Baby Bag

უბრალოდ დავიღალე. დავიჯერო მარტო მე მინდა რომ ეს ჯოჯოხეთი დამთავრდეს?

უბრალოდ დავიღალე. დავიჯერო მარტო მე მინდა რომ ეს ჯოჯოხეთი დამთავრდეს?

ექიმი დათო კობერიძე საქართველოში არსებულ ეპიდვითარებას აღწერს:

,,შემოდის პაციენტი ცხელებით და რესპირატორული ჩივილებით, რა თქმა უნდა დიდი ალბათობით კოვიდი აქვს და ეს თვითონაც კარგად იცის გულის სიღრმეში მაგრამ არ უნდა დაიჯეროს, იმედს ებღაუჭება, "ოფლიანმა დავიძინე", "გავცივდი ალბათ", "დაბანილი გავედი გარეთ", "კონდენციონერის ბრალი იქნება", ყველაფერს აბრალებს ოღონდ კოვიდი არ იყოს, ოღონდ კოვიდი არ იყოს... 

უკეთებ ტესტს და ავად სახსენებელი მეორე ხაზი წითლდება, და ეუბნები ფრაზას რომლის გაგონებაც ყველაეზე ნაკლებად უნდა: "-ბებო/ბაბუ/ბატონო/ქალბატონო/უფროსო... დაგიდასტურდათ პირველი რეაქცია ყველას თითქოს განსხვავებული მაგრამ საბოლოო ჯამში ერთნაირი აქვს: "-უეჭველი დადებითია?", "პისიარი ხო არ გავიკეთოთ?" "-ღმერთო დავიღუპე" "-ვიცოდი..."... 

მერე იწყება პანიკა და ქრონიკული დაავადებების გახსენება და იმის გააზრება რომ რისკ ჯგუფშია, მერე ახსენდებათ ახლობლები რომლებთანაც კონტაქტი ჰქონდათ, რომელზე ინერვოულონ აღარ იციან. იწყება რეკვა მთელს სანათესაოსთან და იმის "მიხარება" რომ დაუდასტურდა. უზომავ სატურაციას და სახეზე გატყობენ რომ რაღაც ვერ არის კარგად. -  როგორია? გეკითხება. ცოოტა დაბალია, ნორმის ქვედა ზღვარზე მაგრამ არ ინერვოულოთ, დაბალი წნევით კანულით მოგაწვდით ჟანგბადს და ყველაფერი კარგად იქნება. 

-ხომ არ მოვკვდები? - არა (პასუხობ შენც, მიხედავად იმისა რომ უკვე ათასჯერ გაქვს ეს სცენარი ნანახი, იმედს მაინც არ უკლავ), რამოდენიმე დღის მერე ისევ ხვდები ამ პაციენტს და ხედავ რომ უკცე.ნიღბით მიეწოდება ჟანგბადი და უფრო უჭირს სუნთქვა, რამოდენიმე დღეში ხედავ რო მუცელზე წევს და ძლივსღა იჭერს სატურაციას, გადაგყავს არაინვაზიურ მართვით სუნთქვაზე ე.წ. CPAP-ზე (რაც საშინელებაა, ნიღაბი ჰერმეტულად მჭირდოდ გეკვრის სახეზე და მაღალი წნევით გამუდმებით გაწვდის ჟანგბადს), ნატრულობ რომ რეანიმაციაში ადგილი განთავისუფლდეს (რაც ძირითადში ვიღაცის გარდაცვალების შედეგად ხდება), 

წარმოიდგინეთ რა საშინელი გრძნობაა ექიმი რომ ფიქრობ იქნებ ვინმე ტერმინალური (უიმედო პაციენტი რომელსაც შანსი საერთოდ არ აქვს დარჩენილი) პაციენტი "გაეწეროს", რომ ეს ადამიანი რომელსაც ჯერ ისევ აქვს შანსი რეანიმაციაში დააწვინო. პერიოდულად შედიხარ რეანიმაციაში და ხედავ ამ შენთვის ნაცნობი პაციენტის შეშინებულ, მშიერ, მწყურვალ და სიცოცხლე ჩამქრალ თვალებს, ხედავ რომ ყოველდღე უყურებს როგორ მძიმდებიან მისივე სიმძიმის პაცოენტები, როგორ გადადიან მართვით სუნთქვაზე, როგორ აჩერებენ გულს, როგორ იბრძვიან ექიმები გულის აღსადგენად, და როგორც წესი წარუმატებლად,ლ და როგორ გაჰყავთ შავ ბრეზენტის ჩანთაში შეფუთული, ადგილი კი გაციებასაც ვერ ასწრებს ისე მალე შემოდის ახალი მძიმე პაცოენტი. ამ ყველაფერს უყურებენ, თავიანთ მომავალს ხედავენ და აცნობიერებენ რომ ეს დასასრულია, და დგება მომენტი როცა მათაც იმდენად უჭირთ სუნთქვა რომ აპარატზე გადადიან და სამუდამოდ ხუჭავენ თვალებს, იმიტომ რომ ამ ნაკადზე აპარატიდან კოვიდ პაციენტი არ მოხსნილა (მაქსიმუმ 1-2 ალბათ, ისიც მეეჭვება, არ გამიგია ყოველ შემთხვევაში)....

თქვენ რავიცი... თუ გინდათ არ აიცრათ, არ დაიცვათ რეგულაციები, უბრალოდ მინდა იცოდეთ რისთვის წირავთ თქვენთვის საყვარელ ადამიანებს და როგორ ჯოჯოხეთად უქცევთ სიცოცხლის ბოლო დღეებს.

ეს არის ჩემი და ჩემი კოლეგების ყოველდღიური რუტინა, ამას ვუყურებთ 24/7-ზე, ამათ ტკივილს და ამათ თვალებს ვუყურებთ, და ხელში გვაკვდებიან პაციენტები რომლებსაც ვპირდებოდით რომ ყველაფერი კარგად იქნება.

უბრალოდ დავიღალე. დავიჯერო მარტო მე მინდა რომ ეს ჯოჯოხეთი დამთავრდეს???''

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ყველაფერი ჯანმრთ​ელობაზე

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ეს საშუალება იყო გამოყენებული თქვენი მკურნალობისთვის, 90 დღის განმავლობაში არ არის მიზანშეწონილი ვაქცინაცია,“ - მარი მალაზონია

„თუ ეს საშუალება იყო გამოყენებული თქვენი მკურნალობისთვის, 90 დღის განმავლობაში არ არის მიზანშეწონილი ვაქცინაცია,“ - მარი მალაზონია

ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ საზოგადოებას ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები გააცნო. აღნიშნული რეკომენდაციების თანახმად, განსაზღვრულია სპეციალური ჯგუფები, რომელთაც კონკრეტული დროის შუალედში ვაქცინაციის ჩატარებისგან თავი უნდა შეიკავონ:

„საგანგებოდ არის გამოყოფილი შემდეგი რეკომენდაცია, თუ როდის არ უნდა აიცრან პირები. მითითებულია, რომ თუ პირველი აცრის მერე იყო ანაფილაქსიური რეაქციის შემთხვევა, ეს ადამიანი თავისი ნებით არ მიდის მეორედ ასაცრელად. აუცილებლად მხოლოდ ექიმთან შეთანხმებით და ექიმის გადაწყვეტილებით, ​ყველა პარამეტრის შეფასების შემდეგ ხდება აცრა.“

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით, კარანტინში მყოფი პირებისთვის აცრა არ შეიძლება:

„ეს ინფორმაცია, რომელსაც ახლა მე თქვენ გეტყვით, ეხება ყველას. თუ პირი იმყოფება კარანტინში, ამ პირის აცრა არ შეიძლება. კარანტინში იმყოფებით, არ დაგიდასტურდათ ვირუსი და შეიძლება თუ არა აიცრათ? ვიდრე არ დადასტურდება ნამდვილად, რომ არ გაქვთ ვირუსი, ვიდრე არ გაივლით კარანტინის ვადას, ნუ დარეგისტრირდებით. აუცილებლად დაელოდეთ ამ მომენტს. ის პირები, რომლებსაც ჰქონდათ საეჭვო კონტაქტი და ჯერ არ აქვთ დადასტურებული დაავადება, ამ პირების აცრაც არ არის მიზანშეწონილი.“

„რაც ყველაზე საინტერესო და ახალია, არის ის, რომ თუ პირი მკურნალობდა სტაციონარში კოვიდ-19-ის გამო, იტარებდა მკურნალობას და გამოყენებული იყო მკურნალობის პერიოდში ტოცილიზუმაბი, ამ პირებისთვის 90 დღის განმავლობაში არ არის მიზანშეწონილი ვაქცინაცია. ​ეს საკითხი აუცილებლად უნდა იყოს ექიმთან ერთად განხილული. თუ თქვენ იცით, რომ გამოჯანმრთელებული ადამიანის პლაზმა გადაგისხეს, თუ ეს საშუალება იყო გამოყენებული თქვენი მკურნალობისთვის, აქაც 90 დღიანი ვადაა განსაზღვრული,“ - აღნიშნულ საკითხზე მარი მალაზონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად