არასაჭირო ჰოსპიტალიზაციის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს. MomsEdu.geგთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:
„სანამ ჯერ კიდევ დროა, გავათავისუფლოთ სტაციონარები „წამოწოლილი“ პაციენტებისგან! ზოგიერთები კი მაკრიტიკებენ, პაციენტი არ უნახავს და აზრზე არ არის, ვინ უნდა დააწვინონ და ვინ არაო:), მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, უამრავი ჩემი ამბულატორიული პაციენტი (ახლობლებზე აღარაფერს ვამბობ), ვისთანაც სიტუაცია ზუსტად ვიცი, რომ სტაციონარში მოთავსებას საერთოდ არ საჭიროებდა, სრულიად გაუგებრად მოხვდა საავადმყოფოში ან პაციენტისვე დაჟინებული მოთხოვნით ან ოჯახის ექიმის გადაწყვეტილებით. მათ შორის, არასაჭირო ჰოსპიტალიზაცია უტარდება ბევრ ბავშვს!
ამას შემდეგ მოსდევს სრულიად გაუმართლებელი ჰორმონოთერაპია, (რასაც სტაციონარში მოხვედრილების უმრავლესობას უტარებენ), ანტიკოაგულაცია (ასევე უმრავლესობას უკეთდება) და ანტიბიოტიკოთერაპია. აღარაფერს ვამბობ გაუთავებელ კომპიუტერულ ტომოგრაფიებზე (მნიშვნელოვნად შემცირდა, მაგრამ მაინც პრობლემაა).
თუ ოდესმე გვეღირსება და მხოლოდ ათგვერდიანი პასკვილების მაგივრად, დასაბუთებულ სტატისტიკურ მონაცემებსაც ვნახავთ ჰოსპიტალიზებული პაციენტების მკურნალობის და გამოსავლების შესახებ, ეს ყველაფერი აშკარა გახდება, მაგრამ ახლა ამის გარჩევის დროც არ არის. მთავარია, დროულად გავათავისუფლოთ სტაციონარები (ანუ დროულად გავწეროთ პაციენტები) და ასევე შევწყვიტოთ არასაჭირო ჰოსპიტალიზაციები, თორემ თუ ტემპი ასე გაგრძელდა, მივიღებთ ისევ იგივე სურათს, ისტერიულად რომ იწყებოდა თავისუფალი საწოლების ძებნა კლინიკებში და მართლა მძიმე პაციენტების ჰოსპიტალიზაცია ძალიან ხშირად ყოვნდებოდა.
და კიდევ, რემდესევირი რომ არ მუშაობს, მტკიცებულება კიდევ ერთხელ გამოქვეყნდა და თუ ჩვენთან სხვა მონაცემებია, იქნებ, ესეც გვაჩვენონ. ნუღარ ვაწვალებთ ჰოსპიტალიზებული პაციენტების პატრონებს ამ უსარგებლო წამლის გამოყენების ნებართვის აღებაზე,“ - წერს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი.
ეს შეიძლება მოხრჩობის რისკის შემცველი აღმოჩნდეს - რეკომენდებულია თუ არა მცირე ასაკის ბავშვებისთვის პირბადის გამოყენება?
რეკომენდებულია თუ არა მცირე ასაკის ბავშვებისთვის პირბადის გამოყენება? - აღნიშნულ თემაზე სოციალურ ქსელში ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:
„აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) ბოლო რეკომენდაციის თანახმად, თავშეყრის ადგილებში (განსაკუთრებით, მაღაზიებსა და აფთიაქებში) უნდა გამოიყენებოდეს ნიღბები, თუმცა ეს რეკომენდაცია არ ვრცელდება 2 წლამდე ასაკის ბავშვებზე და იმ ადამიანებზე, რომელთაც სუნთქვის გაძნელება აქვთ. ეს განსაკუთრებით ხაზგასმით არის ნათქვამი ქსოვილისგან დამზადებული პირბადეების შესახებ. ამის მიზეზებია: - ბავშვებს ნიღბით უფრო მეტად უჭირთ სუნთქვა, ვიდრე მოზრდილებს - ბავშვს სუნთქვის გაძნელების შემთხვევაში თავისით არ შეუძლია ნიღბის მოხსნა და ეს შეიძლება მოხრჩობის რისკის შემცველი აღმოჩნდეს - ბავშვები ხშირად ეხებიან ნიღაბს და ამიტომ ნიღბის სწორად გამოყენება მათთან შეუძლებელია.
ამიტომ რამდენიმე ექიმმა სოციალური მედიით გააპროტესტა ამაზონზე განთავსებული, 0-3 წლამდე ასაკის ბავშვთა პირბადეების რეკლამა.
ვრცელდება რამდენიმე პროფილაქტიკური რეკომენდაცია მცირე ასაკის ბავშვებისათვის: - ეტლით გასეირნებისას სასურველია ეტლს გადავაფაროთ (ეს რეკომენდაცია ისედაც არსებობდა ტრანსპორტით დატვირთულ ქუჩებში სეირნობისას გამონაბოლქვის ჩასუნთქვის რისკის შესამცირებლად) - მეძუძურმა დედებმა სასუნთქი გზების დაავადების თუნდაც მცირედ გამოხატული სიმპტომების შემთხვევაში უნდა გამოიყენონ პირბადე ბავშვის კვებისას - გარედან სახლში შემოსვლისას ჯერ მოზრდილმა უნდა დაიბანოს ხელი და შემდეგ დაბანოს ბავშვს.“