Baby Bag

გამოკვლეული მასწავლებლებიდან 7-ს კორონავირუსი დაუდგინდა

გამოკვლეული მასწავლებლებიდან 7-ს კორონავირუსი დაუდგინდა

,,გამოკვლეული მასწავლებლებიდან 7-ს კორონავირუსი დაუდგინდა'' - აღნიშნულის შესახებ დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. 

როგორც მან ბათუმში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, საუბარია იმ მასწავლებლებზე, რომლებიც ზაფხულში აჭარაში იმყოფებოდნენ:

„მოგახსენებთ, რომ ჩვენ ვიკვლევდით და ვიკვლევთ მასწავლებლებს, მაგრამ რატომღაც ისინი ოდნავ მოეშვნენ. დაახლოებით 2200 მასწავლებელია, ვინც ზაფხულში, განსაკუთრებით აგვისტოს მეორე ნახევარში აჭარაში იმყოფებოდა და ისინი საქართველოს ყველა რეგიონში გამოკვლევას დაექვემდებარნენ. 2200-დან გამოკვლევაზე მივიდა მხოლოდ 1011, ანუ 46% და 7 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ამიტომ, ისევ და ისევ გთხოვთ ყველა რეგიონში მასწავლებლებს, ვინც ზაფხულის განმავლობაში, განსაკუთრებით აგვისტოში აჭარაში იყვნენ, მიბრძანდნენ გამოსაკვლევად. ამას სახელმწიფო თავის თავზე იღებს. დაუკავშირდნენ თავიანთი მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს და გამოკვლევები ჩატარდება“, - დაძინა ამირან გამყრელიძემ.


შეიძლება დაინტერესდეთ

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. ​Momsedu.ge გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:

„გვსურს, გამოვეხმაუროთ თბილისის ერთ-ერთი სკოლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. ზოგიერთი მედიასაშუალების ეთერში ორი დღეა ინტენსიურად ვრცელდება ინფორმაცია ახალგაზრდებში კრიმინალური იდეოლოგიის არსებობის შესახებ, რითაც მოხდა ამ ნიშნით სკოლის მოსწავლეთა დისკრედიტაცია და მოზარდებში კრიმინალური სამყაროს პოპულარიზაცია. ასეთმა არაჯანსაღმა და არაპროფესიონალურმა ინფორმაციულმა ზეწოლამ კონკრეტული სკოლის კონკრეტული მოსწავლე რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ჩააყენა. ასევე, მძიმე ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან მისი თანაკლასელები.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ მოვალეობას ბავშვთა უფლებების დაცვა და სკოლებში ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნა წარმოადგენს. ამ პროცესში განათლების სისტემაში შემავალი ყველა რგოლი აქტიურად მონაწილეობს.

მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, განსაკუთრებული სიფრთხილე და პროფესიონალიზმი გამოიჩინონ მოზარდებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის გაშუქებისას, არ დაარღვიონ მათი უფლებები, რათა ზიანი არ მიადგეს ბავშვების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას.

აქვე აღვნიშნავთ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დიდი ყურადღება ეთმობა ჯანსაღი და პოზიტიური გარემოს შექმნაზე მუშაობას, რაშიც, თავის მხრივ, აქტიურად არის ჩართული მანდატურის სამსახური - როგორც მანდატურები, ისე ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი. ამ მიმართულებით სკოლებში არაერთი პროგრამა ხორციელდება. ჩვენთვის უმთავრესია მოზარდებში სწორი ღირებულებებისა და თავისუფალი აზროვნების ჩამოყალიბება, მათი სრულყოფილ პიროვნებებად აღზრდა,“ - აღნიშნულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წაიკითხეთ სრულად