Baby Bag

,,კოვიდის მიმართ იმუნიტეტი გრძელდება მინიმუმ 1 წელი. რეინფექციის მაჩვენებელი არის ძალიან დაბალი''

,,კოვიდის მიმართ იმუნიტეტი გრძელდება მინიმუმ 1 წელი. რეინფექციის მაჩვენებელი არის ძალიან დაბალი''
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი კოვიდის გადატანის შემდეგ ბუნებრივ იმუნიტეტზე საუბრობს. ​MomsEdu.ge გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

,,ხშირად სვამენ კითხვას, რამდენ ხანს გრძელდება ბუნებრივი იმუნიტეტი COVID-19 წინააღმდეგ. პანდემიის დასაწყისში ვვარაუდობდით, რომ სხვა კორონავირუსების მსგავსად, ეს იქნებოდა 2-3 წელი, თუმცა ამის მტკიცებულებას მხოლოდ დრო მოიტანდა. შემდგომში, სხვადასხვა კვლევებით მოწოდებული იყო 6 თვე, შემდეგ 8 თვე.

ახლახან ჟურნალ JAMA-ში დაიბეჭდა სტატია, რომელიც ასკვნის, რომ ბუნებრივი იმუნიტეტი კოვიდის მიმართ გრძელდება მინიმუმ 1 წელი. კვლევა ჩატარდა იტალიის ყველაზე დაზარალებულ რეგიონში, ლომბარდიაში. მასში ჩართეს ადამიანები, რომელთაც კოვიდ PCR ტესტი ჩაუტარდათ 2020 წლის თებერვალ-მარტში, ანუ 1 წელზე მეტი ხნის წინ.

რეინფექციად კვალიფიცირდებოდა ის შემთხვევები, როცა PCR დადებითი ხდებოდა კოვიდის გადატანიდან მინიმუმ 90 დღის შემდეგ (გავიხსენოთ, რომ კოვიდის გადატანის შემდეგ PCR შეიძლება გამოჯანმრთელებიდან 90 დღე რჩებოდეს დადებითი) და შემდეგ დაფიქსირებული იყო 2 უარყოფითი PCR ტესტის შედეგი. ამის შემდეგ თუ PCR ხელახლა ფიქსირდებოდა დადებითი, ეს პირი ითვლებოდა რეინფიცირებულად.

1579 კოვიდ გადატანილს შორის რეინფექცია დაფიქსირდა მხოლოდ 5 შემთხვევაში (0.3%). მათგან მხოლოდ ერთს დაჭირდა ჰოსპიტალიზაცია. პირველად ინფექციასა და რეინფექციას შორის შუალედი იყო საშუალოდ 230 დღე.

რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვისაც კოვიდი არ ქონდა გადატანილი, 3.8% ინფიცირდა კორონავირუსით.

ამ კვლევის მთავარი ნაკლი არის ის, რომ ჯერ ვერ ასახავს, რამდენად ეფექტურია ბუნებრივი იმუნიტეტი მუტაციური შტამების მიმართ.

რომ შევაჯამოთ, კოვიდის მიმართ იმუნიტეტი გრძელდება მინიმუმ 1 წელი. რეინფექციის მაჩვენებელი არის ძალიან დაბალი (0.3%). ამიტომ ბუნებრივ იმუნიტეტს სრულად ნუ დავაიგნორებთ, რაც აშკარად შეინიშნება და ამის მიზეზი ცოტა გაუგებარია. მაგალითად, კოვიდ პასპორტად განიხილება მხოლოდ ვაქცინირებულის სტატუსი და არა ბუნებრივი იმუნიტეტის ქონა, განსხვავებით სხვა ინფექციებისგან, მაგალითად, წითელას და წითურასგან, სადაც საჭიროების შემთხვევაში ხდება ან ვაქცინირებულის სტატუსის, ან ანტისხეულების ტესტის შედეგის წარდგენა. ცხადია, ამაზე იქნება საწინააღმდეგო არგუმენტი, რომ კოვიდის მიმართ ბუნებრივი იმუნიტეტი წითელასგან განსხვავებით არ არის მყარი და მუდმივი, მაგრამ ამ არგუმენტზე მარტივი პასუხი არის ის, რომ არც კოვიდის ვაქცინის მიმართ არის იმუნური პასუხი მუდმივი, განსხვავებით წითელას ვაქცინისგან და რევაქცინაცია აუცილებლად დაგვჭირდება.''

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ჯანმრ​თელობა

შეიძლება დაინტერესდეთ

დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებული შესაძლო კითხვები

დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებული შესაძლო კითხვები

დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებული შესაძლო კითხვები

▶ გადაადგილება

🔴 1. იზღუდება თუ არა საქალაქთაშორისო მიმოსვლა?

დიახ, 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე, ასევე 3 იანვრიდან 31 იანვრამდე, იზღუდება მგზავრთა რეგულარული გადაყვანა სამარშრუტო ტაქსებით, ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით), ასევე რკინიგზით.

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი იმუშავებს 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით.

🔴 2. შესაძლებელია თუ არა კერძო კომპანიამ თანამშრომელთა საქალაქთაშორისო ტრანსპორტირება პერიოდულად განახორციელოს?

დიახ, შესაძლებელია.

🔴 3. შესაძლებელია თუ არა მსუბუქი ავტომობილით გადაადგილება?

დიახ, მსუბუქი ავტომობილით, მათ შორის ტაქსებით გადაადგილება დაშვებულია 05:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე, სპეციალური ნებართვების გარეშე.

🔴 4. შესაძლებელია თუ არა მსუბუქი ავტომობილით საქალაქთაშორისო გადაადგილება?

დიახ, მსუბუქი ავტომობილით ან ტაქსით საქალაქთაშორისო გადაადგილება დასაშვებია სპეციალური ნებართვის გარეშე.

🔴 5. ჩერდება თუ არა მუნიციპალური ტრანსპორტი?

ქ. თბილისის, ქ. ქუთაისის, ქ. ბათუმის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ზუგდიდის, ქ. ფოთის, ქ. თელავის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა სრულად შეჩერებულია 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე, ასევე 3 იანვრიდან 16 იანვრამდე.

🔴 6. იკრძალება თუ არა ტაქსით გადაადგილება დღის საათებში?

ტაქსით გადაადგილება 05:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე დაშვებულია.

🔴 7. ძალაშია თუ არა აკრძალვა ღამის საათებში გადაადგილების შესახებ?

დიახ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა.

გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე - 31 დეკემბრის 21:00-დან, 1 იანვრის 05:00 საათამდე და შობის ღამე - 6 იანვრის 21:00 საათიდან, 7 იანვრის 05:00 საათამდე, რა დროსაც გადაადგილება არ იქნება შეზღუდული.

🔴 8. იზღუდება თუ არა სათხილამურო კურორტებზე (ბაკურიანი, გუდაური, გოდერძი და მესტია) მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება?

დიახ, იზღუდება.

🔴 9. დიდ ქალაქებში დაწესებული შეზღუდვები ვრცელდება თუ არა სოფლებზე და მომიჯნავე დაბა/დასახლებებზე?

მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს გადაადგილების შეზღუდვა 21:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე, ასევე, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა, კვების ობიექტების, ფიტნესკლუბების და აუზების საქმიანობის შეზღუდვა. დიდ ქალაქებში დაწესებული სხვა შეზღუდვები მოქმედებს მხოლოდ აღნიშნული ქალაქების მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში.

დიდ ქალაქებში დაწესებული სხვა შეზღუდვები მოქმედებს მხოლოდ აღნიშნული ქალაქების საზღვრებში.

🔴 10. შესაძლებელია თუ არა 28 ნოემბრამდე მიღებული საშვის საფუძველზე გადაადგილება?

დიახ, 9 ნოემბრიდან გაცემული ნებართვები კვლავ ძალაშია.

🔴 11. აკრძალულია თუ არა 70 წელს გადაცილებულ პირთა გადაადგილება?

აკრძალული არ არის. რეკომენდებულია 70 წელს გადაცილებულმა პირებმა თავი შეიკავონ გადაადგილებისგან.

▶ ეკონომიკური საქმიანობა

🔴12. რა რეგულაციებია რესტორნებსა და კვების ობიექტებთან დაკავშირებით?

რესტორნები და კვების ობიექტები ქვეყნის მასშტაბით მთლიანად გადადიან მიტანის/გატანის სერვისზე. დასაშვებია:

🔹 პროდუქტის გატანა - ე.წ. takeaway
🔹 მიტანის სერვისი - ე.წ. „დელივერი“
🔹 ავტომობილით გატანა - ე.წ. „დრაივი“

🔴13. რომელ სავაჭრო ობიექტებს ეხება შეზღუდვა?

ყველა სავაჭრო ობიექტი ფუნქციონირებს მხოლოდ დისტანციურად - ადგილზე მიტანის/ადგილიდან გატანის სერვისით, მომხმარებლის სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის გარეშე.

ეს შეზღუდვა არ ეხება:

🔹 სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციას;
🔹 ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებას;
🔹 სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციას;
🔹 პრესის ჯიხურებს.

🔴 14. იზღუდება თუ არა სავაჭრო ობიექტების მუშაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით?

არა. იზღუდება მხოლოდ ქ. თბილისის, ქ. თელავის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის და სათხილამურო კურორტების (ბაკურიანი, გუდაური, გოდერძი და მესტია) საზღვრებში.

🔴 15. იხურება თუ არა ბაზრები და ბაზრობები?

ქ. თბილისის, ქ. თელავის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის და სათხილამურო კურორტების (ბაკურიანი, გუდაური, გოდერძი და მესტია) საზღვრებში ყველა ტიპის ღია და დახურული ბაზრები/ბაზრობები გადადიან დისტანციურ რეჟიმზე.

აგრარული ბაზრები/ბაზრობები აგრძელებენ ფუნქციონირებას ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების დაცვით.

🔴 16. ეხება თუ არა აკრძალვა ფიტნესდარბაზებსა და საცურაო აუზებს?

ფიტნესდარბაზებისა და საცურაო აუზების ფუნქციონირება ჩერდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

🔴 17. აგრძელებენ თუ არა ფუნქციონირებას სილამაზის სალონები და ესთეტიკის ცენტრები?

სილამაზის სალონები და ესთეტიკის ცენტრები აგრძელებენ ფუნქციონირებას ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების დაცვით.

🔴 18. დასაშვებია თუ არა საკურიერო მომსახურება, ე.წ „დელივერი სერვისი“?

ე.წ. „დელივერი სერვისი“ დასაშვებია მთელი ქვეყნის მასშტაბით.

🔴 19. არის თუ არა შესაძლებელი საკურიერო მომსახურების განხორციელება 21:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე პერიოდში?

საკურიერო მომსახურების განსახორციელებლად გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი ნებართვის არსებობის შემთხვევაში.

🔴 20. აგრძელებენ თუ არა მუშაობას ბანკები/სავალუტო ჯიხურები/მიკროსაფინანსო ორგანიზაციები?

ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და სავალუტო ჯიხურების ფუნქციონირება არ იზღუდება.

🔴 21. შესაძლებელია თუ არა კვების ობიექტებზე ადგილზე მისვლა და საკვების გატანა?

დაშვებულია კვების ობიექტებიდან პროდუქტის გატანა ე.წ. takeaway. კერძოდ, მომხმარებლის კვების ობიექტის შენობაში შესვლა და პროდუქტის გატანა.

▶ სასწავლო პროცესი

🔴 22. რა სახის რეგულაცია ვრცელდება სკოლებზე, უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებზე?

ქ. თბილისის, ქ. თელავის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის საზღვრებში სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (სამედიცინო პროგრამების გარდა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე.

🔴 23. შესაძლებელია თუ არა ტრენინგების, კონფერენციების, სემინარების ორგანიზება მონაწილეთა ფიზიკური დასწრებით?

მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა სახის კონფერენციის, ტრეინინგის ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით.

🔴 24. დასაშვებია თუ არა კულტურულ/სპორტული ღონისძიებები?

კულტურული და სპორტული ღონისძიებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით. გასართობი ღონისძიებების ჩატარება იზღუდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

🔴 25. ვრცელდება თუ არა აკრძალვები სახელოვნებო და სპორტულ წრეებზე?

დიახ, სახელოვნებო, სპორტული წრეები და სტუდიები აჩერებენ მუშაობას ქვეყნის მასშტაბით.

🔴 26. აგრძელებენ თუ არა მუშაობას საბავშვო ბაღები?

კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

▶ სამთო სათხილამურო კურორტები

🔴 27. იზღუდება თუ არა გადაადგილება სამთო კურორტებზე?

ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძისა და მესტიაში იკრძალება 21:00 სთ -დან 05:00 სთ-მდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა.

🔴 28. დამატებით რა შეზღუდვები წესდება ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძისა და მესტიაში?

აღნიშნულ კურორტებზე სასტუმროები ფუნქციონირებენ მხოლოდ საკარანტინე სივრცეების მოწყობისთვის.
იზღუდება სათხილამურო ტრასების და საბაგიროების ფუნქციონირება. არ ფუნქციონირებენ კვების ობიექტები.

▶ სხვა კითხვები

🔴 29. რა სანქციაა გათვალისწინებული დაწესებული აკრძალვების დარღვევის შემთხვევაში?

დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი/ინდ. მეწარმე დაჯარიმდება 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი - 10 000 ლარით.

🔴 30. როდის შედის ძალაში დაწესებული შეზღუდვები?

შეზღუდვები ამოქმედდება 2020 წლის 28 ნოემბრიდან.
წაიკითხეთ სრულად