არასაჭირო ჰოსპიტალიზაციის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს. MomsEdu.geგთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:
„სანამ ჯერ კიდევ დროა, გავათავისუფლოთ სტაციონარები „წამოწოლილი“ პაციენტებისგან! ზოგიერთები კი მაკრიტიკებენ, პაციენტი არ უნახავს და აზრზე არ არის, ვინ უნდა დააწვინონ და ვინ არაო:), მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, უამრავი ჩემი ამბულატორიული პაციენტი (ახლობლებზე აღარაფერს ვამბობ), ვისთანაც სიტუაცია ზუსტად ვიცი, რომ სტაციონარში მოთავსებას საერთოდ არ საჭიროებდა, სრულიად გაუგებრად მოხვდა საავადმყოფოში ან პაციენტისვე დაჟინებული მოთხოვნით ან ოჯახის ექიმის გადაწყვეტილებით. მათ შორის, არასაჭირო ჰოსპიტალიზაცია უტარდება ბევრ ბავშვს!
ამას შემდეგ მოსდევს სრულიად გაუმართლებელი ჰორმონოთერაპია, (რასაც სტაციონარში მოხვედრილების უმრავლესობას უტარებენ), ანტიკოაგულაცია (ასევე უმრავლესობას უკეთდება) და ანტიბიოტიკოთერაპია. აღარაფერს ვამბობ გაუთავებელ კომპიუტერულ ტომოგრაფიებზე (მნიშვნელოვნად შემცირდა, მაგრამ მაინც პრობლემაა).
თუ ოდესმე გვეღირსება და მხოლოდ ათგვერდიანი პასკვილების მაგივრად, დასაბუთებულ სტატისტიკურ მონაცემებსაც ვნახავთ ჰოსპიტალიზებული პაციენტების მკურნალობის და გამოსავლების შესახებ, ეს ყველაფერი აშკარა გახდება, მაგრამ ახლა ამის გარჩევის დროც არ არის. მთავარია, დროულად გავათავისუფლოთ სტაციონარები (ანუ დროულად გავწეროთ პაციენტები) და ასევე შევწყვიტოთ არასაჭირო ჰოსპიტალიზაციები, თორემ თუ ტემპი ასე გაგრძელდა, მივიღებთ ისევ იგივე სურათს, ისტერიულად რომ იწყებოდა თავისუფალი საწოლების ძებნა კლინიკებში და მართლა მძიმე პაციენტების ჰოსპიტალიზაცია ძალიან ხშირად ყოვნდებოდა.
და კიდევ, რემდესევირი რომ არ მუშაობს, მტკიცებულება კიდევ ერთხელ გამოქვეყნდა და თუ ჩვენთან სხვა მონაცემებია, იქნებ, ესეც გვაჩვენონ. ნუღარ ვაწვალებთ ჰოსპიტალიზებული პაციენტების პატრონებს ამ უსარგებლო წამლის გამოყენების ნებართვის აღებაზე,“ - წერს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი.
,,სად გაგონილა, რომელ ეთიკაში წერია, გამოხვიდე და ადამიანს, რომელსაც დედა უკვდება, თავზე წამოაძახო შენი დაუდევრობის ბრალიაო, შენგან გადაედოო''
,,მამაჩემი მოქმედი ექიმია.
მთელი ცხოვრება ჩემი თვალით ვუყურებ რას ნიშნავს პროფესიონალიზმი და პაციენტისთვის თავდადება. ჩემი ღრმა პატივისცემა თითოეულ იმ ექიმს, ექთანს, საავადმყოფოს თანამშრომელს, ვინც ახლა იბრძვის, მაგრამ...
სად გაგონილა, რომელ ეთიკაში წერია, გამოხვიდე და ადამიანს, რომელსაც დედა უკვდება, თავზე წამოაძახო შენი დაუდევრობის ბრალიაო, შენგან გადაედოო.
განა თვითონ ვერ აცნობიერებს ამას? განა დამატებით სჭირდება იმის თქმა, რომ დედა სიკვდილს მის გამო ებრძვის?
საკუთარ თავს რამე რომ დამართოს, სად მივდივართ მერე?
რთული დრო გვიდგას. საკუთარ სიტყვებს უნდა დაუკვირდეს ის, ვის სიტყვებსაც ახლა იმედით და გულის კანკალით ვუსმენთ.'' - ასე გამოეხმაურა მწერალი დათო გორგილაძე ლევან რატიანის ნათქვამს.