორმა ზვიად კირტავამ დიდ ბრიტანეთში კოვიდ-19-ის შემთხვევების მატების მიზეზებზე ისაუბრა:
„დიდი ბრიტანეთის მაგალითი ძალიან შთამბეჭდავია. ყველაზე ცუდი დასაწყისი პირველ გაზაფხულის ტალღაში სწორედ დიდ ბრიტანეთს ჰქონდა. შემდეგ იმის წყალობით, რომ ასტრაზენეკასა და ფაიზერის ვაქცინები შეისყიდა, ევროპაში ვაქცინაციის ყველაზე მაღალ ტემპს მიაღწია. როდესაც ევროპის სხვა ქვეყნებში ვაქცინაციის რიცხვი 30% იყო, ბრიტანეთში უკვე 50% ჰქონდათ გადალახული. წარმატებისგან თავბრუდახვევა იყო ის, როდესაც მათ ივლისის ბოლოს ერთბაშად გააუქმეს ყველა შეზღუდვა. ახლა ხდება ის, რომ ქვეყანაში ახალი შემთხვევების ტემპი ისევ გაიზარდა. ქვეყნის ექსპერტები გამოვიდნენ კრიტიკით და ამბობენ, რომ ნაწილობრივ უნდა დაბრუნდეს შეზღუდვები, უნდა იფიქრონ ბუსტერის დანერგვაზე, მოზარდების ვაქცინაციაზე, პირბადეების ტარების წესზე.“
ზვიად კირტავას თქმით, ის მწვანე ბარათების დანერგვას მხარს უჭერს:
„მე მხარს დავუჭერდი მწვანე ბარათების დანერგვას. ალბათ, საქართველოსაც მოუწევს ეს. სწორია, რომ აქცენტირება კეთდება ვაქცინაციის მარათონზე. რეგიონებსა და სოფლებზე ორიენტირება სწორი გადაწყვეტილებაა. მინდა გავიხსენო ცნობილი ამერიკელი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, ჯესიკა ვაინტროუბის ცნობილი ფრაზა, რომელმაც თქვა, რომ ჩვენ უნდა გავხადოთ მაქსიმალურად კომფორტული ვაქცინირება ყველა ადამიანისთვის და ჩვენ უნდა გავხადოთ შეძლებისდაგვარად არაკომფორტული არავაქცინირებულად დარჩენა.ეს არის ის ფორმულა, რომლითაც, ალბათ, უნდა იხელმძღვანელოს ყველამ.“
„პირველ რიგში, უნდა იქნეს დარწმუნების ყველა მეთოდი გამოყენებული. ინდივიდუალურად ყველა ადამიანთან ამის განსამარტავად დროის დახარჯვა ძალიან რთულია. მასობრივი სტრატეგიული კომუნიკაცია უნდა მოხდეს. ყოველდღე ვკარგავთ 25-დან 40-მდე ადამიანს. ამ დროს ფიქრი იმაზე, რომ სადღაც რაღაც წავიკითხე და იქნებ შესაძლო გართულება იყოს, არ არის სწორი, უნდა მოხდეს ამის ნიველირება,” - აღნიშნულ საკითხზე ზვიად კირტავამ „Euronews Georgia”-ს ეთერში ისაუბრა.