„ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00-დან 05:00 საათამდე, გამონაკლისი იქნება ახალი წლისა და შობის ღამეები,“ - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მან მოსახლეობას დღესასწაულის ვიწრო ოჯახურ წრეში აღნიშვნისკენ მოუწოდა:
„აღნიშნული გამონაკლისის მიუხედავად, კვლავ მოვუწოდებთ მოსახლეობას დღესასწაულები აღნიშნონ ვიწრო ოჯახურ წრეში,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
ამასთან, როგორც მან განაცხადა, 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში. ასევე აკრძალული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება. კერძო ავტომანქანებით მოძრაობა კი კვლავ ნებადართული იქნება.
,,მთელი რიგი პროცედურებია გასავლელი იმისთვის, რომ ქვეყანამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მიიღოს,'' - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისი თქმით, მზადდება კორონავირუსის ვაქცინის დანერვის გეგმა და ყველა ის ეტაპი იქნება გავლილი, რაც ვაქცინის მისაღებად არის საჭირო.
„მთელი რიგი პროცედურებია გასავლელი იმისთვის, რომ ქვეყანამ ვაქცინა მიიღოს, თუნდაც ერთი დოზა, ასე მარტივად ეს ამბავი არ ხდება. რაც შეეხება კანდიდატ ვაქცინებს, დღეს ჩვენ განვიხილავთ სამივე ვაქცინის შემოტანის შესაძლებლობას, ეს არის „ფაიზერის“, „მოდერნასა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინები. მზადდება ვაქცინის დანერვის გეგმა, რომლის ფორმალიზაცია, მომდევნე კვირის ბოლომდე მოხდება და ყველა ის ეტაპი, რომელიც ვაქცინის მისაღებად უნდა გავიაროთ, ქვეყნის შესაბამისად განხორციელდება“, - დასძინა თამარ გაბუნიამ.