ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია სინოფარმით აცრილებსა და კოვიდგადატანილებისთვის მიღებულ ახალ გადაწყვეტილებაზე საუბრობს. მისი თქმით, ნებისმიერი ვაქცინით შეიძლება ბუსტერ დოზის გაკეთება, გარდა ასტრაზენეკას ვაქცინისა:
,,სინოფარმით აცრილებს შეუძლიათ მესამე დოზა იგივე ვაქცინა გაიკეთონ, თუმცა მათ ასევე აქვთ საშუალება გაიკეთონ ფაიზერის ვაქცინა. რაც შეეხება კოვიდგადატანილ ადამიანს, თუ ისედაც ვაქცინირებული იყო, მისი იმუნიტეტი მყარი უნდა იყოს და ისინი იმ პირველ ჯგუფში არ შედიან, რომლებსაც ბუსტერ დოზა სჭრიდებათ. თუმცა 6 თვის გასვლის შემდეგ, მიზანშეწონილი იქნება, რადგან ჯერჯერობით მყარი დასაბუთება, რომ ანტისხეულები დიდხანს ნარჩუნდება, არ გვაქვს, '' - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
რაც შეეხება სინოვაკის და სინოფარმის ეფექტურობას, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ორივე ვაქცინა ეფექტურია, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ, ანტისხეულების ტიტრი იკლებს, ეს დაახლოებით 6 თვეში ხდება.
„გაცნობებთ, რომ საქართველომდეც არის ჩამოღწეული ეს ახალი ვარიანტი,“ - გიორგი ფხაკაძე
პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც კოვიდ-19-ის ახალი ვარიანტის შესახებ საუბრობს. მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„გაიცანით ახალი კოვიდ ვირუსის ვარიანტი “AY.4.2” - ჯერ სახელი არ აქვს. ზოგი ექსპერტი „დელტა +" -ს ეძახის, მაგრამ ის K417N-ია. შესაბამისად ზოგი ექსპერტი „დელტა ++"-ს ეძახის. რაც გინდათ ის დაუძახეთ. ფაქტია, რომ ვერაგია. მე უფრო მომწონს “დელტას შვილიშვილი.“ ისე დელტა ვარიანტის “ოჯახიდან” არის.
პირველად “შეამჩნიეს” ივლისში, მაგრამ უკვე გავრცელდა მთელს მსოფლიოში, ყველა კონტინენტზე და 33 ქვეყანაში. უკვე “ამოიცნეს” ლაბორატორიებში: ავსტრალიაში, ინდოეთში, სამხრეთ კორეაში, ამერიკაში, ევროპაში. ბრიტანეთში კი 6% უკვე ამ ახალი ვარიანტით არის ინფიცირებული. ფხაკაძე გაცნობებთ, რომ საქართველომდეც არის ჩამოღწეული ეს ახალი ვარიანტი. ოფიციალურად ჯერ ვერ/არ დაადგინეს. ისე ყველა ვარიენტის და ტალღების გამოცხადება მე მიწევს და “ოფიციალურად” 1-2 კვირის მერე აღიარებენ ხოლმე. ამას მე მგონი ყველა შეეჩვია.
ეს ვარიანტი არის “დელტა ვარიანტის” (B.1.617.2) 10-15%-ით კიდევ უფრო გადამდები ვარიანტი და ახასიათებს ფილტვების უფრო დაზიანება.
შეგახსენებთ “დელტა,” ანუ ინდური ვარიანტი 50% -ით უფრო გადამდები იყო ვიდრე “ალფა,” ანუ ბრიტანული ვარიანტი.
კარგი ამბავი არის ის, რომ საქართველოში არსებული ვაქცინებიდან “ფაიზერი” არის ეფექტური როგორც დელტა, ასევე დელტა+ შტამების შემთხვევებში. სამედიცინო პირბადე არის ასევე საკმაოდ ეფექტური. ფიზიკური დისტანცია (საუკეთესოა ორმეტრიანი) ასევე აჩვენებს კარგ შედეგებს.