აცრილები და აუცრელები - არის თუ არა ჩემი სხეული ჩემი? - ასეთი სათაურით პოსტს სოციალურ ქსელში ექიმი ზურაბ გურული აქვეყნებს. მის ნათქვემს MomsEdu.ge სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ:
,,დარწმუნებული ვარ, არავის წაუკითხავს ამერიკაში მანქანის უსაფრთხოების ღვედების განვითარების ისტორია. დღეს, მთელ ცივილიზებულ მსოფლიოში ელემენტარულ კულტურად ითვლება მანქანაში ჩაჯდომისთანავე ღვედის გადაკვრა და რაოდენ საკვირველადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ამერიკელებმა ზუსტად ისეთივე გააფთრებით იბრძოლეს ამ კანონის წინააღმდეგ, როგორც ქართველებმა ვარდების რევოლუციის ეპოქაში.
და მაინც, რატომ უნდა გავიკეთო ღვედი? სიცოცხლე ჩემია და როგორც მინდა ისე მოვექცევი, ხომ ასეა? ვინმეს ვკლავ ან ვაზიანებ ღვედის არგაკეთებით საკუთარი თავის გარდა? რატომ არის ეს უკულტურობა, კანონის დარღვევა და რატომ უნდა დავჯარიმდე?
რატომ გახადა ვაქცინაცია ამერიკამ სავალდებულო და რატომ ცდილობს სახელმწიფო, რომ მაქსიმალურად ბევრი ადამიანი აცრას?
პასუხი ძალიან მარტივია. აუცრელი ადამიანები ტვირთავენ ჯანდაცვის სისტემას, იწვევენ კოლოსალურ დანახარჯებს და პრაქტიკულად მიაქვთ იმ ადამიანების ადგილი კლინიკებში, რომლებმაც აიცრეს და სხვა მიზეზების გამო სჭირდებათ დახმარება.
ასე რომ, აუცრელი მარტო საკუთარ თავს არ ვნებს. აუცრელი ვნებს სოციუმს. შესაბამისად, სოციუმსაც სრული უფლება აქვს გარიყოს ისინი, ვინც შეგნებულად უარს ამბობს კოლექტიურ უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილის შეტანაზე. ეს არის სულ.
ვაქცინა ექსპერიმენტულია და არ გავიკეთებ. შეგიძლია არ გაიკეთო, მაგრამ იმ ადამიანებს, რომლებმაც გარისკეს კოლექტიური უსაფრთხოებისათვის და გაიკეთეს ეს ვაქცინა, ეკუთვნით რომ პრივილეგირებულები იყვნენ სოციუმში აუცრელებთან შედარებით. მარტივი სამართლიანობაა.
გასული საუკუნის 80-იან წლებში ამერიკა სავსე იყო ტიპებით, რომლებიც ღვედების კანონის შემოღებისათვის ამერიკას საბჭოთა კავშირს უწოდებდნენ; გუბერნატორებს რომლებმაც სავალდებულო გახადეს მანქანაში ღვედის გაკეთება, ჰიტლერს ადარებდნენ და გულამოსკვნილები ქადაგებდნენ ადამიანის ბაზისური უფლებების დარღვევაზე.
ასე რომ, ეს ყველაფერი არახალია, ძველია. გადახედეთ ისტორიას, ცოტა იფიქრეთ, პარალელები გაატარეთ და მიხვდებით ...'' - აღნიშნავს ზურაბ გურული.
პედიატრი, მედიცინის დოქტორი თემურ მიქელაძე კორონავირუსის პანდემიის დროს მშობლებს რეკომენდაციებს აძლევს. მის რჩევებს ის კლინიკა „მზიური მედი“ ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს:
1. დაიცავით სოციალური დისტანცირება და გამოიჩინეთ პასუხისმგებლობა! 2. საქართველოში დღევანდელი ეპიდემიური სიტუაციის გათვალისწინებით, ბავშვები ეზოში, რეკრეაციულ და ღია სივრცეებში ჩაიყვანეთ 15-წუთიანი ხანგრძლივობით 2-3-ჯერ დღის განმავლობაში! 3. ეზოში არ დატოვოთ მარტო, მოზრდილის მეთვალყურეობის გარეშე! 4. ხშირად დაიბანეთ ხელები გამდინარე წყლით, ასეთის არარსებობის შემთხვევაში, გამოიყენეთ სადეზინფექციო საშუალებები! 5. არ წაიყვანოთ ბავშვები და არც თქვენ წახვიდეთ ახლობლების, მეგობრებისა და ნათესავების მოსანახულებლად, ეკონტაქტეთ ელექტრონული საშუალებებით! 6. მოარიდეთ ბავშვები 5-10-კაციან თავშეყრის ადგილებსაც კი!!! 7. არ წაიყვანოთ მარკეტებში. სასურველია პროდუქტის შესაძენად იაროს ოჯახის ერთიდაიმავე წევრმა. არ მოიმარაგოთ მალფუჭებადი პროდუქტები! 8. დაიცავით პირადი ჰიგიენის ნორმები! 9. ბავშები ქალაქგარეთ გაიყვანეთ, სოფლებში, იზოლირებულ აგარაკებზე (თავი შეიკავეთ კურორტებისგან). 10. არ შეხვდეთ მეზობლებსა და ნათესავებს!
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)