,,გლობალურად ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ დაძაბულია,'' - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მეტი ყურადღებაა საჭირო, როგორც სახელმწიფოს, სამედიცინო სფეროს, ისე საზოგადოების მხრიდან:
„გლობალურად და რეგიონალურად ვითარება კვლავ დაძაბულია, კორონავირუსული ინფექცია უკან არ იხევს. პირიქით, ძალებს იკრებს. მეტი ყურადღებაა საჭირო ყველას მხრიდან, როგორც სახელმწიფოს, სამედიცინო სფეროს, ისე მოსახლეობის მხრიდან, რათა ერთად გავუმკლავდეთ ამ მეტად უჩვეულო გამოწვევას, რომლის წინაშეც არის მთელი გლობალური სამყარო“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძემ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზეც ისაუბრა:
,,სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რისკ ჯგუფში მყოფ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩაიტაროს ნებისმიერ პოლიკლინიკაში, სადაც იმუნიზაციის (ამცრელი) კაბინეტებია, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. როგორც ვაქცინას, ისე აცრის პროცესს აფინანსებს სახელმწიფო და დაუშვებელია რომელიმე პოლიკლინიკამ ან სამედიცინო დაწესებულებამ, მოსთხოვოს მოქალაქეს შესაბამისი გასამრჯელო ან გადახდა გარკვეული თანხის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში. ფორმის გახსნა, ექიმის კონსულტაცია - ეს ყველაფერი ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვითი ან შესაბამისი სადაზღვეო პროგრამით და დაუშვებელია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანიის დროს, რომ ადამიანს გადაახდევინონ თანხა მომსახურეობაში. ვაქცინა ყველა ამ დაწესებულებას მიღებული აქვს უფასოდ სახელმწიფოსგან. ამიტომ ვთხოვ ჩემს კოლეგებს, სამედიცინო პერსონალს, რომ ეს პრეცენდენტი არ იქნეს დაშვებული,'' - დასძინა ამირან გამყრელიძემ.
,,უნდა გავითავისოთ, რომ ცეცხლს ვეთამაშებით და დავიცვათ 5 მთავარი რეკომენდაცია''
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მესამე ტალღის საშიშროებაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 5 მთავარი რეკომენდაციის დაცვა აუცილებელია:
,, საშიშროება არის მესამე ტალღის, რადგან გაჩნდა საკმაოდ მოზრდილი კლასტერები. ეს არის წინა ეტაპი ქვეყნის შიგნით ვირუსის გავრცელების. ამიტომ ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ცეცხლს ვეთამაშებით და დავიცვათ 5 მთავარი რეკომენდაცია:
1. პირბადის უნივერსალური ტარება;
2. დისტანციის დაცვა;
3. სანიტარული წესრიგის დაცვა;
4. თავის შეკავება შეკრებებისგან;
5. იმუნიზაციის პროცესის გაინტენსიურება.'' - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.