„არ მომწონს, როცა ამბობენ, რომ ადამიანი ბნელია მხოლოდ იმიტომ, რომ უბრალოდ კითხვა დასვა, მარტო ოთხთვიანი გამოცდილება რომ არის ამ ვაქცინაზე, სამომავლოდ რას ფიქრობთ, გარანტირებულად უსაფრთხოაო?“ - მაია ბუწაშვილი
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ბოლო დროს სოციალურ ქსელში ბულინგის გახშირების თემებზე წერს.
„მგონი სოციალური ქსელები მართლა გასათიშია, რადგან ფაქტიურად ბულინგის ასპარეზად არის გადაქცეული. გამაოგნებელია, რა ეპითეტებით მიმართავენ ადამიანები ერთმანეთს. დაიკარგა იმის შეგრძნება, რომ ჩვენ ყველანი ინდივიდუალურები ვართ და ჩვენი აზრი გაგვაჩნია, რომელიც შეიძლება სხვას არ მოწონდეს, რომ ფიქრის უფლება გვაქვს. მოდაში შემოვიდა ტერმინები „ტოტალური სიბნელეა"-ს და „გვჩიპავენ“ ჯგუფიდან. არაერთი მაგალითია, როდესაც ადამიანზე ამბობენ, რომ ბნელია, მხოლოდ თავისი რომელიმე პოლიტიკური შეხედულების გამო.
თუმცა ეს ჩემი პოსტი პოლიტიკას კი არა, კოვიდის ვაქცინას ეხება და არ მომწონს, როცა ამბობენ, რომ ადამიანი ბნელია მხოლოდ იმიტომ, რომ კოვიდის ვაქცინა არ გაიკეთა, მაგალითად, შემოტანის დღესვე (აქვე ჩავახშობ პირველივე რეაქციას, ჩემზე არ ვწერ, მე გადატანილი მაქვს კოვიდი და ანტისხეულების მაღალი ტიტრი მაქვს ჯერ, ამიტომ ვაპირებ ვაკონტროლო ანტისხეულები და გავიკეთო ვაქცინა, როგორც კი ტიტრი მკვეთრად შემცირდება ან საერთოდ გაქრება, მაგრამ მე ასე თუ ისე გაცნობიერებული მაქვს რისკები და სარგებელი და ძალიან მინდა, რომ ყველას მივცეთ იმის უფლება, რომ შეძლებისდაგვარად გაცნობიერებულად თვითონ გადაწყვიტოს თავისი ჯანმრთელობის საკითხი).
ბნელია იმიტომ, რომ იმ დღესვე, როდესაც სამედიცინო დაწესებულებებმა შეტყობინება მიიღეს (ანუ 13 მარტს), არ დარეგისტრირდა პორტალზე. აქვე ვიტყვი, რომ ეს შეტყობინება ბევრად ადრე უნდა დაგზავნილიყო. თავიდან ითქვა, რომ მხოლოდ კოვიდ კლინიკების პერსონალი იცრებოდა. ყველა პროფილის სამედიცინო დაწესებულებაზე ბოლო წუთში გავრცელდა რეგისტრაციის პროცესი და ორშაბათს დილით, როცა უკვე ბნელებს ეძახდნენ იმათ, ვინც ჯერ არ იყო დარეგისტრირებული, ზოგმა „ბნელმა“ ჯანდაცვის მუშაკმა უბრალოდ ჯერ არც კი იცოდა, რომ რეგისტრაცია შეეძლო.
ბნელია იმიტომ, რომ მოისმინა ინფორმაცია ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ვაქცინის დროებითი შეჩერების შესახებ და იფიქრა, რომ თვითონაც დროებით შეაჩერებდა გადაწყვეტილების მიღებას, სანამ ევროპის ქვეყნებში დამატებით გავრცელდებოდა ინფორმაცია და გაირკვეოდა რეალობა. ყველანი ხომ სხვადასხვანაირად აღვიქვამთ რეალობას, ზოგმა მალევე მიიტანა ეჭვი, რომ ეს შეიძლება პოლიტიკური მოვლენა იყოს, ზოგს მართლა ეგონა, რომ გვერდითი მოვლენების გამო მოხდა შეჩერება და ცდილობს მეტად გაერკვეს.
ბნელია იმიტომ, რომ დაიბნა სრულიად სპონტანურად ვაქცინის მწარმოებლის სახელის ცვლილების გამო. იქნებ ამ ბნელმა ადამიანმა მანამდე ძალიან ბევრი წაიკითხა და მოემზადა ფაიზერის ვაქცინის მისაღებად, მერე უცებ უთხრეს, ეგ არა, სხვა ვაქცინა გვაქვს თქვენთვისო და ცოტა სული მოთქმა და დამატებითი ინფორმაციის მოძიება გადაწყვიტა.
ბნელია იმიტომ, რომ უბრალოდ კითხვა დასვა, მარტო ოთხთვიანი გამოცდილება რომ არის ამ ვაქცინაზე, სამომავლოდ რას ფიქრობთ, გარანტირებულად უსაფრთხოაო? უბრალოდ კითხვა დასვა, რომ სპეციალისტების აზრი მოისმინოს, მერე აწონ-დაწონოს, რა ურჩევნია, კოვიდის და მასთან დაკავშირებული მძიმე გართულებების და შესაძლო ლეტალური გამოსავლის რისკები, თუ კოვიდის ვაქცინის შორეული შედეგების თეორიული შანსები. უბრალოდ დაფიქრდა და მეტი ინფორმაციის მოძიება გადაწყვიტა, მაგრამ ამ დროს დაესხნენ თავს და სულ თავში ურტყეს ბნელის და მეტიც, ანტივაქსერის ტიტული. ერთმა ჩემმა პაციენტმა ზუსტად იმიტომ მიიღო აცრის გადაწყვეტილება, რომ სრულიად ღიად ავუხსენი, რა არის ცნობილი და რა არა კოვიდ ვაქცინების შესახებ და კატეგორიული ტონით არ მივეცი გარანტია, რომ ზუსტად ვიცით ყველაფერი (როგორც ამას ზოგიერთები ირწმუნებიან).
ბნელია იმიტომ, რომ თვითონაც და მთელ მის ოჯახსაც ყველა გეგმიური თუ არაგეგმიური ვაქცინაცია ზედმიწევით აქვს ჩატარებული, მაგრამ იმიტომ, რომ აწონ-დაწონა რისკები, იფიქრა, რომ არც ერთი რისკ-ფაქტორი არა აქვს და შესაბამისად, გართულებების უკიდურესად დაბალი რისკის ქვეშაა, ასევე იმიტომ, რომ მყარად ვერავინ ეუბნება, რომ ვაქცინა ვირუსის გავრცელებასაც უშლის ხელს (თორემ ასეთ შემთხვევაში შეიძლება მხოლოდ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამო, ანუ სხვების დასაცავად გაიკეთებდა ვაქცინას), იფიქრა, ცოტა ხანს დავიცდი და მერე მივიღებ გადაწყვეტილებასო, მაგრამ ფიქრს ვინ აცლის, ამასაც თავში ურტყეს ანტივაქსერის და უბნელესის ტიტული. ანტივაქსერები ხომ ისტორიულად აგრესიულები არიან, მაგრამ ბოლო დროს ანტივაქსერებზე უფრო აგრესიულები გახდნენ ზოგიერთი პროვაქსერები. რატომ არ შეგვიძლია ზომიერება და სხვისი არგუმენტების მოსმენა (თუნდაც არ მოგვწონდეს)?
ბნელია, თუ ვაქცინა თავისთვის, ჩუმად გაიკეთა და საჯარო ჩვენება არ მოაწყო. გასაგებია, რომ ეს ჩვენება კეთილშობილურ მიზანს ემსახურება და სხვებისთვის მაგალითის მიცემის გამო კეთდება და ამ ადამიანების განზრახვა ძალიან პატივსაცემია, მაგრამ მთლად დიდგორის ომში წასულებივით მათი გმირებად გამოყვანა და იმ ადამიანების შეჩვენება, ვისაც ზოგადად არ უყვარს ფოტოების დადებაც კი, არამცთუ ვაქცინაციის პროცესის საჯარო დემინსტრირება, უკვე რადიკალიზმია. ყველას არჩევანი პატივსაცემია. გამონაკლისს წარმოადგენენ ჯანდაცვის პირველი პირები, რომლებმაც მართლა საჯაროდ უნდა გაიკეთონ ვაქცინა.
ბნელია, თუ წამოსცდა და პირიდან ამოუშვა ფრაზა, „ანტივაქსერი არ ვარ, მაგრამ...“. ეს „მაგრამ“ და კითხვების დასმა და ანტივაქსერის ტიტული გარანტირებულია.
ბნელია, თუ ძალიან კარგად ერკვევა (ასეთი პაციენტიც მყავდა, საერთო არ იყო ექიმი) კლინიკური კვლევების ნიუანსებში და სწორედ ამიტომ უჩნდება კითხვები. ზუსტად ის ესხმის თავს და ბნელს უწოდებს, არაფერი რომ არ გაეგება, საერთოდ რას ნიშნავს მედიკამენტის/ვაქცინის გამოცდა და თუ მისმა დაქალმა ამერიკაში ვაქცინა გაიკეთა და „ძაანაც კარგად გრძნობს თავს“, ეს ისეთი რკინისებური მტკიცებულებაა, რომ სრულიად საფეისბუქეთი ფერხთით უნდა გაეგოს და არც კი დაუშვას დამატებითი კითხვის დასმა, თორემ ბნელის ტიტული არ ასცდება.
ძალიან გამიგრძელდა სიტყვა და მე ვინ ვარ, რომ ვინმესთვის მოწოდება ავიღო ჩემს თავზე, მაგრამ ბნელის და ანტივაქსერის ძახილით უკურეაქციას ვიღებთ. ცოტა მეტად თუ ვაცლით ერთმანეთს აზროვნებას, საკითხში გარკვევის მცდელობას და თუნდაც მიუღებელი კითხვების დასმას თუ აზრის გამოთქმას, საბოლოო შედეგი, მათ შორის ვაქცინაციით მოცვაც, ბევრად უკეთესი გვექნება.
და კიდევ, ეს ჩემი ფეისბუქ გვერდია და გთხოვთ, პატივი მეცით და ნუ შემომივარდებით ბნელის ძახილით,“ - წერს მაია ბუწაშვილი.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
დაავადების გაუარესების კლინიკური ნიშნები კოვიდ-19-ით ინფიცირებულ ადამიანებში - ექიმი ნანა გეგეჭკორი
ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში ვრცელ გზამკვლევს აქვეყნებს, რომელშიც ის ადამიანებს დეტალურად უხსნის კოვიდ-19-ის დამძიმების ნიშნებს და გამოკვეთს სხვადასხვა ხარისხის სუნთქვის უკმარისობისთვის დამახასიათებელ სიმპტომატიკას. ნანა გეგეჭკორის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
რისკ-ჯგუფში მყოფი ყველა პაციენტიც არ საჭიროებს ამგვარ ზედამხედველობას, თუ მათი თანდართული პრობლემები კარგად არის მართული. მაგალითად, ზედმიწევნით კარგად კონტროლირებადი შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტი მსუბუქი კოვიდ-ინფექციით, შეიძლება დარჩეს სახლში და თავად მართოს პროცესი, ისევე როგორც მოიქცეოდა სეზონური გრიპის შემთხვევაში.
თუმცა, მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ სიმპტომებს დინამიკაში და ექიმთან მიმართვის გადაწყვეტილებას ყოველდღიურ რეჟიმში გადავხედოთ. როგორც წესი, კლინიკურად, პაციენტის დამძიმება დაავადების დაწყებიდან ერთ კვირაში ხდება ხოლმე (თუ ასეთი ალბათობა აქვს პაციენტს) და რისკ-ჯგუფები ამ ეტაპზე განსაკუთრებულ დაკვირვებას ითხოვენ. ასეთ დროს ძალიან დაბალია სრული კლინიკური კვლევის აუცილებლობის ზღურბლი. ზოგიერთ მათგანს შეიძლება ჰოსპიტალიზაციაც დასჭირდეს. დღესდღეობით არ არსებობს არანაირი სპეციფიკური კრიტერიუმი, რის მიხედვითაც გართულებების ან დაავადების დამძიმების პროგნოზირების სრული შესაძლებლობა გვექნებოდა მსუბუქი ფორმებით ინფიცირებულებში. ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში არსებობს სპეციალური რისკის შკალები, რაც კლინიკური გამოსავლის მეტნაკლებად პროგნოზირების საშულებას იძლევა, თუმცა მათი გამოყენება მკურნალობის სტანდარტს ჯერჯერობით არ წარმოადგენს.
დაავადების გაუარესების კლინიკური ნიშნები:
უკიდურესი დაღლილობის შეგრძნება არ გაძლევთ მოძრაობის საშუალებას.
გონების ნაწილობრივი ან სრული დაბინდვა, უჩვეულო აგზნება, გამოხატული მოუსვენრობა სხვა სიმპტომებთან ერთად.
მაღალი ტემპერატურა არ ემორჩილება მედიკამენტოზურ მკურნალობას.
გამოხატული სუნთქვის უკმარისობა.
ტკივილი, უჩვეულო სიმძიმის ან მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში (ტკივილის ხასიათი არ იცვლება მოძრაობისას სუნთქვის ფაზებთან მიმართებაში. ტკივილის გამოწვევა ან დაყუჩება ან ხასიათის ცვლილება შეუძლებელია შეხებით. ტკივილი გადაეცემა ქვედა ყბას, კისერს, ზემო კიდურებს, ბეჭის მიმდებარე ტერიტორიას ან მუცლის ზედა კვადრანტს).
უჩვეულო ტაქიკარდია (აჩქარებული გულისცემა), ნორმალური გულისცემის სიხშირე არ უნდა აღემატებოდეს 100-ს წუთში მცირედი დატვირთვისას.
საკმარისი რაოდენობით საკვების და სითხის მიღების შეუძლებლობა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმპტომების გამო.
დიარეის და ღებინების ხშირი ეპიზოდები, რამაც შეიძლება სერიოზული დეჰიდრატაცია გამოიწვიოს.
პროდუქტიული ხველა, იგულისხმება დიდი რაოდენობით ნახველი რომლის ევაკუაცია (ამოხველება) გართულებულია. ასეთ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს თანდართული ბაქტერიული პნევმონია. კოვიდს უმეტესად მშრალი ხველა ახასიათებს.
ქოშინი მინიმალური დატვირთვისას.
სუნთქვის უკმარისობის (დისპნეა) ხარისხები:
მსუბუქი დისპნეა – სუნთქვის უკმარისობა არ იწვევს ჩვეულებრივი, ყოველდღიური აქტივობების შეზღუდვას და ის გამოხატულია მხოლოდ უჩვეულო დატვირთვისას, მაგალითად, სწრაფი სიარულის, ან ერთი თუ ორი სართულით კიბეზე ასვლისას.
საშუალო სიმძიმის დისპნეა – სუნთქვის უკმარისობა გიზღუდავთ ჩვეულებრივ აქტივობებს (გამოხატულია სამზარეულოში საკვების მომზადებისას, ვერ ადიხართ კიბეებზე შესვენების გარეშე, ვერ ალაგებთ სახლს).
დაავადების დინამიკის შეფასებას მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ გავიგოთ შეგვიძლია მკურნალობის სახლში გაგრძელება, თუ დროა მივმართოთ სამედიცინო დაწესებულებას.
თუ დაავადების ჩვეულ მიმდინარეობას ახალი, რთულად ასატანი სიმპტომები დაერთო, ან მდგომარეობა გაუარესდა, აუცილებელია სრული დიაგნოსტიკური კვლევის ჩატარება. ზემოთ ჩამოთვლილ ტესტებთან ერთად სასურველია სეზონურ ვირუსულ ინფექციებზეც ჩატარდეს კვლევა და ასევე, თუ შესაძლებელია ჩატარდეს რადიოლოგიური დიაგნოსტიკა ზემოთ ნახსენები სქემით.
საშუალო სიმძიმის დაავადების შემთხვევაში ზედმიწევნით ფრთხილად უნდა გამოიყოს პაციენტთა ჯგუფი, რომელიც დროულ ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს; რისკის ფაქტორების ან უარყოფითი დინამიკის ტემპის გათვალისწინებით. დანარჩენების მართვა კი ექიმის ყოველდღიური მეთვალყურეობის ქვეშ შესაძლებელია სახლში გაგრძელდეს.
საშუალო სიმძიმის დაავადების კრიტერიუმებია:
ჰიპოქსიის გარეშე მიმდინარე რადიოგრაფიულად დადასტურებული ქვედა სასუნთქი გზების დაავადება (პნევმონია), სატურაცია (სისხლში ჟანგბადის პროცენტული შემცველობა) >94% ოთახის ჰაერზე.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არ გამოგვეპაროს მძიმედ მიმდინარე დაავადება და ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ ამგვარი პაციენტის დროული ჰოსპიტალიზაციისთვის.
მძიმედ მიმდინარე დაავადების კრიტერიუმებია:
- გამოხატული ტაქიპნოე (სუნთქვის სიხშირე >30 წუთში)
ცხადია, მძიმედ მიმდინარე დაავადება სასწრაფო ჰოსპიტალიზაციას მოითხოვს. ამგვარი მიდგომა დაგჭირდებათ ასევე იმ პაციენტების მიმართაც, ვისაც მნიშვნელოვანი ქრონიკული დაავადებების გამწვავება აღენიშნება და ეს ართულებს კოვიდის შედარებით მსუბუქი ფორმის სახლში მართვას. სწორად შერჩეული პაციენტის დროული ჰოსპიტალიზაცია კრიტიკულად აუცილებელია საიმედო კლინიკური გამოსავლისათვის.
ჰოსპიტალიზირებულ პაციენტს პირველ ეტაპზე სჭირდება ის ტესტები, რაც ზემოთ არის მითითებული. დამატებით, აუცილებელია ელექტროკარდიოგრამა, რადგან ამგვარ პაციენტებს ხშირად აღენიშნებათ ელექტროლიტური ბალანსის დარღვევები და მკურნალობისას ელექტროკარდიოგრამაზე შესაბამისი ცვლილებების დროულ აღმოჩენას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სიცოცხლისათვის საშიში არითმიების თავიდან ასარიდებლად.“
შეგახსენებთ, რომ დღემდე საქართველოში კოვიდ-19-ის 123470 შემთხვევაა აღრიცხული. ბოლო 24 საათში კორონავირუსი 4780 ადამიანს დაუდასტურდა.