,,გლობალურად ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ დაძაბულია,'' - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მეტი ყურადღებაა საჭირო, როგორც სახელმწიფოს, სამედიცინო სფეროს, ისე საზოგადოების მხრიდან:
„გლობალურად და რეგიონალურად ვითარება კვლავ დაძაბულია, კორონავირუსული ინფექცია უკან არ იხევს. პირიქით, ძალებს იკრებს. მეტი ყურადღებაა საჭირო ყველას მხრიდან, როგორც სახელმწიფოს, სამედიცინო სფეროს, ისე მოსახლეობის მხრიდან, რათა ერთად გავუმკლავდეთ ამ მეტად უჩვეულო გამოწვევას, რომლის წინაშეც არის მთელი გლობალური სამყარო“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძემ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზეც ისაუბრა:
,,სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რისკ ჯგუფში მყოფ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩაიტაროს ნებისმიერ პოლიკლინიკაში, სადაც იმუნიზაციის (ამცრელი) კაბინეტებია, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. როგორც ვაქცინას, ისე აცრის პროცესს აფინანსებს სახელმწიფო და დაუშვებელია რომელიმე პოლიკლინიკამ ან სამედიცინო დაწესებულებამ, მოსთხოვოს მოქალაქეს შესაბამისი გასამრჯელო ან გადახდა გარკვეული თანხის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში. ფორმის გახსნა, ექიმის კონსულტაცია - ეს ყველაფერი ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვითი ან შესაბამისი სადაზღვეო პროგრამით და დაუშვებელია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანიის დროს, რომ ადამიანს გადაახდევინონ თანხა მომსახურეობაში. ვაქცინა ყველა ამ დაწესებულებას მიღებული აქვს უფასოდ სახელმწიფოსგან. ამიტომ ვთხოვ ჩემს კოლეგებს, სამედიცინო პერსონალს, რომ ეს პრეცენდენტი არ იქნეს დაშვებული,'' - დასძინა ამირან გამყრელიძემ.
განათლების სამინისტრო საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება მოსწავლეზე ძალადობის ფაქტის შესახებ
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმაურება მოზარდზე ძალადობისა და მოსწავლის პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროებასთან დაკავშირებით სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას და გმობს სკოლაში მომხდარი ნებისმიერი სახის ძალადობას.
როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, ეკატერინე დგებუაძე განმარტავს, სამინისტროს მთავარი მიზანია, თითოეული მოზარდის განათლების ფუნდამენტური უფლების დაცვა. სამინისტროს მთელი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში შეიქმნას ჯანსაღი გარემო და მოუწოდებს სკოლებს, შეუწყონ ამ პროცესს ხელი, უზრუნველყონ სკოლებში პოზიტიური და უსაფრთხო სივრცის შექმნა და მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების დაცვა.
მინისტრის პირველი მოადგილე ასევე მიმართავს საინფორმაციო საშუალებებს, განსაკუთრებული სიფრთხილე და პროფესიონალიზმი გამოიჩინონ მოზარდებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის გაშუქებისას, არ დაარღვიონ მათი უფლებები, რათა ზიანი არ მიადგეს მოსწავლეთა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას.