ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია სინოფარმით აცრილებსა და კოვიდგადატანილებისთვის მიღებულ ახალ გადაწყვეტილებაზე საუბრობს. მისი თქმით, ნებისმიერი ვაქცინით შეიძლება ბუსტერ დოზის გაკეთება, გარდა ასტრაზენეკას ვაქცინისა:
,,სინოფარმით აცრილებს შეუძლიათ მესამე დოზა იგივე ვაქცინა გაიკეთონ, თუმცა მათ ასევე აქვთ საშუალება გაიკეთონ ფაიზერის ვაქცინა. რაც შეეხება კოვიდგადატანილ ადამიანს, თუ ისედაც ვაქცინირებული იყო, მისი იმუნიტეტი მყარი უნდა იყოს და ისინი იმ პირველ ჯგუფში არ შედიან, რომლებსაც ბუსტერ დოზა სჭრიდებათ. თუმცა 6 თვის გასვლის შემდეგ, მიზანშეწონილი იქნება, რადგან ჯერჯერობით მყარი დასაბუთება, რომ ანტისხეულები დიდხანს ნარჩუნდება, არ გვაქვს, '' - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
რაც შეეხება სინოვაკის და სინოფარმის ეფექტურობას, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ორივე ვაქცინა ეფექტურია, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ, ანტისხეულების ტიტრი იკლებს, ეს დაახლოებით 6 თვეში ხდება.
ვის გაუკეთდება ,,ბუსტერ'' დოზა? - გადაწყვეტილება მიღებულია
ვაქცინის მესამე დოზით აცრა 50 წლის ზემოთ ადამიანებს და მაღალი რისკის პროფესიების მქონე პირებს შეეძლებათ - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
„საბჭომ მხარი დაუჭირა ბუსტერ დოზის გამოყენებას მეორე აცრიდან ექვსი თვის შემდეგ 50 წლის ზემოთ პირებში. ასევე ნებისმიერი ასაკის პირებში, რომლებსაც აქვთ რაიმე ქრონიკული დაავადება, ასევე მაღალი რისკის პროფესიებში, როგორიც არის სამედიცინო პერსონალი, დახურული ტიპის დაწესებულებაში მცხოვრები პირები და იქ დასაქმებული თანამშრომლები“, - დასძინა თამარ გაბუნიამ.